ახალი ამბები

ეკა ბესელიამ ელისაშვილისა და ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

8 იანვარი, 2016 • 2495
ეკა ბესელიამ ელისაშვილისა და ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

პარლამენტის ადმიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და საპროკურორო საბჭოს წევრმა, ეკა ბესელიამ ალეკო ელისაშვილისა და ელისო კილაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

“ბატონი ალექსანდრე ელისაშვილის და ქალბატონი ელისო კილაძის მხრიდან ვრცელდებოდა ცილისმწამებლური განცხადებები ეკა ბესელიასთან დაკავშირებით, მასზედ, რომ თითქოს ქალბატონი ეკა გახლავთ ნარკორეალიზატორების მფარველი, კორუმპირებული, რომელიც პატიმრების ციხიდან გაშვების სანაცვლოდ პოლიტიკოსობის პირობებში იღებს ფულს. ჩვენ იძულებული გავხდით, ამ ყოველივეს აღსაკვეთად მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ ქალბატონი ეკა ბესელიას შელახული პატივისა და ღირსების სასამართლო წესით დაცვა,” – განაცხადა ეკა ბესელიას ადვოკატმა, გიგა კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ეკა ბესელიამ კი აღნიშნა, რომ ელისაშვილი სისხლის სამართლის დანაშაულის მონაწილეა.

“მე ამით არ დავკმაყოფილდები და არ ვაპირებ ამით ამოვწურო.  რა თქმა უნდა, პროკურატურის დასკვნას დაველოდები და შემდეგ შესაბამის სამართლებრივ პროცესს გავაგრძელებ. ეს სცილდება სამოქალაქო დავას და მე მიმაჩნია, რომ აქ ჩვენ ადგილი გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, რომელშიც მონაწილე პირები არის როგორც ელისაშვილი, ასევე შეიძლება სხვა პირთა ჯგუფი და შეიძლება გაცილებით დიდი ჯგუფი იყოს,”– აცხადებს ბესელია.

ალეკო ელისაშვილიმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი თქმით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებულები.

გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე კი საუბრობდა იმის შესახებ, რომ სწორედ ბესელია და კობახიძე იყვნენ ის პირები, ვინც ელისაშვილისგან კატეგორიულად მოითხოვდნენ კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულთა გათავისუფლებას.

22 დეკემბერს ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც მისგან “კოკაინის საქმის” ფიგურანტების შეწყალებას ითხოვდნენ, სწორედ ეკა ბესელია და მანანა კობახიძე იყვნენ.

დღეს ქართულმა გაზეთმა გაავრცელა ფეისბუკის მიმოწერის “სქრინშუთები“, სადაც საუბარია, რომ “კოკაინის საქმეზე” ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილმა, ლაშა ორბელაძემ ბესელიასა და კობახიძეს თანხა მართლაც გადაუხად, თუმცა მოგვიანებით “კურიერთან” განაცხადა, რომ ეს მომოწერა მას არ ეკუთვნის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი