ახალი ამბები

კვირიკაშვილი: რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობა უბედურებაა

28 დეკემბერი, 2015 • 1875
კვირიკაშვილი: რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობა უბედურებაა

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში დეპუტატ კობა სუბელიანთან კამათისას განაცხადა, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობა უნედურებაა.

საპარლამენტო უმცირესობასა და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ  გიორგი კვირიკაშვილს შორის კითხვა–პასუხი რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობის საკითხამდე კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ამ კითხვას კი შელაპარაკება მოჰყვა.

კობა სუბელიანმა გიორგი კვირიკაშვილს უთხრა, რომ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ნაციონალურ მოძრაობას კულტურის მინისტრის მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა დააბრალა.

“მთელი დღე აქ დგახართ და იცინით და ლაპარაკობთ, რა არის აქ სახუმარო? 3 წელი გავიდა, ბავშვის სიკვდილი დაგვაბრალეთ. რომელიმეს გგონიათ, რომ გამოძვრებით აქედან?”– მიმართა კვირიკაშვილს სუბელიანმა.

“ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა რომ გაუხსნელია, ეს არის უბედურება, გიდასტურებთ. უბედურებაა, რომ გამოუძიებელია. მეტი რა გითხრა, ვერ გავიგე? რაფალიანცზე ვიხუმრე? რატომ იტყუები, ამხელა კაცი ხარ. ხუმრობა არის ის, რომ ბოლშევიზმს შეადარეთ ჩემი განცხადებები. სირცხვილია და სპეკულაცია, რასაც აკეთებ ახლა. ნუ დამაბრალებთ, რომ რაფალიანცზე ვიხუმრე, ვიხუმრე ბოლშევიზმზე და ბოლშევიზმზე მართლა სახუმარო არის. “– განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამ შელაპარაკებამდე უმცირესობის წარმომადგენელმა პეტრე ცისკარიშვილმა კვირიკაშვილს განუცხადა, რომ ბოლშევიკური მიდგომა აქვს:

“ჟვანიას საქმე ახსენეთ. თქვენ ამბობთ, რომ უმრავლესობას ასე სჯერა და აქედან გამომდინარე ჩვენც იძულებული ვართ ამას ავუწყოთ ფეხი?  ეს ბოლშევიკური განცხადება გააკეთეთ თქვენ, ბატონო გიორგი? თქვენგან ძალიან მიკვირს იმიტომ, რომ თქვენ ამ განცხადებით ადასტურებთ იმას, რომ სიმართლის დადგენა კი არ გინდათ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, არამედ რასაც თქვენი მხარდამჭერები ფიქრობენ და კაბინეტებში გეუბნებიან, იქიდან გამომდინარე ცდილობთ რაღაც დასკვნა დადოთ,”– განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

კვირიკაშვილმა  საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ რეპლიკას ხუმრობად მიიღებდა.

“ბატონო პეტრე, ჩვენი დიდი ხნის ნაცნობობიდან გამომდინარე, მე თქვენს რეპლიკას ბოლშევიკური მიდგომის თაობაზე ხუმრობად და მეგობრულად მივიღებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ, არ მგონია, ჩვენი მთავრობა ასეთ რეპლიკებს იმსახურებდეს,”–განაცხადა კვირიკაშვილმა

მოგვიანებით გივი თარგამაძემ კვირიკაშილს უთხრა, რომ რეფალიანცის საქმეს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ჭაია იძიებდა.  მისივე თქმით, ჭაია უკვე 1 თვეა აცხადებს, რომ თუ მას 60–70 დღეს მისცემენ, ამ საქმეს გახსნის. კვირიკაშილმა მას უპასუხა, რომ ზაზა ჭაიასთან შეხვედრით დაინტერესებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი