საზოგადოება

კობახიძის თქმით, მისი ცოლი თანამდებობას დატოვებს

6 თებერვალი, 2024 • 3399
კობახიძის თქმით, მისი ცოლი თანამდებობას დატოვებს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი ცოლი, ნატალია მოწონელიძე საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის პოსტს დატოვებს.

“არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონმდებლობაც ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, თუმცა, რომც არ ითვალისწინებდეს, რა თქმა უნდა, გამოირიცხებოდა ყველანაირად ფორმალურად თუ არაფორმალურად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო, რომელსაც ირაკლი კობახიძის ცოლი ხელმძღვანელობს, ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრთან. შესაბამისად, კობახიძის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, თუ მისი ცოლი დაკავებულ თანამდებობაზე დარჩება, ინტერესთა კონფლიქტი იქმნება.

მოწონელიძე ზემოხსენებულ თანამდებობაზე 2019 წლიდან მუშაობს. 2022 წელს მოწონელიძემ ხელფასის სახით 79 596 ლარი მიიღო, უფრო მეტი, ვიდრე კობახიძემ პარლამენტში საქმიანობით (63 580 ლარი).

მასალების გადაბეჭდვის წესი