ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

6 თებერვალი, 2024 • 1268
სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მომავალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეახსენა გავრილოვის პარლამენტში შემოშვება, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება და ანტიდასავლური რიტორიკა. პრეზიდენტმა კობახიძეს ჰკითხა, ამ ყველაფრის ფონზე, როგორ აპირებს საზოგადოების დაკვეთის შესრულებას ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ.

“მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ და არ შევაფასებ ახალ თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოსვლა, მეორის წასვლა და მესამის წახალისება, მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც პასუხის მიღება მათი უფლებაა. ასეთი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ დემოკრატიის მთავარი პრინციპია. მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?

წარმოადგენთ თუ არა გეგმას, სადაც მკაფიოდ და ვადებში გაწერილი იქნება, როგორც შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა, სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას; სადაც უზრუნველყოფთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და იმას, თუ როგორ დავუახლოვდეთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას?!”, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი კობახიძეს.

დღეს, 6 თებერვალს, პარლამენტი პრეზიდენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი