ახალი ამბები

გამარჯვების კოალიციამ შესთავაზა სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა – ბეჟაშვილი

6 თებერვალი, 2024 • 640
გამარჯვების კოალიციამ შესთავაზა სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა – ბეჟაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ “გამარჯვების კოალიციამ” ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა შესთავაზა. მისივე თქმით, სააკაშვილი მზადაა, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თუმცა, რა ფორმით ჩაერთვება ის პოლიტიკაში, “პროცესი წარმოაჩენს”.

“გამარჯვების კოალიციამ შესთავაზა მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა. ბუნებრივია, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდეს პოლიტიკური კონსულტაციები და ის თავად ჩამოყალიბდეს, რა ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და რა ფორმით ჩაუდგება ამ პროცესებს სათავეში. ეს პროცესები გაგრძელდება, ბუნებრივია. არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები გვექნება სხვადასხვა პარტიებთან, მათ შორის, სამოქალაქო საზგადოების წარმომადგენლებთან, ახალ სახეებთან პოლიტიკაში, რომლებსაც მოვიზიდავთ. ბუნებრივია, ეს პროცესი წარმოაჩენს და გვაჩვენებს, მიხეილ სააკაშვილს რა როლი, რა ფუნქცია ექნება ამ პროცესში.

მთავარია, რომ არსებობს გადაწყვეტილება, უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში, აიღოს პასუხისმგებლობა, მიუხედავად მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა, და პრაქტიკულად ჩაუდგეს ქვეყნის განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში”, – განაცხადა ბეჟაშვილმა TV პირველის ეთერში.


პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის მაისში გადაიყვანეს და მას შემდეგ ამ კლინიკაში იმყოფება.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი