ახალი ამბები

ლიბერთი ბანკზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულები დააკავეს

19 დეკემბერი, 2015 • 1618
ლიბერთი ბანკზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულები დააკავეს

შსს-ს ცნობით, 16 დეკემბერს ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ორი პირი დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული ზაზა ს. და 1974 წელს დაბადებული გელა ტ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებულმა და ნიღბიანმა დამნაშავეებმა ბანკის ოპერატორებს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით სალაროდან 50 000 ლარამდე გასტაცეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ორი პირი შემთხვევიდან ორ დღეში დააკავეს, ხოლო მესამე პირის დასაკავებლად ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ბანკის სალაროდან გატაცებული თანხის ნაწილი, ხოლო გელა ტ-ს საცხოვრებელი სახლიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიდმინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი