ახალი ამბები

EMC: 2015 წელს ინსტიტუციური რეფორმები ზედაპირულად და ფრაგმენტულად ხორციელდებოდა

10 დეკემბერი, 2015 • 1960
EMC: 2015 წელს ინსტიტუციური რეფორმები ზედაპირულად და ფრაგმენტულად ხორციელდებოდა

EMC პუბლიკაციაში, სადაც 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით განვითარებულ მნიშვნელოვან პროცესების მიმოიხილავს, აცხადებს, რომ განსაკუთრებულ გამოწვევას სახელმწიფოს მხრიდან თანასწორობისა და ანტისისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელების არაეფექტურობა, ასევე ინსტიტუციური რეფორმების ზედაპირულობა წარმოადგენს.

EMC –ის მიმოხილვაში საუბარია მართლმსაჯულებასა და სამართალდამცავ სისტემებზე, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკსა და სოციალური პოლიტიკაზე.

მართლმსაჯულება და სამართალდამცავი სისტემები

EMC აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის მიუხედავად, გამოწვევად რჩება პოლიციისა და პროკურატურის ორგანოების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და ფუნქციური ავტონომიურობის საკითხი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ განხორციელებულმა რეფორმამ არ მოიცვა არაერთი ძირეული პრობლემა, რაც ამ სისტემებში არსებობს, მათ შორის, უწყებების დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება, საგამოძიებო სისტემის რეფორმა და სხვა. გარდა ამისა, მათივე განცხადებით, ახლადშექმნილ უსაფრთხოების სამსახურს მიენიჭა დაუსაბუთებლად ფართო და სახიფათო უფლებამოსილებები, მათ შორის, დანაშაულის გამოძიების უფლება.

კიდევ ერთ გამოწვევად სახელდება ის, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ იჩენდნენ სათანადო მზადყოფნას დროულად და ეფექტიანად აღეკვეთათ პოლიტიკური ნიშით განპირობებული ძალადობრივი ფაქტები და დაპირისპირების შემთხვევები, ორგანიზებული შეტევები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ოფისებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთან განვითარებული მოვლენები და სხვა.

მიმოხილვაში აღნიშნულია ისიც, რომ კვლავ პრობლემად რჩება პოლიციელთა პოლიტიკური მიუკერძოებლობის საკითხი, ასევე პოლიციელების მხრიდან მოქალაქეთა წინააღდმდეგ ძალის გადამეტების ფაქტები და მათზე ასევე მათზე ეფექტიანი რეაგირება.

ასევე, ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლებას ამ დრომდე არ გამოუხატავს ნათელი პოლიტიკური ნება, შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე წელს კი განსაკუთრებულ გამოწვევად დარჩა მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე მათი დაწინაურების არაჯანსაღი და ბუნდოვანი პროცესები და ზოგადად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვლობის და საბჭოს მოქმედებების დაუსაბუთებლობის პრობლემები; კვლავ შენარჩუნდა სასამართლოებში საქმის განაწილების წესთან დაკავშირებული პრობლემები.

“არაერთი კითხვა გააჩინა მედიასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებში სასამართლოს დაუსაბუთებელმა გადაწყვეტილებებმა. ნარკოპოლიტიკაში არსებული საკითხების სიმწვავე აჩვენა ნარკოტესტირების შედეგად ლევან აბზიანიძის გარდაცვალებამ ქუთაისში. მიუხედავად მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილებებისა, ნარკოპოლიტიკა კვლავ რჩება რეპრესიულ და მძლავრ საპოლიციო იარაღად ხელისუფლების ხელში. მიმდინარე წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვის საქმეში გაკეთებული მნიშვნელოვანი და პროგრესული განმარტებები სათანადოდ საჭიროებს ასახვას სახელიმწიფოს პოლიტიკასა და კანონმდებლობაში.”

ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა

EMC  დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღებას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ რადგანაც კანონი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვნად რთულდება.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ რელიგიის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა არასეკულარულ და დისკრიმინაციულ მიდგომებს ეფუძნება და მართლმადიდებელი ეკლესიის ექსკლუზიურ პრეფერენცირებას ახდენს. მათი განცხადებით, 2015 წელს გამოვლინდა სახელმწიფოს მიერ სეკულარიზმის პრინციპის დარღვევის რამდენიმე უხეში შემთხვევა, რაც სახელმწიფო პოლიტიკაში ეკლესიის მონაწილეობის ინსტიტუციონალიზების ტენდენციას ქმნის.

EMC აკრიტიკებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოლიტიკასაც. მათ თქმით, სააგენტო არ პასუხობს რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს და ის ძირითადად რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის გზით არსებული პრობლემების გადაფარვას ცდილობს.  კერძოდ, ორგანიზაციის თქმით, სააგენტოს ხელში ძალაუფლების კონცენტრირების მიუხედავად, მან ვერ მოახერხა მიმდინარე რელიგიური კონფლიქტების პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების არ არსებობაზე უნდა უთითებდეს.

“სახელმწიფო კვლავ აგრძელებს მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის პოლიტიკას, რაც მათგან მუსლიმი თემის გააუცხოებას იწვევს და ამ გზით ხელისუფლება მას თვითრეპრეზენტაციისთვის რელიგიურ სივრცეებსაც ართმევს. EMC მიიჩნევს, რომ ცალკეული ისლამური ჯგუფების რადიკალიზების პრობლემა, მათ შორის, მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფოს დისკრიმინაციული და რეპრესიული პოლიტიკით არის განპირობებული.

წინა წლებისგან განსხვავებით, 2015 წელს სოციალური ხასიათის რელიგიური ძალადობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, მანამდე გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტები რეალურად კონსერვირდა და სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო დისკრიმინირებული რელიგიური თემების უფლებების დაცვა, მათ შორის, სამთაწყაროში, ქობულეთში, თერჯოლასა და მოხეში.

რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ არც ერთ გახმაურებულ საქმეზე არ იქნა უზრუნველყოფილი ეფექტური გამოძიების ჩატარება და არც ერთი პირი არ დასჯილა. დაუსჯელობის პირობებში რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რიცხვი ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდილია, რასაც ყველაზე მარგინალიზებული რელიგიური თემის, იეჰოვას მოწმეთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა ადასტურებს,”– აცხადებს EMC

 

რაც შეეხება ლგბტ პირთა უფლებების დაცვას, EMC0–კუთხით მდგომარეობა არ შეცვლილა და ჰომოფობიური დისკურსის ზრდისა და ხელისუფლების მხრიდან საკითხის პოლიტიზირების ფონზე, ლგბტ თემისა და თემატიკის კიდევ უფრო მარგინალიზება ხდება.

 

მიმოხილვაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განჩინებები ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივით ჩადენილი დანაშაულების ორ გახმაურებულ საქმეზე – 2013 წლის 17 მაისს ლგბტ აქტივისტების აქციის ძალადობრივი დარბევისა და ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე. EMC–ის განცხადებით, 2013 წლის 17 მაისის საქმეზე მიღებული გამამართლებელი განაჩენის ანალიზი აჩვენებს, ერთის მხრივ, საგამოძიებო ორგანოების არაეფექტურ საქმიანობასა და მეორეს მხრივ, სასამართლოს აშკარად დაუსაბუთებელ სამართლებრივ შეფასებებს.

EMC აღნიშნავს, რომ ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტური გამოძიებისა და პრევენციის მიზნით სამართალდამცავი ორგანოები არ უზრუნველყოფენ აუცილებელი სისტემური ღონისძიებების განხორციელებას; მათ შორის, სახელმწიფოს არ გააჩნია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები; არ აწარმოებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩაღრმავებულ სტატისტიკას; არ გააჩნია სიძულვილით მოტივირებული სპეციალური სამსახური, რომელიც სათანადო ცოდნითა და მგრძნობელობით იქნება აღჭურვილი; ლგბტ ორგანიზაციების აქტიური ადვოკატირების მიუხედავად, სახელმწიფომ მიმდინარე წელს ასევე არ უზრუნველყოფო ტრანსგენდერი პირების სქესის აღიარების პროცედურის დარეგულირება ისე, რომ აღმოიფხვრას ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის უხეში დარღვევის არსებული პრაქტიკა.

სოციალური პოლიტიკა

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 2015 წელს მთავრობამ შექმნა შრომის ინსპექტირების სისტემის ჩანასახოვანი მექანიზმები შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფორმირების სახით, რაც არაეფექტური მექანიზმებია.

“საანგარიშო პერიოდში არსებითად არ გადახედილა შრომის პოლიტიკა. შესაბამისად, დასაქმებულთა უფლებების მინიმალური გარანტირებაც კი არსებული ხელისუფლების მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. საწარმოებში და დაწესებულებებში შრომის უსაფრთხო გარემოს თვალსაზრისით არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა, რაც განსაკუთრებულად მიემართება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე დასაქმებულ პირებს. სახელმწიფოს მიერ შექმნილი შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი მყიფე მექანიზმია, რაც ძალაში ტოვებს უსაფრთხოებისა და შრომის პირობების ეფექტური მონიტორინგის მექანიზმის შექმნის საჭიროებას.

ამასთან, არაქმედითია სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამმხრივი კომისია, ხოლო მედიაციის მექანიზმის გამოყენების არსებული გამოცდილება აჩვენებს რომ იგი არ წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს.შრომის უფლების მარეგულირებელი ნორმატიული სივრცე, მიუხედავად „შრომის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებისა, კვლავ აჩვენებს საკანონმდებო ბაზის მნიშვნელოვნად გადახედვისა და დახვეწის საჭიროებას,”– წერია მიმოხილვაში.

ასევე, აღნიშნულია, რომ 2015–ში უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არ გადადგმულა ნაბიჯები და მეტიც, გაძლიერდა სახელმწიფო ობიექტებში მცხოვრები უსახლკარო პირების მიმართ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა.

“საცხოვრისის უფლება არ გამხდარა ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ნაწილი, რაც ამ საკითხის, როგორც გამოწვევის, არაღიარების მაჩვენებელია. დღეის მდგომარეობით, კვლავ არ არსებობს საცხოვრისის უფლების გარანტირების მატერიალური, პროცედურული თუ ინსტიტუციური მექანიზმების ჩანასახებიც კი, რაც სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობად შეიძლება დახასიათდეს.სახელმწიფო არ აწარმოებს ქვეყანაში უსახლკარობის მასშტაბის, ამ პირების საჭიროებების, ასევე უსახლკარობის ფორმებისა და მიზეზების შეფასებას. შესაბამისად, მის მიერ გატარებული ფრაგმენტული და ზედაპირული პოლიტიკა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და უსახლკარო ჯგუფებს უკიდურეს სიღარიბეში ტოვებს.

სახელმწიფოს საკუთრებაში თვითდახმარების მიზნით შეჭრილი უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სახელმწიფო აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას. უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები, სახელმწიფო შენობებიდან უსახლკარო პირთა გამოსახლების საკითხს ექსკლუზიურად სისხლის სამართლის სფეროს რეგულირებას მიაკუთვნებს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობას და აგრძელებს სახელმწიფოს რეპრესიულ პოლიტიკას, იმ პირობებში როდესაც სახელმწიფო მათ მიმართ არ ასრულებს პოზიტიურ ვალდებულებას ღირსეული ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფის თაობაზე”

მიმოხილვაში საუბარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით პარლამეტნის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გატარებულ ქმედუნარიანობის სისტემის ფუნდამენტური რეფორმაზე, რის შედეგადაც ნების ჩანაცვლების მოდელი გადაწყვეტილების მიღებაში მხარდაჭერის მოდელით შეიცვალა. ამასთან, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე მონიტორინგის ორგანად სახალხო დამცველის აპარატი განისაზღვრა.

“მიუხედავად დასახელებული პოზიტიური განვითარებებისა, სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს არსებითი რეფორმა არ განუცდია, რამაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა უმეტეს შემთხვევაში არ შეესაბამება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მთავარ პრინციპებს და უმეტესად, წინააღმდეგობაშია მასთან.ნორმატიული ბაზა და პოლიტიკა კვლავ სამედიცინო მოდელს ეფუძნება.

ამ დრომდე არ არსებობს გაეროს კონვენციის იმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ეფექტური ინსტიტუციური ჩარჩო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება გარემოს, ინფორმაციასა და სერვისებზე მისაწვდომობის უფლების რეალიზება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასათანდო წვდომა/გამორიცხვაშრომითი ბაზრიდან, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისებიდან,”– აღნიშნულია მიმოხილვაში.

 

EMC ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მომავალ წელს გააძლიეროს მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვის, განსაკუთრებით კი თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, არ შეწყვიტოს გეგმის ფარგლებში დაწყებული რეფორმები.

ასევე, EMC აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე წინასაარჩევნო პროცესების შესაძლო ნეგატიური გავლენების გათვალისწინებით, აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხო, დემოკრატიულ და პლურალურ გარემოში ჩატარება და სახელმწიფო უწყებების  პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრალიტეტის განუხრელი დაცვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი