ახალი ამბები

უსუფაშვილი: შეწყალების თემაზე საუბარმა აჩვენა, რომ ზედმეტი სიყვარული და მოწიწება არ ვარგა

8 დეკემბერი, 2015 • 1186
უსუფაშვილი: შეწყალების თემაზე საუბარმა აჩვენა, რომ ზედმეტი სიყვარული და მოწიწება არ ვარგა

საქართველოის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, ილია მეორისთვის შეწყალების უფლების მინიჭებაზე გამართულმა საუბარმა აჩვენა, რომ ზედმეტი არაფერ ვარგა, მათ შორის, არც მოწიწება და არც სიყვარული. რადგან პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭება გაუმართლებელია, როგორც სახელმწიფოებრივი, ისე რელიგიური თვალსაზრისით.

“თემას რაც შეეხება, შეწყალების უფლება ვის უნდა ჰქონდეს და ვის აქვს, ეს საკითხი გუშინ საღამოს მდგომარეობით ცალსახაა, რომ არის დახურული. ამის შესახებ გუშინ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს საპატრიარქომ. ეს საკითხი ნამდვილად ამოწურულია იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე ოფიციალური წინსვლა, საკანონმდებლო ინიციატივებს, ვერ ვნახავთ და არ ვნახავთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დავით უსუფაშვილის განცხადებით,  რეაქციები, რაც ილია მეორის მოსაზრებას მოჰყვა, უფრო იყო მყისიერი და ემოციური, ვიდრე გააზრებული. და ამ ორი-სამი დღის შემდეგ ყველამ გაიაზრა ილია მეორის განცხადება.

“როდესაც საუბარია მართლმსაჯულების მიერ სასჯელდადებულ პირზე, მისი შეწყალების უფლება აქვს და უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მეთაურს. ეს ასეა საქართველოში, ეს ასეა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. თეორიული მსჯელობაც, რომ ამ ტიპის უფლებამოსილება ჰქონდეს პატრიარქს, ეს იქნება გაუმართლებელი არა მხოლოდ სახელმწფიოებრივი თვალსაზირსით, არამედ რელიგიური და ეკლესიური თვალსაზრისითაც. რადგან პატრიარქის იმ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ ვინმე უნდა შეიწყლოს და ვინმე არ უნდა შეიწყალოს, ეს არის სწორედ რელიგიური გადმოსახედიდან არასწორი მოქმდება. ჩვენ ვიხილეთ იმის დემონსტრირება, რომ ზედმეტი არაფერი არ ვარგა, მათ შორის, არც მოწიწება და არც სიყვარული. პატრიარქის ნდობა დიდია საზოგადოებაში, რაც მხოლოდ კარგია. პოლიტიკოსებიც ადამიანები ვართ ხანდახან, ამიტომ, მოდი, შეწყალებაზე ვისაუბროთ და მოდი, მივუტევოთ მათ, ვისაც შესაძლოა ბოლომდე არც თუ გააზრებული რეაქცია ჰქონდა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი