ახალი ამბები

რაში რამდენი დაიხარჯება 2011 წელს

11 ნოემბერი, 2010 • • 1086
რაში რამდენი დაიხარჯება 2011 წელს

Image 2574
Image 2574

დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა წარმოადგინა.

საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი 7 მილიარდამდე ლარით განისაზღვრა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დღეს იმ სფეროების ბიუჯეტის პარამეტრები წარმოადგინა, სადაც დაფინანსება მომავალი წლიდან იზრდება:

განათლების სამინისტროს დაფინანსება მომავალი წლიდან 35 მილიონი ლარით გაიზრდება. პეტრიაშვილის თქმით, 32 მილიონი პირველკლასელთათვის კომპიუტერების შეძენას მოხმარდება. 9 მილიონით გაიზრდება საჯარო სკოლების დაფინანსება – ეს არის ვაუჩერების თანხა და დანამატები იმ სკოლის მასწავლებლებისთვის, რომლებიც კომპიუტერისა და უცხო ენის გამოცდას ჩააბარებენ.

პეტრიაშვილი ამბობს, რომ განათლების სამინისტროს წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო მასწავლებელთა დაზღვევის ხარჯები, რომელსაც 2011 წელს განათლების სამინისტრო აღარ გადაიხდის. ბიუჯეტის კანონპროექტით მომავალ წელს მასწავლებელთა დაზღვევას  შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტრო განახორციელებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე, გაგრძელდება ინგლისურენოვანი მასწავლებლების დაფინანსება.

,,დღეს დაახლოებით 500 მასწავლებელია ჩამოსული, მომავალ წელს ეს რიცხვი 1500-მდე გაიზრდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახევარზე მეტ საჯარო სკოლებს მოიცავს’’, – განმარტა პეტრიაშვილმა.

ზრდა იქნება სტუდენტების სასწავლო გრანტშიც, ძირითადად, ეს მაგისტრანტების დაფინანსებას ეხება.  მაგისტრების სასწავლო გრანტი 4 650 000 ლარით გაიზრდება.

პეტრიაშვილი ამბობს, რომ პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების რეაბილიტაციისათვის ჯამში 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.

სკოლების რეაბილიტაციას კი 2011 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობები განახორციელებენ. ამ მიზნით, ადგილობრივ თვითმართველობებს, პეტრიაშვილის განმარტებით, სპეციალური ტრანსფერები გამოეყოფათ.

ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან შედარებით, ჩასწორდა და  3,5 მილიონი ლარით გაიზარდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი. ჯამში, მისი მოცულობა  34,5 მილიონ ლარს მიაღწევს.

,,2010 წელთან შედარებით, ძირითადი მატება სპორტული ფედერაციების დაფინანსებაზე მოდის, 2010 წელს სპორტული ფედერაციების დაფინანსებაზე გამოყოფილი იყო 9 მილიონი, წელს ამ მიზნით დაიხარჯება 11 მილიონი ლარი’’, – ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

გაერთიანებულ სხდომაზე პაპუნა პეტრიაშვილმა თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. ბიუჯეტის ეს ნაწილი დასრულებული სახით მესამე განხილვისათვის იქნება წარმოდგენილი. პეტრიაშვილი ამბობს, რომ ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს სახელმწიფოს, ანუ რაც ფინანსდება მიმდინარე წელს, აუცილებლად შესრულდება და მათი დაფინანსება შემდგომშიც გაგრძელდება.

,,ყველა  ბენეფიციარის დაფინანსება, რომელიც  დღეს იღებს სოციალურ დახმარებასა თუ სარგებლობს ჯანდაცვის რაიმე პროგრამით, გაგრძელდება მომავალ წელსაც. უბრალოდ, შეიძლება შეიცვალოს დაფინანსების ფორმები. მაგალითად, ის ბენეფიციარები, ვინც სარგებლობენ ჯანდაცვის პროგრამებით, ისარგებლებენ დაზღვევით’’.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მომავალ წელს დაიწყება ორი ახალი საგზაო პროექტი. ეს იქნება აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 122 მილიონი ლარი გამოყო და ასევე – ზესტაფონი–ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მშენებლობა, რისთვისაც 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

პეტრიაშვილის განმარტებით, ასევე, გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის მშენებლობა და დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი დაიხარჯება.

2011 წლის ბიუჯეტში თანხა წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციასაც მოხმარდება. ამისათვის გრანტი, 500 მილიონი დოლარის ოდენობით, აზიის განვითარების ბანკმა გამოყო. პროგრამა 2-3 წელიწადი გაგრძელდება. პირველი ტრანშით, მომავალ წელს აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 155 მილიონ დოლარს გადმოურიცხავს.

,,წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დაწყებულია და მომავალ წელს უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. პროგრამაში უკვე ჩართულია  მსხვილი ქალაქები –  თბილისი ფოთი, რუსთავი, ქუთაისი. მომავალ წელს კიდევ რამოდენიმე მსხვილი ქალაქი ჩაერთვება. პროგრამის დასრულებისას, საბოლოოდ მოგვარდება წყლისა და კანალიზაციის პრობლემები’’

დევნილთა სახლების მშენებლობა/რეაბილიტაცია გაგრძელდება მომავალ წელსაც. პეტრიაშვილი განმარტავს, რომ დევნილთა საცხოვრებლების რეაბილიტაციისათვის გრანტი ევროკავშირმა და ამერიკის მთავრობამ გამოყო, ჯამში ეს არის 135 მილიონი.

2011 წლის ბიუჯეტში იზრდება, ასევე,  სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 40 მილიონი ლარით.

,,ეს თანხა მოხმარდება სხვადასხვა კულტურების ჩანაცვლებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სოფლის მოსავლიანობას. ასევე, შენარჩუნებული იქნება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. ეს ის პროგრამაა, რომლისთვის გამოყოფილ თანხებსაც სოფლები თავიანთი გადაწყვეტილებით ხარჯავენ’’, – განაცხადა სხდომაზე პეტრიაშვილმა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მისი თქმით, 2009 წელს დაიწყო. მაშინ ამ პროექტისათვის გამოიყო 20 მილიონი ლარი, 2010 წელს – 40 მილიონი. წელსაც პროექტისათვის 40 მილიონი გამოიყოფა. ჯამში, 3 წლის განმავლობაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის სახელმწიფო 100 მილიონ ლარს დახარჯავს.

პაპუნა პეტრიაშვილის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში დაახლოებით იმდენივე იქნება ტრანსფერებისათვის გამოყოფილი, რამდენიც წელს იყო. 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში ეს თანხა 842 მილიონს აღწევს. წლევანდელ ბიუჯეტში კი ტრანსფერებისათვის 856 მილიონია გათავლისწინებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი