ახალი ამბები

ქიბარ ხალვაშის სადავო მტკიცებულებები რუსთავი 2-ის საქმეში [დოკუმენტი]

30 ოქტომბერი, 2015 • • 1876
ქიბარ ხალვაშის სადავო მტკიცებულებები რუსთავი 2-ის საქმეში [დოკუმენტი]

 

 

საქართველოს საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლით, ამორალური გარიგება ბათილია. ამორალური გარიგებას არაერთი სამართლებრივი განმარტება აქვს. სასამართლოში ხალვაშის წარმომადგენლების განმარტებით, ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ გარიგებით განსაზღვრულ ქონებასა და სამაგიეროდ მისაღებ თანხას შორის არაადეკვატური ურთიერთშეფარდება არსებობს, რადგან ხალვაშს [ასევე მის კომპანია “პანორამას”] რუსთავი 2-ის წილების 100%, ჯამში, 268 997 დოლარად დაათმობინეს მაშინ, როცა მათ ხელთ არსებული სასაქონლო ექსპრტიზის დასკვნით ქონება 7 მილიონ ლარზე მეტი ღირდა. ამასთან, ხალვაშის მხარის ცნობით, ბიზნესმენს არც ზემოხსენებული 268 997$ მიუღია. ხალვაში ფიქრობს, რომ მყიდველებმა: შპს “საქცემენტმა” [ამჟამინდელი ჰაიდელბერგცემენტი], რომელსაც წილის 22% პროცენტი გადაეცა და შპს “გეო-ტრანსმა” [წილის 78%] მისი მძიმე მდგომარეობით ისარგებლეს და მათ დასაძრახი მოტივაცია ამოძრავებდათ. რაც შეეხება შემდგომ მყიდველებს, რომლებიც რუსთავი 2-ის წილებს იძენდნენ, მათ შორის ახლანდელ მფლობელებს, ხალვაში მათ არაკეთილსინდისიერ შემძენობაში ადანაშაულებს და ქონების მისთვის დაბრუნებას მოითხოვს.

 

ხალვაშის მხარეს სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილი აქვს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასაქონლო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მაშინ, როდესაც ხალვაშმა რუსთავი ორი 268 997 დოლარად გაყიდა, ტელეკომპანიის აქტივების რეალური ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ლარი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დასკვნის მიხედვით, ხალვაშმა ტელეკომპანია რეალურ ღირებულებაზე 15-ჯერ ნაკლებად გაყიდა, როგორც თვითონ ამბობს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ.

  

რაც შეეხება დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ 2006 წლისათვის რუსთავი 2-ის ღირებულება 7 მილიონი ლარი იყო, ის მხოლოდ ორ დოკუმენტს ეყრდნობა: რუსთავი 2-ის წესდებასა და იმ პერიოდის საბუღალტრო ნაშთებს. ზემოხსენებული საბუღალტრო ნაშთებს ხელს აწერს რევაზ ბერიაშვილი, რომელიც ხალვაშის მხარის ინფორმაციით იმ პერიოდში ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორი იყო, თუმცა ხალვაშის იურისტმა სასამართლოს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარუდგინა. იგი მის დაკითხვას მოწმის სახითაც ითხოვდა, თუმცა ამაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ უარი განაცხადა.

 

ყარამანიშვილების ადვოკატის, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, სწორედ ამ ორგვერდიან დოკუმენტზე კიდია რუსთავი 2-ის ბედი დღეს, რადგან მის გარდა მეორე მხარეს სხვა არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია.

 

რევაზ ბერიაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ იგი კომპანიის ფინანსური დირექტორი 2004-2006 წლებში იყო, რაც რუსთავი 2-ისა და მისი მფლობელების ადვოკატებს უკვირთ. მათი თქმით, დასკვნა კომპანიის 2005 წლის მდგომარეობას აანალიზებს და საკვირველია, რატომ გააკეთა ბერიაშვილმა 2005 წელს ჩანაწერი, რომ იგი მხოლოდ 2006 წლამდე იმუშავებდა. რუსთავი 2-ის მფლობლებელი ეჭვობენ, რომ დოკუმენტი გაყალბებულია და ის ახლაა შექმნილი. ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამ ფაქტის იმით ხსნის, რომ მისი მარწმუნებლის ინფორმაციით, ბერიაშვილმა დოკუმენტი 2006 წელს შეადგინა და არა 2005-ში. სალიას თქმით, ეს დოკუმენტი ამის შემდეგ ხალვაშთან ინახებოდა.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია მიმოწერა ხალვაშის მხარესა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შორის, სადაც ექსპერტი იმ მონაცემებს თვლის, რომელიც მას ზემოხსენებული დასკვნის მომზადებისთვის სჭირდება, საუბარია კომპანიის ბალანსზე, წესდებაზე, კრედიტორებისა და დებიტორების ჩამონათვალი, უძრავის ქონების შესახებ ინფორმაციაზე, 5 წლის საპროგნოზო მონაცემებსა და 2004-2006 წლებში წილების რეალიზაციის შესახებ ინფორმაციაზე, თუმცა ექსპერტს მხოლოდ ორი დოკუმენტი გაეგზავნა. პაატა სალიას განმარტებით, მათ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან წვდომა არ აქვთ, რადგან ქიბარ ხალვაშმა მათი შენახვა თავის დროზე დევნის გამო ვერ მოახერხა.

 

ბიბილაშვილმა და სხვა ადვოკატებმა სალიას ჰკითხეს, რატომ არ გამოითხოვა მან ეს დოკუმენტაცია რუსთავი 2-დან. სალიას თქმით, მას არ ჰქონდა იმედი, რომ ტელეკომპანია ამ დოკუმენტებს გადასცემდა. ქიბარ ხალვაშის მხარეს შეეძლო სასამართლოსთან ეშუამდგომლა და მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დაავალებდა რუსთავი 2-ის მხარეს ზემოხსენეული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენას, თუმცა, სალიას თქმით, მას ჰქონდა ვარაუდი, რომ რუსთავი 2 დოკუმენტაციას არც ამ შემთხვევაში წარმოადგენდა და გასცემდა შაბლონურ პასუხს: გასულია 10 წელი და დოკუმენტაცია ტელეკომპანიაში აღარ ინახება.

 

მისივე თქმით, ბერიაშვილი შიდა ბრძანებით იყო დანიშნული და ეს დოკუმენტი არც რეესტრში მოიძებნება. თუმცა ადვოკატის განცხადებით, იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ბერიაშვილი რუსთავი 2-ში არ მუშაობდა, არც ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს წარმოუდგენიათ. ადვოკატის თქმით, მათ მარტივად შეეძლოთ თავის დროზე, კანონით დადგენილ ვადებში სასამართლოსთვის მიეწოდებინათ დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ იმ წლებში კომპანიის ფინანსური დირექტორი სხვა ადამიანი იყო. დასკვნაზე პოზიციის ჩამოყალიბების ვადა სასამართლომ რუსთავი 2-ის მფლობელებს 7-დან 14 ოქტომბრამდებ განუსაზღვრა, თუმცა რუსთავი 2-მა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტა და, როგორც ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, შესაბამისი ვადის გახანგრძლივების შუამდგომლობით მოსამართლესაც მიმართა, რადგან საერთაშორისო კომპანიებმა ექსპერტული დასკვნისათვის დრო მოითხოვეს. თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან მისი თქმით, შესაბამისი შუამდგომლობა რუსთავი 2-ის ადვოკატებს არ უნდა დაეყენებინათ, რადგან ამ ნაწილში მოპასუხე რუსთავი 2 არ იყო.


ექსპერტ შოთა ივანაშვილს, რომელმაც ზემოხსენებული დასკვნა მოამზადა, სასამართლომ უკვე მოუსმინა.


რუსთავი 2″–ის წარმომადგენლებს ექსპერტთან აქვთ პრეტენზია, რომ ექსპერტიზა ჩაატარა ყალბ დოკუმენტზე დაყრდნობით; კერძოდ, მათი განცხადებით, რევაზ ბერიაშვილი, რომელიც ხელს აწერს ამ ფინანსურ დოკუმენტს, რომელზე დაყრდნობითაც ექსპერტიზა ჩატარდა, დაუდასტურებელია, რეალურად მუშაობდა თუ არა რუსთავი 2–ის ფინანსურ დირექტორად.

 

 

ექსპერტმა შოთა ივანაშვილმა სასამართლოზე განაცხადა,  რომ არსებობს ღირებულების შემოწმების 3 მეთოდი: აქტივების შემოწმების მეთოდი, საბაზრო მეთოდი და შემოსავლების მეთოდი. მისი განცხადებით, რუსთავი 2–ის წილების ღირებულების შესამოწმებლად გამოიყენა აქტივების შემოწმების მეთოდი, რისთვისაც საჭირო იყო იმ პერიოდის საბალანსო ნაშთები. მისი განცხადებით, აქტივების მეთოდით შემოწმება კეთდება კომპანიის ვალდებულებებსა და აქტივებს შორის სხვაობის დადგენის გზით. 

 

 

რუსთავი 2–ის ადვოკატების განცხადებით, ივანაშვილს ექსპერტიზაში უწერია, რომ  შეფასების ყველაზე კარგი სისტემა არის საბაზრო მეთოდი, მაგრამ თავად იხელმძღვანელა აქტივების მეთოდით. კითხვაზე, თუ რატომ მოიქცა ასე, ექსპერტმა განაცხადა, რომ არსებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით ყველაზე რელევანტური სწორედ აქტივების მეთოდი იყო. 

 

 

რუსთავი 2–ის ადვოკატებმა ექსპერტს ჰკითხეს, ამ მეთოდით შემოწმებისას ის მონაცემები, რაც მას ხელთ ჰქონდა, რელევანტური იყო თუ არა ექსპერტიზის ჩასატარებლად? ამ კითხვაზე შოთა ივანაშვილმა განაცხადა, რომ  ამის გამორკვევის ვალდებულება არ ჰქონდა. 

 

“რუსთავი 2″–ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ექსპერტს ჰკითხა, იმ შემთხვევაში, თუ ის შეიტანდა მასთან დოკუმენტაციას ხელმოწერით –  დიმიტრი საძაგლიშვილი “ჯენერალ მოტორსის” ფინანსური დირექტორი, ჩაატარებდა თუ არა კვლევას ამ დოკუმენტზე დაყრდნობით. ექსპერტმა შოთა ივანაშვილმა განაცხადა, რომ  ასეთ კვლევას ჩაატარებდა. 

 

რუსთავი 2–ის ადვოკატმა განაცხადა, რომ ექსპერტი საკუთარ დასკვნაში უთითებდა შეფასების საერთაშორისო IVS -ის სტანდარტებს, რომლის თანახმადაც ჩაატარა ექსპერტიზა; ამ სტანდარტებში კი წერია, რომ ექსპერტი ვალდებულია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში გადაამოწმოს დოკუმენტების ნამდვილობა. მან ექსპერტს ჰკითხა, თუ გააკეთა რაიმე ამ კუთხით. 

 

ექსპერტმა კი განაცხადა, რომ ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებია და რა მონაცემებიც მიაწოდა მხარემ, იმის მიხედვით ჩაატარა ფინანსური ექსპერტიზა. შოთა ივანაშვილის თქმით, მთავარი იყო, რომ ამ ფინანსურ დოკუმენტზე ვიღაც აწერდა ხელს და ის, ვინც აწერდა, მართლა მუშაობდა თუ არა რისთავი 2–ში, ამის გამოკვლევა ექსპერტის საქმე არ იყო. 

 

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ექსპერტს კითხვები დაუსვეს, იყო ის, რომ მან ქიბარ ხალვაშის მხარეს 9 დოკუმენტი მოსთხოვა, ამ დოკუმენტებიდან კი რეალურად მან მიიღო მხოლოს წესდება და 4–გვერდიანი ბუღალტრული ნაშთები, რომელსაც ხელს აწერს რევაზ ბერიაშვილი, რომელიც ნამდვილად მუშაობდა თუ არა რუსთავი 2–ის ფინანსურ დირექტორად, არ არის ცნობილი. მხარემ მას ჰკითხა, რომ რატომ ჩაატარა კვლევა თითქმის დღენახევარში, როდესაც ჰქონდა უფლება, რომ დამატებითი დოკუმენტები მოეთხოვა. 

 

ექსპერტმა კი უპასუხა, რომ დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც ადვოკატებს რომ შეძლებოდათ მისთვის ამ ინფორმაციის მიცემა, მაშინ თავიდანვე მისცემდნენ და რადგან პირველ მოთხოვნაზე არ მიაწოდეს, მან მეორედ აღარ მოითხოვა.

 

გარდა ამისა, რუსთავი 2–ის ადვოკატების თქმით, ექსპერტს დასკვნაში უწერია, რომ კომპანიის საორიენტაციო ღირებულება 2006 წლის პერიოდისთვის შეადგენდა დაახლოებით 7 მლნ ლარს. შეკითხვაზე, თუ რას ნიშნავდა საორიენტაციო ღირებულება, ექსპერტმა უპასუხა, რომ ყველა ფასი არის საორიენტაციო, სანამ რეალურად ყიდვა–გაყიდვა არ მოხდება. 

 

გარდა ამისა, ადვოკატების თქმით, ექსპერტს მოთხოვნილი ჰქონდა კონტრაქტები, თუ 2004–2006 წლებში როგორ იყიდებოდა ტელეკომპანიის წილები. რუსთავი 2–ის ადვოკატმა ექსპერტს ჰკითხა, რადგანაც ეს დოკუმენტი არ მიაწოდა პაატა სალიამ, ამის მიუხედავად, რატომ ჩაატარა ექსპერტიზა. შოთა ივანაშვილმა კი განაცხადა, რომ კომპანიის ბუღალტრული ბალანსის ამსახველი დოკუმენტების მოწოდების გარეშე ამ კონკრეტული დოკუმენტის მოწოდებას აზრი არ ჰქონდა. 

 

 გარდა ამისა, შოთა ივანაშვილს მხარეებმა დაუსვეს კითხვები გამოცდილებასთან დაკავშირებით. ექსპერტის განცხადებით, იგი სამხარაულის ბიუროში 2004 წლიდან მუშაობს, 2011–2014 წლებში მას აქვს გადამზადების სხვადასხვა კურსი გავლილი და საერთაშორისო სერტიფიკატს ფლობს. 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი