ილია II ლია უკლებას ნახატზე: ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე მხატვარ ლია უკლებას ნახატზე ისაუბრა, რომელზეც მარიამ ღვთისმშობელი პისტოლეტით თავს იკლავს. ნახატს პატრიარქმა ქვეყნისა და სარწმუნოების შეურაცხყოფა უწოდა.

“არის ერთი სამწუხარო ამბავი – წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელსაც უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოსი. მე ძალიან მიკვირს, როგორ დაუშვა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან,” – აცხადებს პატრიარქი.

 

ლია უკლებას ნახატები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიფინა. ნახატმა, რომელზეც ფეხმძიმე ღვთისმშობელია გამოსახული, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გააჩინა. ლია უკლება თვითნასწავლი მხატვარია. ის ძირითადად ქალთა პრობლემებსა და ფემინიზმის თემაზე მუშაობს.

 

მარიამი სათამაშო პისტოლეტით, ლია უკლებას ნახატი
მარიამი სათამაშო პისტოლეტით, ლია უკლებას ნახატი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


გუკი გიუნაშვილი