ახალი ამბები

ილიაუნის აკადემიური საბჭოს განცხადება საპატრიარქოს ბრალდებებზე

2 ნოემბერი, 2015 • 2682
ილიაუნის აკადემიური საბჭოს განცხადება საპატრიარქოს ბრალდებებზე

საქართველოს საპატრიარქოს განცხადების საპასუხოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების თანახმად, ვალდებულია უზრუნველყოს პროფესორის აკადემიური თავისუფლება, რაც გულისხმობს მეცნიერული ინტერესის მქონე ნებისმიერ თემაზე მსჯელობის შესაძლებლობას;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას არასოდეს ჰქონია ვინმეს შეურაცხყოფისა და სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევის განზრახვა;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დაიცავს თავისი პროფესორებისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი ინსტიტუტის ცენზურისგან;
  • ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები დაირღვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენციით, აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ შესაბამის სამართლებრივ გზებს.

საპატრიარქო თავის განცხადებაში ილიას უნივერსიტეტს აკრიტიკებს და მის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ილიაუნიში კონფერენციაზე გამოტანილი “საფეთქელზე მიდებული ცეცხლსასროლი იარაღით ფეხმძიმე ღვთისმშობელის ნახატი უდიდესი მკრეხელობაა”.

მხატვარ ლია უკლებას ნახატზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემაც ისაუბრა გუშინდელ საკვირაო ქადაგებაზე. პატრიარქმა ნახატს ქვეყნისა და სარწმუნოების შეურაცხყოფა უწოდა.

“მარიამი სათამაშო პისტოლეტით”, ლია უკლებას ნახატი

პატრიარქის განცხადების შემდეგ მოქალაქეთა ჯგუფი მხატვარ ლია უკლებას და ილიას უნივერსიტეტში გამართული კონფერენციის ორგანიზატორების დასაცავად საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ილია მეორესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პეტიციით მიმართავს.

„მარიამი სათამაშო პისტოლეტით“, ასე ჰქვია მხატვრის, ლია უკლებას ნახატს, რომელსაც თავად ავტორი ასე განმარტავს: მარიამი ალბათ დაგვტოვებდა უღმერთოდ და თავსაც მოიკლავდა, თუკი მიხვდებოდა, რომ ასეთი მდგომარეობა იქნებოდა ქრისტესშობის შემდეგ.

ამავე თემაზე:

ლია უკლებას სიცოცხლე

მასალების გადაბეჭდვის წესი