ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების ფორმულა

2 თებერვალი, 2010 • 16454
ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების ფორმულა

ანკეტაკითხვარები

ბათუმის მერიამ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე  ბიუჯეტში 600 ათასი ლარი მუნიციპალური პროგრამისთვის გამოყო. ამ პროგრამის მიზანი ქალაქის მასშტაბით “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოვლენა” იყო.

ერთგვერდიანი ანკეტა-კითხვარი მერიის თანამშრომლებმა მოამზადეს. “ბათუმელების” მიერ შესწავლილი 7, 252 ათასი ანკეტა-კითხვარით დგინდება, რომ მერიის მიერ ამ პროგრამის განხორციელებისთვის დაქირავებული სოცმუშაკები “ნაცმოძრაობის” აქტივისტები და აგიტატორები არიან (დოკუმენტები “ბათუმელებმა” მერიის შენობაში, მერიის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ შეისწავლა).  რამდენიმე ანკეტის შინაარსი:

სოციალური მუშაკი რ. კონცელიძე: “ოძელაშვილის ქუჩა ზ. ა. ინვალიდია. საარჩევნო ყუთი ადგილზეა მისატანი”. სოცმუშაკი ი. კობალაძე: “მაიაკოვსკის ქუჩაზე მდგმურად მცხოვრებმა ჭ. დ.-მ  უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე”. სხვა ანკეტაზე, რომელსაც ხელს სოცმუშაკი მიქელაძე აწერს, ასეთი ჩანაწერია: “არჩევნებზე ვერ მოვა, საჭიროა ჩვენი მისვლა”. ის კი, ვინც არჩევნებზე ვერ მივა, სოცმუშაკის ინფორმაციით, არის პ.მ.

ანკეტების შეკვრაში, რომელსაც აწერია _ “გაკეთებულია”, შემდეგი შინაარსის ანკეტა-კითხვარები აღმოჩნდა (10-13 ცალი): “გოგიტიძე იური. ¹62 საარჩევნო უბანი”; “¹62 უბანი სრულად არის. მიკროკოორდინატორი ლელა კვაჭაძე”; “¹62 მარგალიტაძე გოჩა”; “¹63 უბანი, ბალაძე ინგა”; “ტბელ აბუსერიძის 25. კოორდინატორი გელა ჟორჟოლიანი”; “აბუსერიძის ქუჩა კოორდინატორი ნანა ბარამიძე”; “თავართქილაძე მედეა ¹43 საარჩევნო უბანი-10 ცალი”;  “კოორდინატორი ზაზა კიშინდბა”…

კიდევ რამდენიმე ამონაწერი ანკეტებიდან: “ვ.ს. ცხოვრობს საბერძნეთში”; “ცხოვრობს ოჩხამურში, არჩევნებზე აქ არ იქნება”; “კარი არ გამიღეს, რომ გაიგეს რისთვის მივედი”; “ნ. წ.-მ გამიღო კარები, მაგრამ არანაირი ინფორმაცია არ მომაწოდა. მითხრა, რომ არ სჭირდება არანაირი დახმარება”; “ლ. ჭ. ახალგარდაცვლილი”; “არ ცხოვრობენ, გაქირავებულია, შ. გ-დამქირავებელი ცეცხლაძე ლიანა”; “ბ.შ. პასპორტი ჩაბარებული აქვს”; “დ. ვ. გარდაიცვალა”; “ რ. ტ. მკვდარია”…

“ქათამაძის ქუჩა. ოჯახის უფროსი მ. ნ. ამ მისამართზე ცხოვრობს 2 სტუდენტი, რომლის მამა არის პატიმარი. გთხოვთ, გაგვიწიოთ დახმარება”; “გ. აბაშიძის ქ. მცხოვრები ს. თ. ოჯახს ჰყავს პატიმარი სიძე, რომელსაც მისჯილი აქვს 25 წელი და ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას”.

ანკეტა-კითხვარების მიხედვით, მერიის დაქირავებული ხალხი გულმოდგინედ აგროვებს ინფორმაციას, ვინ მიდის არჩევნებზე და ვინ – არა, ვის სჭირდება გადასატანი ყუთის ბინაზე მიტანა, ვის აძლევენ არჩევნებში ხმას და ა.შ. რესპონდენტები კი პირადი პრობლემის მოგვარებას, ძირითადად, პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ (ამ ადამიანების მისამართებსა და სახელ-გვარებს კონფიდენციალურებიდან გამომდინარე სრულად არ ვუთითებთ ავტ.).

ანკეტაში, რომელიც სოცმუშაკს – ზ. კარანაძეს აქვს შევსებული, წერია, რომ მაიკოვსკის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე ე.ფ. საწარმოო ტრავმისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და სამუშაოზე აღდგენას ითხოვს. “ბათუმელებთან” ე.ფ.-მ ვერ გაიხსენა მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა: ჩემთან წინასაარჩევნოდ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები მოვიდნენ. ჩემი პრობლემის გაცნობის შემდეგ სტალინის ქუჩაზე (ახლანდელი მ. აბაშიძის – ავტ.), “ნაცმოძრაობის” ოფისში მისვლა შემომთავაზეს”. ე.ფ. ამბობს, რომ შეთანხმების მიხედვით მას ხმა “ნაციონალებისთვის” უნდა მიეცა.

“მოგმართავთ თხოვნით, ვარ ქვრივი ქალი, მყავს შვილი… და სიძე, რომელიც დღესდღეობით იმყოფება პატიმრობაში. აქვს სასჯელის უმაღლესი ზომა _ 9 წელი, აქედან გასულია 3 წელი… მყავს მცირეწლოვანი შვილი. ძალიან გთხოვთ, თუკი რაიმე შეღავათი შეიძლება იყოს, ან შეუმცირდეს სასჯელი, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. ეს არის ჩვენი ერთადერთი თხოვნა და გასაჭირი. ძალიან გთხოვთ, განიხილოთ ჩვენი თხოვნა, ჩვენი ოჯახი მუდამ იდგა პრეზიდენტის გვერდით და სულ მის გვერდით იდგება”, – ეს წერილიც პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ერთ-ერთ ანკეტა-კითხვარს ერთვის.

წერილის ავტორის მიერ შევსებულ ანკეტაზე მიწერილია ტელეფონის ნომერი და მითითებულია, რომ “ხმას ¹30 საარჩევნო უბანზე აძლევს”. ანკეტას ხელს სოციალური აგენტი თ. ხახუტაიშვილი აწერს.

ანკეტები, რომლებზეც ასეთი შინაარსის მინაწერებია, ბევრია. რამდენიმე მათგანის ასლი “ბათუმელებმა” მერიის ადმინისტრაციის საქმის წარმოების სამსახურს დაამოწმებინა.

გაზრდილი ციფრები

მერიის ინფორმაციით, გამოკითხვისთვის გამოყოფილი 600 ათასი ლარიდან 2 000 ლარი 40 ათასი ანკეტა-კითხვარის დამზადებაზე დაიხარჯა. ასევე უნდა დაებეჭდათ 1000 ცალი ბუკლეტი. თუმცა კვლევის შედეგები ბუკლეტების ნაცვლად მერიის დაფინანსებულ გაზეთ “ბათუმურ ქრონიკებში” დაბეჭდეს, ანუ 10 000 ლარი ასე დაზოგეს.

მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ჯემალ ანანიძე იმეორებს, რომ ბათუმში 40 000 ოჯახი გამოიკვლიეს. სააგენტოს ვებგ ვერდზე კი ახლაც წერია, რომ ბათუმში 32 581 ოჯახია რეგისტრირებული. “ეს სტატისტიკა მერიას სოციალური მომსახურების სააგენტომ მოგვაწოდა. კვალიფიციური ორგანიზაციებისთვის არ მიგვიმართავს, რადგან ისინი კვლევების დროს მოსახლეობას სრულად არ ფარავენ ანუ შერჩევით მეთოდს იყენებენ”, – გვითხრა სამსახურის უფროსმა (თუმცა ანალიზისთვის მერიამ 40 000-დან საბოლოოდ 12 ათასი ანკეტა გამოიყენა).

მერიის  ცხრაგვერდიან ანალიზში პასუხგაუცემელია ძირითადი კითხვა – რამდენი სოციალურად დაუცველი ოჯახია ბათუმში? ამის გამოვლენა წესით პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი უნდა ყოფილიყო. ანუ მერიამ ვერ გაიგო ის, რაშიც 600 ათასი ლარი დახარჯა.

თუმცა მერიას ყველა წესის დაცვით რომც ჩაეტარებინა სოციოლოგიური კვლევა (თუნდაც პროფესიონალები დაექირავებინა), ახალ ინფორმაციას ერთი მიზეზის გამო ვერ მიიღებდა: 2008 წლის იანვრიდან, სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების სტატისტიკას აწარმოებს, რასაც იგი 12-გვერდიანი ანკეტა-კითხვარის შევსებით ადგენს (ამ ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასებში ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი დაიხარჯა). ბათუმში 2008 წლის აპრილში ასეთი 8 006 ოჯახი იყო რეგისტრირებული. გამოდის, მერიამ ფული დახარჯა იმ ინფორმაციაში, რომელიც იცოდა ან წესით უნდა სცოდნოდა.

სოცმუშაკები

გამოკითხვას 980 სოციალური მუშაკი ატარებდა. მერიამ თითოეულ მათგანთან გააფორმა ხელშეკრულება. თითოეულ მათგანს სამი თვის განმავლობაში ანაზღაურება _ 600 ლარი უნდა მიეღო. შრომის ანაზღაურებისთვის პროგრამაში 588 000 ლარი ჩაიდო.

სოცმუშაკები შემთხვევითი პრინციპით არ დაუქირავებიათ. მერიის ადმინისტრაციის უფროსი _ გელა მახარაძე, რომელიც მაშინ მერიის იურისტი იყო, აცხადებს, რომ სოცმუშაკების სია ადმინისტრაციულმა ერთეულებმა მიაწოდეს. ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ყოფილი გამგებელი _ ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მათ მერიას ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებული მოსახლეობის სია მიაწოდეს. მან არ იცის, მერიამ სოცმუშაკები რა პრინციპით შეარჩია.

ხელშეკრულებებში სოცმუშაკების ვალდებულებები კონკრეტულად გაწერილი არ არის. არ არის განსაზღვრული რამდენი რესპონდენტი უნდა გამოკითხოს თითოეულმა. გაუგებარია, რატომ მიიღო 980-მა დაქირავებულმა პირმა ერთნაირი ხელფასი, როდესაც მათ სამუშაო თანაბრად არ შეუსრულებიათ. მაგალითად, სოცმუშაკ მუკბანიანს შევსებული აქვს 20 ანკეტა, გაბელაიებს – 13.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით “ბათუმელები” ტელეფონით დაუკავშირდა ერთ-ერთ სოცმუშაკს. ი.ჭ-მ აღნიშნა, რომ მას შრომითი ხელშეკრულება მერიაში გაუფორმეს. მან დაადასტურა, რომ იგი “ნაცმოძრაობის” წევრია და აგიტაციას ეწეოდა. მისი სამოქმედო არეალი იყო გამსახურდიასა და ფარნავაზ მეფის ქუჩის ნაწილი. ის ამბობს, რომ გამოკითხვის პარალელურად არიგებდა “ნაცმოძრაობის” ფლაერებს, შეგროვებული ინფორმაცია კი “ნაცმოძრაობის” საარჩევნო შტაბში მიჰქონდა.

“პროკრედიტ ბანკში” მხოლოდ ორი თვის ანაზღაურება მივიღე”; ხელფასი “ნაცმოძრაობის” შტაბში ავიღე”, – სოცმუშაკებმა, რომლებსაც ეს უთხრეს “ბათუმელებს”, მათი გვარების ინკოგნიტოდ დატოვება კატეგორიულად მოითხოვეს. მათ ეშინიათ, რომ პრობლემები შეექმნებათ. მათი სახელი და გვარები და პასპორტის ნომრები მერიაში გაფორმებულ ხელშეკრულებებს ემთხვევა.

სოცმუშაკი კ.ბ.: “გარდა ანკეტისა, გვქონდა კიდევ ერთი დამატებითი ფურცელი, სადაც ვწერდით, თუ ვის აძლევდა ხმას ამომრჩეველი, რა პრობლემის მოგვარება სურდა იმის სანაცვლოდ, რომ მხარი “ნაციონალური მოძრაობისთვის” დაეჭირა”.

სოცმუშაკი შ. აცხადებს, რომ უპარტიოა, მაგრამ “ნაცმოძრაობამ” დაიქირავა: ხელფასი 450 ლარი “ნაცმოძრაობის” შტაბში მივიღე და უწყისზე ხელი იქ მოვაწერე”. სოცმუშაკი განმარტავს, რომ მას აგიტაცია იმ კორპუსში ევალებოდა, რომელშიც თავად ცხოვრობს.

“ბათუმელების” გამოკითხული ყველა სოცმუშაკი ფიქრობს, რომ ანკეტების შევსებასა და წინასაარჩევნო აგიტაციაში ფული “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაუხადა, რაც დოკუმენტების მიხედვით ასე არ არის.

მერიის ბიუჯეტინაციონალური მოძრაობის ჯიბე

“ბათუმელების” მიერ მოძიებული მასალებით ირკვევა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდიდან ბათუმში ფული, ფაქტობრივად, არ დაუხარჯია. პარტიის მიერ ცესკოში წარდგენილი საბოლოო ანგარიშის მიხედვით “ნაციონალურ მოძრაობას” ბათუმში ამ არჩევნებზე 38 307 ლარი აქვს დახარჯული. აქედან 10 318 ლარი ფართობების იჯარაში, 15 000 ლარი სარეკლამო მომსახურებისთვის (აჭარის ტელევიზია), ხოლო 12 039 ლარი სატრანსპორტო მომსახურებისთვის (შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტზე”) აქვს გადახდილი. ანუ “ნაციონალურ მოძრაობას” ბათუმში გამოკითხვებისა თუ კვლევებისთვის თანხა პარტიის კოორდინატორებისთვის არ გადაუხდია.

ბათუმის ¹79 საარჩევნო ოლქის ინფორმაციით, 2008 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილს ბათუმში ხმა მისცა 19 452-მა ამომრჩეველმა. ზუსტად ოთხი თვის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში, პრეზიდენტის პარტიამ  ორი ათასით მეტი, ანუ 21 517 ხმა მიიღო.

და ბოლოს, ბათუმის თვითმმართველობა გამონაკლისი არ არის, სადაც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოვლენის პროგრამა განხორციელდა. მაგალითად, თბილისის მერიამ ანალოგიური მიზნობრივი პროგრამის განხორციელებისთვის 15 000 სოცმუშაკი დაიქირავა და 12 მილიონი ლარი დახარჯა.

_______

მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვის~ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდებისნაციონალური წვლილი დემოკრატიისთვის“(NED)  და ,,B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპსგაზეთ ბათუმელებს“. ინფორმაციის გამოყენებისასგაზეთ ბათუმელებისმითითება აუცილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი