ფარული ჩანაწერი – ქობულეთის პოლიციის უფროსი ჟურნალისტს ჩვენების შეცვლას აიძულებს

 

გუშინ, 30 სექტემბერს, ქობულეთში აჭარის ტელევიზიის ქობულეთის ბიუროს ავტომანქანა გაიტაცეს. ამის შესახებ პოლიციას ტელევიზიის ჟურნალისტმა, ნინო ინაიშვილმა შეატყობინა. შეტყობინებიდან გარკვეულ პერიოდში, დაახლოებით ღამის 10 საათიდან, სამი საათის განმავლობაში ჟურნალისტი  პოლიციის შენობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი დაკითხეს, სადაც ის მოყვა, თუ როგორ გაიტაცეს მანქანა. დაკითხვიდან გამოსულ ჟურნალისტს სამმართველოს ეზოში დახვდა ქობულეთის პოლიციის უფროსი – ზაქარია გურჩიანი და მას ჩვენების შეცვლა სთხოვა. პოლიციის უფროსთან ერთად პოლიციის ეზოში იმყოფებოდნენ სავარაუდო ბრალდებულის ახლობელი და მისივე ადვოკატი.

 

ზაქარია გურჩიანი, ქობულეთის პოლიციის უფროსი
ზაქარია გურჩიანი, ქობულეთის პოლიციის უფროსი

ავტომანქანა, რომელიც აჭარის ტელევიზიის სარგებლობაშია, ქობულეთში გუშინ, 30 სექტემბერს გაიტაცეს და დაამტვრიეს. სავარაუდო გამტაცებელი ქობულეთის გამგებლის მოადგილის, რატი მეგრელიძის ნათესავია. ჟურნალისტთან საუბარში ზაქარია გურჩიანი ამბობს, რომ „მეგობარმა“, „ახლობელმა“ დაურეკა ამ საქმეზე. ჩანაწერის მიხედვით დასტურდება, რომ ზაქარია გურჩიანი თითქმის 20 წუთის განმავლობაში არ იშურებს ძალისხმევას ჟურნალისტი დაითანხმოს ჩვენების შეცვლაზე.

 

 

ჟურნალისტ ნინო ინაიშვილის მიმართ წუხელ მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ სხვადასხვა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა. მისგან ყველა ერთ რამეს – ჩვენების შეცვლას ითხოვდა.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პოლიციისთვის ცნობილია სავარაუდო ბრალდებულის ზუსტი ვინაობა, მაგრამ ჯერჯერობით ის არ დაუკავებიათ. გატაცების ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა