“ბიჭია, მას სხვანაირი ტვინი აქვს” – სტერეოტიპები სკოლაში

“კვლევები და ემპირიული მონაცემები აჩვენებს, რომ გოგონები აკადემიური მოსწრებით უტოლდებიან და უსწრებენ ბიჭებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, მაგრამ მათი თვითშეფასება დაბალია, ისინი კვლავ რჩებიან სტერეოტიპების ტყვეობაში და არ განაგრძნობენ სწავლას ტექნიკურ პროფესიებში”, – განაცხადეს თასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენელებმა შეხვედრაზე, თემაზე გენდერული თანასწორობის როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლისათვის, რომელიც დღეს, 5 აგვისტოს თბილისში გაიმართა. 

ქეთევან მამინაიშვილი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს [Millennium Challenge Account – Georgia] დირექტორი გენდერისა და სოციალური თანასწორობის მიმართულებით, ამბობს, რომ 2013-2014 წლებში, როდესაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის განხორციელებისას განათლების სისტემაში გენდერული პრობლემების კვლევა ჩატარდა, შედეგები პრობლემატური აღმოჩნდა. 

 

“გოგონების ნიჭი საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში სასიტემატურად იკარგება სკოლიდან უმღლეს სასწავლებლებამდე განვლილ გზაზე, და ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი, თითქმის მთელი მსოფლიოს გამოწვევაა”, – ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

 

კვლევის დროს ჩატარებული ფოკუს ჯგუფებიც მასწავლებთან და მშობლებთან აჩვენებს, რომ მასწავლებლებისა და მშობლების მხარდაჭერა გაცილებით ნაკლებია გოგონების მიმართ, როდესაც საკითხი საბუნებისმეტყველო და მათემატიკის დარგში სწავლის გაგრძელებას შეეხება.

 

“შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ გოგონების შედეგები ფიზიკასა და მათემატიკაში მაღალია, მათი თვითშეფასება ამ საგნებში ნაკლებია ბიჭებთან შედარებით და უმაღლესი განათლების მისაღებად ისინი აღარ ირჩევენ საბუნებისმეტყველო და მათემატიკის დარგებს. მოსწავლეები სკოლაშივე ისმენენ, “ბიჭია, მას სხვანაირი ტვინი აქვს”. ეს ყველაფერი სასკოლო განათლებიდან იწყება”, – ამბობს ქეთევან მამინაიშვილი. 

 

აღნიშული კვლევის დროს განხილული იყო ასევე 12 კლასის CAT-ის ტესტების [მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები] შედეგები, რამაც აჩვენა, რომ უმნიშვნელოდ, მაგრამ უფრო მაღალია გოგონების შედეგები. 

 

“თუმცა, კითხვაზე, რას ფიქრობენ მასწავლებლები და მშობლები განათლების კუთხით გენდერულ საკითხებზე, მასწავლებლები ფიქრობენ, რომ ბიჭებს მეტი ტექნიკური უნარები გააჩნიათ. მშობლების აზრით კი, “ფუნდამენტური მეცნიერება” და მათემატიკა ბიჭებს უფრო შეეფერება, მიუხედავად, გოგონების კარგი აკადემიური შედეგებისა. მშობლებისა და მასწავლებლების ასეთი დამოკიდებულება ერთად აღებული კიდევ უფრო ამყარებს სტერეოტიპს, რომ STEM [საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიურ და საინჟინრო (Science, Technologies, Engineering and Mathematics] გოგონებისთვის არაა. ცხადია, რომ მშობლებისა და მასწავლებელების დამოკიდებულება გადამწყვეტ როლს თამაშობს წააახლისებენ თუ არა ისინი გოგონებს STEM საგნების მიმართ”, – ამბობს ქეთევან მამინაიშვილი.

 

აქვე, გამოკითხული მოსწავლეების 59.2% თანხმდება იმაზე, რომ საქართველოში ოჯახის როლი და სოციალური მოლოდინები გოგონების კარიერულ არჩევანზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. 

 

აღნიშული სტერეოტიპები, როგორც ირკვევა საგნებისა და სფეროების მიხდვით, მოსწავლეთა და სტუდენტთა გადანაწილებაზე პირდაპირპროპორციულად ახდენს გავლენას – მაგალითად, საინჟინრო ფაკულტეტეზე ქალების დაახლოებით 16% აბარებს, მაშინ როდესაც კაცების წილი ამ სპეციალობებში, თითქმის, 84%-ია. იგივეა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობაშიც – 71%-კაცი და მხოლოდ 29% ქალი. განსხვავებული სურათია სხვა სპეციალობებში, მაგალითად, სამედიცინოზე, სადაც დაახლოებით, 29% ბიჭი და 71%-გოგო აბარებს.

 

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი თამარ საბედაშვილი ამბობს, რომ ცალსახა პასუხი, როგორ უნდა დაინგრეს ეს სტერეოტიპი, არ აქვს, თუმცა, შედეგების სწრაფად მისაღწევად, ფიქრობს, რომ სკოლის როლი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

“ყველას გვახსოვს სკოლიდანვე, რომ თუ კარგი იყავი მათემატიკაში, გეუბნებოდნენ, კაცის ტვინი გაქვსო. მასწავლებლის როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მთელი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს იმაზე, რომ აეხსნას მასწავლებლებს, რა ზიანი მოაქვს მათ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას მოქალაქეების კარიერული წინსვლის საკითხში”, – ამბობს თამარ საბედაშვილი. 

 

ნათია გორგაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის მკვლევარია. ამბობს, რომ მისი პირადი კვლევითი სამუშაოსა და კვლევის დროს, რომელიც OSCE-ს მხარდაჭერით 2013 წელს მისმა ორგანიზაციამ ჩაატარა, სკოლებში გენდერული კუთხით ბევრი სხვა პრობლემაც გამოკვეთა. 

 

“მასწავლებლების ფაქტორზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სასკოლო სახელმძღვანელოები, რომელიც არაქვეცნობიერად როგორც ბავშვის, ასევე პედაგოგის დამოკიდებულებებსაც ცვლის. ყველა დაწყებითი კლასის სახელმძღვანელო გავაანალიზეთ. მაგალითად, მათემატიკის სახელმძღვანელოს ამოცანებში, სადაც რაოდენობრად კარგად არის დაბალანსებული ქალი და კაცი, თვისობრივად პრობლემები აღმოჩნდა – გოგონებს არასდროს აქვს ფული, დედა აცხობს ტორტებს, კაცებს კი დიდი შემოსავალი აქვთ და ხშირად მოგზაურობენ. საბოლოო ჯამში, ყოველი ასეთი დეტალი მუშაობს იმაზე, რომ გოგონების შეფასება არ არის ადეკვატური მათი ცოდნისა და კომპეტენციების”, – ამბობს ნათია გორგაძე. 

 

გარდა ამისა, როგორც განათლების საკითხთა მკვლევარი ამბობს, ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ილიას უნივერსიტეტის გარდა, არცერთ სასწავლებელს არ აქვს სასწავლო კურიკულუმში გენდერული საკითხები. ამასთან, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის გარდა, როგორც ნათია გორგაძე ამბობს, არცერთი ნორმატული დოკუმენტი არ ახსენებს მასწავლებელს, რომ გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანია. 

 

მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოციალურ და გენდერულ აპსექტებს, რაც მჭიდროდ არის ინტეგრირებული კომპაქტის ყველა მიმართულებაში. 

 

მისი განმარტებით, მასწავლებლებისთვის ჩატარდება ტრენინგები და აღნიშნული გამოცდილება, სასწავლო გეგმა შემდეგ გადაეცემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს. 

 

“მიჩნეულია, რომ გენდერულ უთანასწორობას შეუძლია მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი ქვეყნის განვითარებას. ამგვარად, გენდერული საკითხების ინტეგრირება უზრუნვლეყოფს გოგონებისათვის წვდომას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ინვესტიციით მიღებულ სარგებელზე, რესურსსა და ხარისხიან განათლებაზე, რაც, თავის მხრივ, ამაღლებს მათ მოტივაციას, განაგრძონ სწავლა განათლების შემდგომ საფეხურებზე. კომპაქტის ამოცანაა, საქართველოში განვითარდეს კვალიფიციური სამუშაო ძალა საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიურ და საინჟინრო (Science, Technologies, Engineering and Mathematics – STEM) სფეროებში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერების გზით”, – აცხადებენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდში. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნინო კახიშვილი