ახალი ამბები

პრემიერი RMG–ის მოწინააღმდეგეებს: მათ პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ

3 აპრილი, 2015 • 1456
პრემიერი RMG–ის მოწინააღმდეგეებს: მათ პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ

პრემიერმა ბოლნისში RMG–ის მუშაობის მოწინააღმდეგეთა ქმედებებს “უპასუხისმგებლო”, “ანტისახელმწიფოებრივი” და “მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული” უწოდა.

 

“მე ვიცი, რომ დიდი პრობლემები შეექმნა ბოლნისში RMG კომპანიას, სადაც მუშაობს 3 000 ოჯახი. მთელი ბოლნისის რაიონი არის დამოკიდებული ამ კომპანიის მუშაობაზე. 2012 წელს 20 მილიონი ლარის შემოსავალი ქონდა ბოლნისის რაიონს. გასულ წელს მთლიანად ჩვენმა ბიუჯეტმა დააფინანსა ბოლნისის რაიონი იმიტომ, რომ კომპანია იყო აბსოლუტურად პარალიზებული, გაჩერებული იყო სამუშაოები. 3 000 ოჯახის შენახვას ჭირდება მილიონობით ლარი. მე მაინტერესებს, უბრალოდ, ამ ადამიანებს თუ აქვთ გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, მათ არც პასუხისმგებლობა გააჩნიათ, არც გააზრებული აქვთ ის რისკი, რომლის წინაშეც ეს 3 000 ოჯახი დგას. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, მე ვიტყოდი, ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. რაც მოხდა ბოლნისის საწარმოსთან მიმართებაში, რაც ხდება ახლა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წინააღმდეგ, ეს არის პირდაპირი დივერსია და ამით უნდა დაინტერესდეს სამართალდამცავი ორგანოები,”– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი RMG-ის თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც მას მარნეულის გამგეობის შენობასთან დახვდნენ.

 

“პრემიერ-მინისტრმა RMG-ის თანამშრომლებს პირობა მისცა, რომ ხელისუფლება საწარმოს მუშაობის ხელშეშლას არ დაუშვებს,”– ნათქვამია პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ბოლნისის რაიონში,  საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე კომპანია RMG-მ სამთო მოპოვებითი სამუშაოები 2014 წლის 13 დეკემბერს განაახლა. ამას “საყდრისის მცველებისგან” საპროტესტო აქციების სერია მოჰყვა.  მათი განცხადებით, საყდრისი-ყაჩაღიანი საერთაშორისოდ აღიარებული კულტურული მემკვიდრეობაა ჩვ.წ.აღ-ის მეოთხე ათსწლეულიდან. 2015 წლის დასაწყისში Europa Nostra-მ, რომელიც ევროპაში კულტურულ მემკვიდრეობას ლობირებს, საყდრისი–ყაჩაღიანთან დაკავშირებით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ყველა მხარეს მოუწოდებდა მიეღოთ საჭირო ზომები, რათა “უნიკალური მომკვიდრეობის განადგურება” შეწყვეტილიყო.

 

საყდრისის საკითხს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თავის ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში შეეხო. როგორც მან 31 მარტს განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე  საყდრისის აფეთქება სასამართლოს უპატივცემულობაზე მეტყველებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი