ახალი ამბები

ცხოველთა ევთანაზიასთან დაკავშირებული სადავო მუხლები კანონპროექტიდან ამოიღეს

31 მარტი, 2015 • • 3649
ცხოველთა ევთანაზიასთან დაკავშირებული სადავო მუხლები კანონპროექტიდან ამოიღეს

ფხალაძის თქმით, კანონპროექტი, რომელშიც შესწორება შევიდა, 1 აპრილს გამოქვეყნდება. იმ კანონპროექტში, რომელიც ახლაა გამოქვეყნებული და თბილისში ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დარეგულირებას ითვალისწინებს, მეცხრე მუხლი ცხოველთა ევთანაზიას ეთმობა, სწორედ ის საფუძველები გახდა არაერთი პროტესტის საგანი, რომელთა გამოც ძაღლებისა და კატების ევთანაზია დასაშვები ხდებოდა.

 

რა შეიძლებოდა ყოფილიყო ევთანაზიის საფუძველი?

 

თბილისის საკრებულოში წარდგენილ კანონპროექტში წერია, რომ ევთანაზია გამოიყენება მაშინ, როდესაც ცხოველი ვერ ეგუება თავშესაფარში განთავსების პირობებს, იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში და იტანჯება.

 

“ნებისმიერი ცხოველი, რომელიც იმყოფება თავშესაფარში, შეუძლებელია სტრესში არ იყოს, ჯერ ლასოთი დაიჭერენ, შემდეგ თავშესაფარში გადაიყვანენ… ის კი არა, კერძო თავშესაფარში როცა არიან, ისიც სტრესულია მათთვის და, მით უმეტეს, მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც შედარებით ცუდი პირობებია. აქედან გამომდინარე, მიზანმიმართულადაა ეს კანონპროექტი გაწერილი, რათა მოხდეს ცხოველთა მასობრივი ევთანაზია”, – ამბობს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანი.

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი თემურ ფხალაძე, რომელიც ამ კანონპროექტზე მუშაობდა, “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ევთანაზიის ეს საფუძველი შესწორებაშეტანილ კანონპროექტში აღარ იქნება.

 

აღნიშნული მუხლის გარდა, კანონპროექში ასევე აღარ იქნება მუხლი, რომლის მიხედვითაც ევთანაზიის გამოყენება დაშვებულია იმ ცხოველების მიმართ, რომელთაც ვერ დაუდგინდათ პატრონი და ვერ მოიძებნა მათი ჩუქების თუ მიკედლების მსურველი. ამასთანავე, თავშესაფარს არ გააჩნია ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და თავშესაფარში ცხოველის დატოვების ფაქტი უარყოფითად აისახება თავშესაფრის გამტარიანობაზე და მის სანიტარულ-ვეტერინარულ მდგომარეობაზე, ხოლო კასტრაცია-სტრელიზაციის გარეშე ცხოველის დაბრუნება ბინადრობის პირვანდელ არეალში ვერ უზრუნველყოს ცხოველთა პოპულაციების მართვა-კონტროლის მიზნებს.

 

თემურ ლაჭყეპიანი ამბობს, რომ არ ესმის, რას ნიშნავს სტერილიზაციის გაკეთების რესურსის არარსებობა. მისი თქმით, სტერლიზაცია 10-15 ლარი ჯდება და სააგენტოს ბიუჯეტი ამ საკითხს უნდა ხმარდებოდეს, თავად ფხალაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ვერ აკონკრეტებს, რა ჯდება ერთი ცხოველის კასტრაცია-სტერილიზაცია.

 

გარდა ამისა, ლაჭყეპიანი ამბობს, რომ ყველა გამოძახებაზე თუ რეაგირება არ  მოხდება, თავშესაფარი არ გადაივსება და თავშესაფრის გამტარიანობის საკითხიც არ დადგება:

 

უსახლკარო ძაღლები
უსახლკარო ძაღლები

 

“მასობრივად აჰყავთ ნებისმიერი ძაღლი, რომელიც თვალში არ მოუვათ. რის საფუძველზე აჰყავთ? – ან აგრესიული უნდა იყოს, ან ეჭვი უნდა იყოს, რომ ის არის დაავადებული. თუ განუკურნებული სენითაა დაავადებული, სუფთა ჰაერზე მოკვდეს, ვიდრე ტყვეობაში, თუ საფრხეს წარმოადგენს ადამიანისთვის, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი აყვანა, ამაშია საქმე”, – ამბობს ის.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში უამრავი ცხოველი აღმოჩნდება ევთანაზიის აუცილებლობის წინაშე, რადგან ამავე კანონპროექტის მიხედვით, თავშესაფარში მოხვედრიდან 10 დღეში ენიჭება ცხოველს პატრონიანის ან უპატრონოს სტატუსი. ლაჭყეპიანის თქმით, საქართველოში არსებული პრაქტიკით ცხოველთა მცირე რაოდენობის შეფარება ხდება, შესაბამისად, თავშესაფარი მალე გადაიტვირთება.

 

“ვაქცინირებული, იდენტიფიცირებული ძაღლები ქუჩაში ცხოვრობენ ევროპის ქვეყნებში და არანაირი პრობლემა არ არის  და რატომ არის ეს პრობლემა თბილისში, საინტერესოა”,- ამბობს ლაჭყეპიანი.

 

თემურ ფხალაძე ამბობს, რომ ახლანდელი კანონპროექტი ითვალისწინებს ცხოველების პირვანდელ არეალში დაბრუნებას და ის უბრალოდ სპეკულირების საგანი გახდა, თუმცა არ აკონკრეტებს იმ მიზეზებს, თუ რატომ დათანხმდნენ კანონპროექტის ავტორები მუხლების ამოღებას:

 

“რაც მწვავე საკითხი იყო და მიუღებელი ადამიანებისთვის, გათვალისწინებული იქნა და დაკორექტირდა, ასე რომ, დამერწმუნეთ, ტექსტი ისეთი სახით იქნება მიღებული, რომ აბსოლუტური უმრავლესობისთვის მისაღები და ჰუმანური იქნება და გათვალისწინებული იქნება როგორც მოსახლეობის, ისე ცხოველების კეთილდღეობა და უფლებები”,- ამბობს ის.

 

როგორი იქნება ახალი კანონპროექტი?

 

იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ამჟამინდელ კანონპროექტს აპროტესტებენ, მოამზადეს კანონის თავისი ვერსიაც, რომელიც მათივე თქმით დასახვეწია. კანონპროექტი საკრებულოში შეიტანეს და მასში წერია, რომ ცხოველების მოკვდინება (ჰუმანური მეთოდებით) ტკივილის შეწყვეტის მიზნით ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი იმყოფება სიკვდილის წინა სტადიაში.

 

ოდნავ განსხვავებულია ის კანონპროექტი, რომელიც შესწორებების შემდეგ გამოქვეყნდება, ტკივილის შეწყვეტის მიზნის გარდა, კანონპროექტი ცხოველთა მოკვდინებას იმ შემთხვევაშიც ითვალისწინებს, რომელიც აგრესიულია და საფრთხეს უქმნის ადამიანებს:

 

“ცხოველთა ევთანაზია შეეხება მხოლოდ და მხოლოდ ისეთი დაავადებული ცხოველებს, რომელთა მკურნალობა არეფექტური და საშიშია და ასევე განსაკუთრებული აგრესიულობით გამორჩეული ცხოველები, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანს და სხვა ცხოველს. სხვა შემთხვევაში, როდესაც ცხოველი არის მშვიდი და ჯანმრთელი, მათი ევთანაზია არც განხორციელებულა და არც განხორციელდება”,- ამბობს ფხალაძე.

მისივე ინფორმაციით, თავშესაფარმა ჩაატარა 461 სტერილიზაცია, 414 კასტრაცია, 63 სხვა სახის ოპერაცია, მაგალითად, ტრავმირებული ძაღლის ოპერაცია. თავშესაფრიდან 268 გასხვისდა, 1000-ზე მეტი ცხოველი დაბრუნებულია ბინადრობის პირველ არეალში. უსახლკარო ცხოველების რაოდენობის შესახებ ქვეყანაში ჯერ-ჯერობით სტატისტიკა არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი