ახალი ამბები

ვინ დაუჭერს მხარს კანონპროექტს, რომელმაც შესაძლოა აღარ მოგცეთ საშუალება “იყოთ შარლი”

26 იანვარი, 2015 • • 1136
ვინ დაუჭერს მხარს კანონპროექტს, რომელმაც შესაძლოა აღარ მოგცეთ საშუალება “იყოთ შარლი”

რას ითვალისწინებს შსს-ს კანონპროექტი

პარიზში სატირული გაზეთის, შარლი ებდოს რედაქციაზე განოხრციელებული თავდასხმის შემდეგ საქართველოს მთავრობა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებას ითვალისწინებს, თუმცა პარლამენტში უკვე ინიცირებულ კანოპროექტში გათვალისწინებულია ახალი მუხლი, რომელიც იურისტების ნაწილმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დებულებად მიიჩნია, ეს კი სწორედ ის ღირებულებებია, რომლის დასაცავადაც ბოლო ხანებში მსოფლიოში (მათ შორის საქართველოში) არაერთი ადამიანი გაერთიანდა “მე ვარ შარლის” ლოზუნგის ქვეშ. “მე ვარ შარლი” სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.


მე ვარ შარლი - აქცია პარიზში @ EPA/IAN LANGSDON
მე ვარ შარლი – აქცია პარიზში @ EPA/IAN LANGSDON

 

სწორედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე აკეთებდა აქცენტს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, “მე ვარ შარლის” ფარგლებში ჩატარებული სოლიდარობის აქციაში მონაწილეობისას. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტით კი სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ხდება მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ასევე, მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით. კანონპროექტის ავტორების მიერ შემოთავაზებული წინადაებით მსგავსი მოწოდების გამო პირი ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით უნდა დაისაჯოს, ხოლო  თუ იგივე ქმედება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდებას გამოიწვევს, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, სიცოცხლის მოსპობაში ან სხვა მძიმე შედეგში გამოიხატება – 8–დან 15 წლამდე. კანონპროექტის მიხედვით, 239-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

 

დეპუტატების პოზიციები

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ზემოხსენებულ საკითხის დაკანონებას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ შესაბამისი მუხლი  მოდიფიცირებას განიცდის და ძალადობისაკენ მოწოდება ტექსტში პირდაპირ დაუკავშირდება მყისიერ მოქმედებას. მხოლოდ და მხოლოდ მოწოდების გამო, რომელსაც ეფექტი, ანუ  შემდგომი ძალადობრივი ქმედებები თან არ ახლავს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკსირებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს:

 

“კარგად მესმის, რომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმ რეალობის გამოსასწრებლად, რაც ქვეყანაში გვაქვს… ის, რომ ადამიანები პირდაპირ გამოხატავენ თავიანთ რასისტულ პოზიციებს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ასე მარტივად მოგვარებადი საკითხი არ არის და ასე ხისტად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებით შედეგი ვერ იქნება”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ისეთი მოწოდების შუღლის გაღვივების მცდელობად დაკვალიფიცირება, რომელსაც შემდგომი ძალდობრივი ქმედებები არ მოჰყვება, ძალიან რთული იქნება. ისეთი ტერმინების განჭვრეტადობას, როგორიცაა შუღლის გაღვივება და განხეთქილების ჩამოგდების საფრთხე, სადავოს არასამთავრობო სექტორის ნაწილიც ხდის, რადგან უცნობია, რა კრიტერიუმით უნდა განსაზღვრონ პროკურორებმა და შემდეგ უკვე მოსამართლეებმა, რომელი განცხადებაა ადამიანებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობა. მაგალითად, ამა თუ იმ კონფესიის წარმომადგენლების მწვალებლებად მოხსენიებაა შუღლის გაღვივება, თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნა?

 

“ზუსტად იმიტომ არ მომწონს ეს მუხლი, რომ ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს… არ ვიცი, ვინ რას იგულისხმებს შუღლის გაღვივებაში. ადამიანებისთვის რელიგიური ნიშნით მწვალებლების დაძახებაა ეს, თუ მათი ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნა. თუ ამას ვლაპარაკობ ისე, რომ ჩემს არც ერთ სიტყვას რეალური მოქმედება არ მოჰყვება და ეს მხოლოდ მოსაზრებაა, მაშინ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენება ძალიან მაღალი სანქცია იქნება. შეიძლება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მოსაზრების გამო ასეთი მაღალი სანქციის დაშვება არ შეიძლება”, – ამბობს კორძაია.

“სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ეს არის დემოკრატის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და  ძალიან მნიშვნელოვანი უფლება, რომელზეც დემოკრატიული საზოგადოება დგას. ამ უფლების ხელყოფისთვის მთელი დემოკრატიული საზოგადოება დადგა ერთად პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ. მაგრამ თუ ჩვენ ევროპულ სტანდარტზე ვსაუბრობთ, სიტყვის თავისუფლება არ გახლავთ აბსოლუტური უფლება და ის შესაძლებელია შეიზღუდოს”, – ეს კორძაიას თანაკოალიციელის, დეპუტატ მანანა კობახიძის სიტყვებია. იგი შსს-ს ინიციატივას იზიარებს და თვლის, რომ შუღლის გაღვივების კუთხით ქვეყანაში გარკვეული ტიპის გამოწვევები არსებობს, რასაც სახელმწიფომ უნდა უპასუხოს. კითხვას, კონკრეტულად რა მიაჩნია შუღლის გაღვივების მცდელობად, დეპუტატი პასუხობს:

 

“მაგალითად, როდესაც ქობულეთში მედრესეზე ღორის თავი დაკიდეს, ეს იყო ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი ფაქტი, მართლმადიდებელი საზოგადოებაც აღაშფოთა ამ ვანდალურმა აქტმა, რომელიც ემსახურბეოდა შუღლის გაღვივებას მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლება… ეს არ შეიძლება იყოს გამოხატვის თავისუფლება, ამან შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს, მასობრივ დესტაბილიზაციამდე”.

როგორც ირკვევა, ხსენებული საკანონმდებლო ინიციატიების გასაცნობად ჯერჯერობით ვერ მოიცალეს პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიების, თავისუფალი დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. უმცირესობის წევრ მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები პარლამენტის თბილისში მდებარე შენობაში არ დადიან, ამიტომ კანონპროექტს დეტალურად ვერ გაეცნენ და ამის გაკეთებას ამ კვირაში აპირებენ. მისივე თქმით, ისინი მხარს არ დაუჭერენ ისეთ ნორმას, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს გააჩენს:

 

“მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მკაფიო ჩანაწერი იქნება. კარგად გავაანალიზებთ, რას გულისხმობს ეს ხელისუფლება. კანონდმებლობაში ეშმაკი დეტალებშია, ამიტომ ყველა დეტალს შევისწავლით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებისგან კარგს არაფერს ველით”, – ამბობს მაჭავარიანი.

“იქ, სადც შეკითხვა შეიძლება გაჩნდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ცალსახად ვარ განწყობილი  იმ პოზიციაზე, რომ ასეთი ინიციატივა არ უნდა მივიღოთ, რადგან სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და შეუცვლელი ნორმაა”, – ეს ეროვნული ფორუმის წარმომადგენლის, დეპუტატ ანი მიროტაძის სიტყვებია. მისი თქმით, ის საკითხები, რასაც ეს კანონპროექტი ეხება, ძალიან ფაქიზია. დეპუტატის თქმით, იგი იზიარებს პოზიციას, რომ დანაშაულის წახალისება დასჯადი უნდა იყოს, თუმცა “ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ აღმოჩნდება, რომ შემოთავაზებული ნორმა დასახვეწია და საფრთხეს შეუქმნის სიტყვის თავისუფლებას,  მას დაეთანხმება”.

 

“როდესაც ადამიანი გაიშვერს ხელს მუსლიმისკენ ან სხვა ჯგუფის წარმომადგენლისკენ და იტყვის, რომ ის განსხვავებულია და ჩავქოლოთო, ეს არის მოწოდება [შუღლის გაღვივებისკენ], მაგრამ როდესაც ადამიანი იტყვის, რომ მე ჩემს რელიგიას პატივს ვცემ და ის ყველაზე მაგარი რელიგიააო და დანარჩენებსაც მოუწოდებს ამის აღიარებისკენ, ეს არ არის შუღლის გაღვივება. შეიძლება მე, როგორც ქრისტიანს, ეს არ მომეწონოს, როდესაც, მაგალითად, ამას სხვა სარწმუნოების მქონე ადამიანი განაცხადებს, მაგრამ შუღლის გაღვივება არ არის. აქ ზღვარი უნდა გაივლოს. ნორმა ძალიან ნათელი უნდა იყოს, და თუ ის ბუნდოვანია და გაუგებრობას იწვევს, მუშაობის პროცესში მისი გამოსწორება აბსოლუტურად შესაძლებელი იქნება”, – აღნიშნავს დეპუტატი მიროტაძე. პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას მისი დახვეწის შესაძლებლობაზე მანანა კობახიძეც საუბრობს. მისი თქმით, კანონი აუცილებლად უნდა იყოს განჭვრეტადი.

 

თამარ კორძაიას თქმით კი,  ბუნოდვანი ნორმის დაკანონება მოქალაქეებს თვითცენზურისა და შეზღუდვისკენ უბიძგებს. იგი ფიქრობს, რომ მხოლოდ მოსაზრებების გამოხატვის  გამო, თუ მას მყისიერი ძალადობრივი ეფექტი არ აქვს, ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისირება ზედმეტად მკაცრი სანქცია იქნება.

 

“ადამაინები ვერ მიხვდებიან, მათმა რომელმა გამონათქვამებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც თვითცენზურის საფუძველი გახდება.  ჩვენ არ შეიძლება მივიღოთ კანონები, რომელიც მედიას და ადამიანებს თვითცენზურისკენ მოუწოდებს და განჭვრეტადი არ არის. ჩემი ეს მოსაზრება, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ აგრესიულ განცხადებებს ვუჭერ მხარს, მაგრამ ასევე არ დავუჭერ მხარს იმას, რომ თუნდაც კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შეეშინდეთ ადამიანებს ქვეყანაში არსებული კანონების გამო. გარდა ამისა, გამოხატვის თავისუფლება ზუსტად პროვოკაციასაც გულისხმობს… კარგი გაგებით ოღონდ, თემის და პრობლემის წამოწევის თვალსაზრისით. ევროპის სასამართლოს აქვს ნათქვამი, რომ მედიას და მოქალაქეებს ამის უფლება აქვთ.

 

მოგეხსენებათ, რომ დღეს იქმნება ჯგუფები გარკვეული აქციების ორგანიზებისთვის, ზოგი არის შარლი ებდოს მხარდსაჭერად, ზოგი აქციას მართავს “თავისუფალ ზონასთან” და ითხოვს მის დახურვას. აქ ხომ არის მოქალაქეებს შორის შუღლის გაღვივების ელემენტები? მაგრამ გაპროტესტება დასჯადი არ უნდა იყოს, თუ ის არ მიიღებს მოქმედების ფორმებს: ოფისში შევარდნის მცდელობებს და ასე შემდეგ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი