ახალი ამბები

ღარიბაშვილი საყდრისზე: 3 000 ოჯახის დასაქმება და ბედი უფრო მაღელვებს

24 დეკემბერი, 2014 • • 1510
ღარიბაშვილი საყდრისზე: 3 000 ოჯახის დასაქმება და ბედი უფრო მაღელვებს

“გუშინ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა. ჩვენ ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ ორივე მხარეს და არ შეიძლება მხოლოდ ერთ მხარეზე დაყრდნობით გავაკეთოთ დასკვნები. ის, რომ ამ კომპანიაში დასამებულია 3 000 ოჯახი, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ამ კომპანიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შენატანები და ბოლნისის რიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპანიის აქტიურ მუშაობა. დანარჩენი, თუ რამე იურიდიული საკითხი იყო გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი, ამაზე იმუშავებს კულტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ყველა ის უწყება, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. ჩვენ უნდა მივიღოთ გონივრული და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება. არ შეიძლება, მხოლოდ ემოციას აყოლილი აჟიოტაჟი გახდეს გადაწყვეტილების მიმღები და ამ პროცესში დაზიანდეს კიდევ უფრო მეტი სიკეთე, როგორიც არის 3 000 ოჯახის დასაქმება და მათი ბედი, მე ეს უფრო მაღელვებს”,-განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

 

23 დეკემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს კომპანია RMG Gold-ის თანამშრომლებმა, რომლებიც მოითხოვენ, რომ გაგრძელდეს კომპანიის მიერ სამუშაოები, რასაც საყდრისის დაცვის გამო ეწინააღმდეგება მოქალაქეთა ჯგუფი. აქციის მონაწილეები ჯერ პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.

 

პრემიერის თქმითვე, მისთვის ძვირფასია თითოეული არქეოლოგიური ობიექტი და კულტურული ძეგლი და მხელისუფლების ცვლილების შემდეგ რესტავრირებული კულტურული ობიექტების რაოდენობა დაიმოწმა:

 

“ჩვენი მთავრობაში მოსვლის შემდეგ გავარემონტეთ, ძალიან ბევრი ძეგლი აღვადგინეთ და აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ ბრალდებები რაც, მე ვფიქრობ, მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელია, ვინაიდან მინდა ყველას შევახსენო, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით 700-ზე მეტი კულტურული ძეგლი არის აღდგენილი საქართველოში. ეს, მე მგონი, ყველაფერზე მიუთითებს და ყველაფერი პასუხგაცემულია ამ კონკრეტული ციფრით”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 120-მდე ძეგლი არის რეაბილიტირებული და 50-მდე არქოლოგიური გათხრაა დაფინანსებული უშუალოდ მთავრობის მიერ, ხოლო ბოლო ორი წლის მანძილზე  “ქართუ ფონდის” სახრებით დამატებით 100-მდე ძეგლია რეაბილიტირებული.

 

კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლას. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა.

 

საყდრისი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი