მაჩალიკაშვილი მზად არის, სუს-ს ჩვენება მისცეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სუს-ის ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ მზად არის უწყებაში მისასვლელად და ჩვენების მისაცემად. მაჩალიკაშვილის თქმით, 7 მაისს, როდესაც დაკითხვაზე მისვლაზე უარი თქვა, არ იცოდა, რომ თემა სუს-ის ჩანაწერებს ეხებოდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც პარლამენტთან საპროტესტო კარვებით უკვე რამდენიმე თვეა აქციას მართავს, ჟურნალისტებთან ამბობს, რომ სუსი მის დასაკავებლად ყველაფერს აკეთებს, მათ შორის, ცდილობს იარაღის უკანონო მფლობელობასა თუ რეალიზაციაში დაადანაშაულოს.

“იმათ უნდათ ამოაგდონ სადმე რაღაც – ან მე შევისყიდე იარაღი, ან მე მივიტანე იარაღი, ან სადმე მქონია შეხება იარაღთან, ან შესყიდვასთან რაიმე კავშირი – ამის შემდეგ კი მათ შეეძლებათ ტერაქტთან დაკავშირებით რაიმე დამაბრალონ. იქ ყველა ადამიანი, ვინც ზის, თემირლანის სისხლში აქვს ხელი გარეული.

ჩემს ადგილას ნებისმიერმა საქართველოში მაცხოვრებელმა ადმაიანმა ერთი წუთით წარმოიდგინონ თავი. იმიტომ არ მივდივარ მანდ, მაგრამ რომ მცოდნოდა ამ საკითხს ეხებოდა, მე წავიდოდი. ახლა ნებისმიერ დროს წავალ”, – ამბობს მაჩალიკაშვილი.

რაც შეეხება ჩანაწერს, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მკვლელობას ვერ ჩაიდენდა, რადგან საქართველოს მოსახლეობას პატივს სცემს.

“ერთი წელია იმაზე მუშაობენ, რომ როგორ გავანადგუროთ ბატონი ვახა, როგორ დავამწყვდიოთ ციხეში. მე გავიფიქრე, მე მომივიდა ეს აზრი, მაგრამ მე ამას ჩემში ვკლავ. იმ ძალას ვნახულობ ჩემში, რომ საქართველოს მოსახლეობის თანაგრძნობას ვხედავ და არ ვარ წამსვლელი ამაზე. მაგრამ, როგორც ასეთი, მე ვაინახი, ქისტი, ჩეჩენი კაცი ვარ, მე მომიკლეს სახლში შვილი, მე მომიკლეს ჩემს თვალწინ ერთადერთი ვაჟი, მაგრამ მეც მაქვს ჩემი ღირსება და ჩემი კაცობა.

მაგრამ ამის მიუხედავად, მე მაინც ვცემ საქართველოს პატივს და მაინც ვაკეთებ ისე, რომ კანონის ფარგლებში დავსაჯო ეს ადამიანები. მე არ მეშინია ციხის. მე ციხიდან ვირბძოლებ. მე მუხლებზე დაცემულიც ვიბრძოლებ. თუ დამნაშავე ვარ, დამიჭირონ, აქ ვარ”, – განმარტავს მაჩალიკაშვილი.


გუშინ, 7 მაისს სუს-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სუს-ის თქმით, სწორედ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით კი, გავრცელებული ჩანაწერი ფაბრიკაციაა და მის ნათესავთან ამ საკითხზე არ უსაუბრია.

“აზრზე არ ვარ, სად არის გოგაშვილის მამა დაკრძალული, ან ვინ არის. მეორე, აქ ვდგავარ და იმას ვცდილობ, კანონის ფარგლებში დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე  და ვინც მის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა. მაჩხაანში რა მინდა, თუ მაგის სურვილი მაქვს, გოგაშვილი თბილისში ცხოვრობს. ასეთი საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის ფაბრიკაცია, მონტაჟი”, – უთხრა რუსთავი 2-ს მაჩალიკაშვილმა.

ამავე თემაზე:

5 შეკითხვა, რომელიც მაჩალიკაშვილზე სუს-ის ბრიფინგმა გააჩინა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან