ახალი ამბებისამართალი

5 შეკითხვა, რომელიც მაჩალიკაშვილზე სუს-ის ბრიფინგმა გააჩინა

7 მაისი, 2019 • 2628
5  შეკითხვა, რომელიც მაჩალიკაშვილზე სუს-ის ბრიფინგმა გააჩინა

შეკითხვები, რომელიც სუს-ის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილის თაობაზე დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ და აუდიო ჩანაწერმა გააჩინა.

1. არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური?

სუს-ის განცხადების მიხედვით, ჩანაწერი 2019 წლის 23 მარტსაა გაკეთებული პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მაჩალიკაშვილს კარავი აქვს გაშლილი. მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ჩანაწერი ფაბრიკაციაა. არსებობს თუ არა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ხმის და თარგმანის ავთენტურობას,ადასტურებს?

2. არის თუ არა ამოღებული იარაღი, საბრძოლო მასალა ან ასაფეთქებელი მოწყობილობა?

სუს-ის მიხედვით, გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დღეს გავრცელებული ჩანაწერი მოიპოვეს და მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დაკითხეს, ორი მუხლით მიმდინარეობს.

  1. სსკ-ის 323 პრიმა

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით.

      2. სსკ-ის 18-323

ტერორისტული აქტის მომზადება

როგორც მუხლების შემადგენლობიდან ჩანს, 323 პრიმას შემადგენლობისთვის საჭიროა, რომ ფიგურანტს ტერორისტული მიზნებისთვის  იარაღი ან ასაფეთქბელი საშუალება ჰქონდეს.

რაც შეეხება 18-323-ს, ანუ ტერორისტული აქტის მომზადებას.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით, “დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა”. სწორედ ტერაქტის მომზადებაზეა საუბარი სუს-ის მიერ დღეს გახმაურებულ საქმეში.

რა იგულისხმება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნაში? – კანონმდებლობაში ეს საკითხი უფრო მეტად განმარტებული არ არის, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სისხლის სამართალი ქმედებების სამართალია და არა აზრების, სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე მეცნიერები თანხმდებიან, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობის ჩამოყალიბებისათვის განზრახვასთან ერთად აუცილებელია გარკვეული ქმედებების არსებობაც. დანაშაულის მომზადების არსზე უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.

ჩნდება კითხვა: მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარს (ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში) მოჰყვა თუ არა რაიმე ტიპის ქმედებები? მართლაც იმყოფებოდა თუ არა მორის მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის მამის საფლავზე, მოიპოვა თუ არა რაიმე ტიპის ინფორმაცია, დაგეგმა თუ არა შემდგომი ქმედებები და, რაც მთავარია, ჰქონდათ თუ არა შესაბამისი იარაღი.

3. არის თუ არა ტერორიზმი რელევანტური მუხლი?

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ტერორისტული აქტი არის აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

ტერორისტულ მიზანს იგივე კანონი ამგვარად განმარტავს:

ამ თავის მიზნებისათვის ტერორისტული მიზანი არის მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება.

სუს-მა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე. გვინდა ვაუწყოთ საზოგადოებას, რომ აღნიშნული უმძიმესი დანაშაული თავიდან იქნა აცილებული უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევის შედეგად”. სუსი მეტ განმარტებას, თუ რატომ აკვალიფიცირებენ ამ საქმეს ტერორიზმად, არ აკეთებს.

კითხვა: ჯდება თუ არა მაჩალიკაშვილის შესაძლო განზრახვა სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული მიზნის განმარტებაში?

4. რატომ გავრცელდა ინფორმაცია შესაძლო ტერაქტზე იმ ეტაპზე, როცა სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა?

სუს-ს არც მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის და არც მისი ძმისშვილისთვის წარუდგენია ბრალი. მორის მაჩალიკაშვილმა მოდულის შენობა დაკითხვის შემდეგ ადვოკატთან ერთად დატოვა, თუმცა მანამდე სუსმა საზოგადოებას ამცნო, რომ “უმძიმესი დანაშაული” აიცილეს თავიდან.

თუ სუს-ის ეს განცხადება სწორია, რატომ არ წარუდგინეს ბრალი მაჩალიკაშვილებს ბრიფინგთან ერთად, ხოლო თუ ბრალის წარდგენას არ აპირებდნენ, რატომ დაადანაშაულეს საჯარო განცხადებით მაჩალიკაშვილი ტერორიზმში?

5. რამდენი ხანი უსმენდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილს?

სუს-ის დღევანდელი ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის შესაძლო ტერორისტულ დანაშაულზე საგამოძიებო მოქმედებები 2018 წლის პირველ ივნისს დაიწყო.

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ”, – ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

ამასთან, უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიდან გამომდინარეობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის შესაძლო საუბრის ჩანაწერი, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაკეთებული, 2019 წლის 23 მარტითაა დათარიღებული.  გამოძიების დაწყებიდან ჩანაწერის გაკეთებამდე 9 თვეა გასული.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე მოსამართლის განჩინება მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.

“ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება გაიცემა იმ ვადით, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა. თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდება, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, ამ თავით დადგენილი წესით, არაუმეტეს 2 თვისა. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, რის გამო ვერ მოხერხდა გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვისა გაგრძელდეს საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია”, – ვკითხულობთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

ჩნდება კითხვა, როდის დაიწყო ფარული საგამოძიებო მოქმედებები მაჩალიკაშვილის საქმეზე: გამოძიების დაწყებისთანავე, ანუ პირველ ივნისს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელს 9 თვეა უსმენენ, თუ მოგვიანებით და საპროცესო კოდექსის აღნიშნული მოთხოვნა არ დარღვეულა.


ესაა კითხვები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის [სუს] მიმართ ჩნდება, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით გარემოებებზე არ საუბრობენ, ხოლო ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი