ახალი ამბები

ცოლზე ძალადობისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ბრალდებით კაცი დააკავეს

6 მაისი, 2019 • 954
ცოლზე ძალადობისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა 1980 წელს დაბადებული ჯ.თ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი ედება გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და ოჯახში ძალადობაში.

როგორც სამართალდამცავი უწყება იტყობინება, ბრალდებული თავის ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, რის გამოც მიმდინარე წლის 30 აპრილს ქალმა თვითმკვლელობა სცადა. იგი ამ დროისთვის სტაციონარში განაგრძობს მკურნალობას.

პოლიციაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შესახებ. ასევე, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

როგორც შსს აცხადებს, ჯ.თ-ს მეუღლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც ჯ.თ-ს მასთან მიახლოება აეკრძალა.

გამოძიება გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 126-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

მასალების გადაბეჭდვის წესი