მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” უწყებაში დაუდასტურეს.

სუს-ის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი უწყებამ “მიმდინარე გამოძიებიოს ფარგლებში” დაიბარა. დეტალები პრესსამსახურში არ დაუკონკრეტებიათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2018 წლის ივნისში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18/323-ე მეხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმით მუქარას გულისხმობს. გამოძიება შეეხებოდა მაჩალიკაშვილის მიერ 31 მაისს აქციაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ, თუმცა ეს ქართველი ერის სიყვარულის გამო გადაიფიქრეს; მაჩალიკაშვილმა მას შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს აქციაზე ემოციურ ფონზე თქვა.

“ჩემთვის მოკვლაზე მძიმეა მისი ტერორიზმში დადანაშაულება. ერთი წელი არ იყო ბავშვი საზოგადოებაში გამოსული, ძლივს შევაქუჩე ის ფული, ის 14 000 ლარი, ოპერაცია გავუკეთე, ხალხში გამოვიყვანე. აიღეს და ამათ ჩამიცხრილეს ლოგინში და ტერორიზმში დაადანაშაულეს კიდევ. ამის შემდეგ მეუბნებიან, შენ ასეთ განცხადებას აკეთებო. იმას აღარ ფიქრობენ, მუსლიმ კაცს რაღაც თუ წამომცდა, მაგას კუდს გამოაბამენ, ეს არ არის კარგი საქციელი. შეიძლება ემოციურად მომივიდა, შეიძლება ჩემს ადგილას ნებისმიერ ასე მოქცეოდა, მაგრამ ეს რომ გაეკეთებინა ჩემს ხალხს, ჩეჩენ ხალხს ჩემთან, მე მართლა ავიფეთქებდი თავს და დავაყოლებდი მათ ათას ადამიანს ჩემს თემირლანს, მაგრამ მე ამას საქართველოში არც გავაკეთებდი და არც გავაკეთებ”, – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.


19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, შუბლის არეში სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყფოოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან