ბოკუჩავა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებში გენდერული ბალანსის დეკლარირების მომხრეა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტს მიმართავს, “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის კრიტერიუმებში, არასავალდებულო, დეკლარაციული ხასიათის ჩანაწერი გაკეთდეს გენდერულ ბალანსზე.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს აქვს.

“მინდა შემოგთავაზოთ, მეშვიდე და მერვე პუნქტში დაემატოს დამატებითი კრიტერიუმი, ან იყოს დეკლარაციული ხასიათის განცხადება გენდერულ ბალანსთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიაში ეს საკითხი უფრო ზოგადად არის ნახსენები, რომ ინკლუზიური უნდა იყოს შერჩევის პროცესი და ასახავდეს მოსახლეობის ყველა სეგმენტს, თუმცა, თქვენ თუ გაეცნობით ეუთოს რეკომენდაციებს, იქ ძალიან კონკრეტულად არის საუბარი, რაოდენ მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსის დაცვა შერჩევის პროცესში. ამიტომ დავამატოთ ზოგადი დეკლარაციული სახის წინადადება, რომ შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს ინკლუზიურობის პრინციპი, მათ შორის, გენდერული ბალანსის ჩათვლით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კანონპროექტზე მომხსენებელმა ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ის გენდერული თანასწორობის მომხრეა, მაგრამ ეს თავისთავადი უნდა იყოს, რადგან სავალდებულო კრიტერიუმის სახით კანონში ჩაწერით შესაძლოა,  საბჭოს გენდერული ბალანსის სასარგებლოდ კვალიფიციურ კანდიდატზე უარის თქმა მოუწიოს. თინა ბოკუჩავამ განმარტა, რომ საუბარი ეხება არა სავალდებულო კვოტირებას, არამედ დეკლარაციული განცხადების გაკეთებას.

“ვფიქრობ, დეკლარაციული ჩანაწერით, თუკი არაფერს ნიშნავს, კანონის გადატვირთვას აზრი არ აქვს, მაგრამ შეგვიძლია ამ საკითხზეც ვიმსჯელოთ”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე გუნდში პრინციპული წინააღდმეგობა არ ჰქონიათ, მაგრამ გაუჭირდათ ისეთი ფორმულირების შემუშავება, რომელიც ერთდროულად ხელშესახები და სწორი შინაარსის იქნებოდა. ფორმულირებაზე შეთანხმების შემთხვევაში, კობახიძემ აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწიების მზადყოფნა გამოთქვა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციით, მოსამართლეთა შერჩევა უნდა განხორციელდეს დისკრიმინაციის გარეშე და შემოღებულ იქნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას უფრო დაბალანსებულად, გენდერისა და მრავალფეროვნების თვალსაზრისით.

ამავე თემაზე:

ვენეციის კომისიის შემდეგ, კობახიძის კანონპროექტზე ODIHR-ის შენიშვნებიც გამოქვეყნდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.