ახალი ამბებისამართალი

ომბუდსმენი პარლამენტს მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისთვის აკრიტიკებს

15 აპრილი, 2019 • 880
ომბუდსმენი პარლამენტს მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისთვის აკრიტიკებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტს აკრიტიკებს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის 15 აპრილს ჩანიშვნის გამო.

“სამწუხაროდ, ეს ხდება ვენეციის კომისიის მოსაზრების წარდგენამდე და საზოგადოებას არ განემარტა აღნიშნულის მიზეზები საჯაროდ,” – ნათქვამია ნინო ლომჯარიას 15 აპრილის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ და მისი მიღება უკვე მოხდა პირველი მოსმენით. პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა ვენეციის კომისიას და კანონპროექტის შესახებ დასკვნის მომზადება მოითხოვა. ასევე საჯაროდ დაფიქსირდა პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ვენეციის კომისიის მოსაზრების მიღებამდე არ მოხდებოდა კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წევრთა არჩევის წესის რეფორმას. სწორედ ამიტომ, მან გამოიყენა თავის ხელთ არსებული უფლებამოსილება და 2019 წლის 27 მარტს მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს და სთხოვა,  კანონპროექტის ირგვლივ დასკვნა მაქსიმალურად სწრაფად მოემზადებინა.

“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში ფორსირებულად მიმდინარეობს პროცესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა, პირველად ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, მიიღო გადაწყვეტილება – გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კომპეტენცია და მიმართოს მოხსენებით საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე. მოხსენების შემდეგ სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, უპასუხოს პარლამენტის წევრთა კითხვებს”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენისვე ცნობით, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი მოთხოვნის წერილი უკვე გაგზავნა. პროცედურის მიხედვით, პარლამენტის ბიურო  განსაზღვრავს მოხსენების წარდგენის თარიღს. სახალხო დამცველმა ასევე, მოითხოვა ბიუროს სხდომაზე დასწრება და საპროცესო საკითხების გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღება.

მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი