ახალი ამბებისამართალი

მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო

15 აპრილი, 2019 • 1296
მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო

საპარლამენტო უმრავლესობის ინფორმაციით, ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით ხვალ, 16 აპრილს გახდება ცნობილი.

“ქართული ოცნება” არ იზიარებს სამოქალაქო სექტორის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ უმრავლესობამ დაარღვია საკუთარი პირობა იმის შესახებ, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას მეორე მოსმენით არ დაიწყებდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე.

“ვენეციის კომისია ინფორმირებულია, რომ ჩვენ მიმდინარე სასესიო კვირაში განვიხილავთ ამ საკანონმდებლო პაკეტს. ჩვენ არაუგვიანეს ხვალ, დღის ბოლომდე ველოდებით რეკომენდაციებს და უკვე პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით კენჭისყრამდე გავითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომლის შესაძლებლობასაც ჩვენი კონსტიტუცია მოგვცემს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, არასამთავრობო სექტორს ვენეციის კომისიისგან დამოუკიდებლად აქვს მომზადებული რელომენდაციები და ეს ორი პროცესი ერთმანეთს ხელს არ უშლის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, ესწრებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათ აცვიათ მაისურები წარწერით “კლანი უნდა წავიდეს”.

სხდომას ესწრება “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე.

შავგულიძის თქმით, ცუდი ნაბიჯი იყო, როდესაც ხელისფლებამ პირველი მოსმენის შემდეგ მიმართა ვენეციის კომისიას და არა მანამდე, ახლა კი შუალედურ დასკვნასაც არ ელოდება.

“სხვა თუ არაფერი, უხერხულია. მაშინ რატომ მიმართეს და რატომ ამუშავებენ იმ ხალხს, თუ მათი აზრი არ აინტერესებთ? ეტყობა, იმდენად სჭირდებათ იმ კლანის შეყვანა უზენაეს სასამართლოში, რომ არაფერს ერიდებიან”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

კომიტეტის სხდომის გადადება მოითხოვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ.

“ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შესთავაზა, კანონპროექტი დღეს კენჭისყრის გარეშე განიხილონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი