ახალი ამბები

ივანიშვილთან თუ მის წინააღმდეგ – რა ადგილს დაიკავებს ბესელია პოლიტიკაში

26 თებერვალი, 2019 •
ივანიშვილთან თუ მის წინააღმდეგ – რა ადგილს დაიკავებს ბესელია პოლიტიკაში

დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც “ქართული ოცნება” დატოვა, ახალი პოლიტიკური პლატფორმის შესაქმნელად კონსულტაციებს მართავს. თავდაპირველად, ის შეეცდება პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად საჭირო მინიმუმ 6 დეპუტატის მიმხრობას, 2020 წლისთვის კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც დაანონსა. ახალი პოლიტიკური ძალის წევრებად მოიაზრებიან ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე.

თავად ეკა ბესელიას ჯერ კონკრეტული პასუხი არ აქვს, რა პოლიტიკური იდეოლოგიის ირგვლივ გაერთიანდება ახალი ძალა, თუმცა აცხადებს, რომ ამოსავალი წერტილი იქნება სამართლიანობა. სიტყვა “სამართალი” მომავალი პარტიის სახელწოდებაშიც გამოჩნდება.

“არავითარ პოლიტიკურ ორიენტაციებზე ჯერ არ ვლაპარაკობთ. საუბარია საერთო მიზანზე, რაც არის ამ ახალი ცენტრის გამაერთიანებელი. ეს მიზანი არის სამართლიანობა (პირველ რიგში, მართლმსაჯულების რეფორმა), რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ თავისუფლებებს, მშვიდობიან გარემოს, სტაბილურობას, დემოკრატიას და ყველაფერს. სამართლიანობა იმდენად დიდი მიზანია, რომ ის თავის თავში  მოიცავს ყველა დანარჩენს. შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ სხვა ტიპის დეტალებზე”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო ოპოზიციიდან ეკა ბესელია თანამშრომლობას შესაძლებლად მიიჩნევს  “პატრიოტთა ალიანსთან”, მაგრამ არა – “ნაციონალურ მოძრაობასთან” და “ევროპულ საქართველოსთან”. “ქართული ოცნების” “ნაციონალიზაცია” და ყოფილი ხელისუფლების მემკვიდრეობისადმი ლოიალური დამოკიდებულება ის ბრალდებაა, რომელსაც “ოცნების” ე.წ. ძველი გვარდიის წევრები ირაკლი კობახიძესთან აფილირებული ჯგუფის მიმართ ახმიანებენ, თავად ბიძინა ივანიშვილის მწვავე კრიტიკას კი ერიდებიან.

სწორედ ამიტომ, “ნაციონალურ მოძრაობაში” ეკა ბესელიას მოიაზრებენ ივანიშვილის სატელიტ და არა რეალურ ოპოზიციად. მით უმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ 2013 წელს აქვს გაცხადებული “ქართული ოცნების” დაშლის გზით ოპოზიციის შექმნის შესაძლებლობა.

“ეს ადგილი [ოპოზიციური ველი] ცარიელი არ დარჩება, როგორც კი ოპოზიცია ნორმალურ ოპონირებას ვერ შეძლებს, აუცილებლად გაჩნდება იქ სხვა ძალა, რომელიც ამას მოახერხებს, თუ არადა, ჩვენ შიგნით გვაქვს ეს პოტენციალი კოალიციაში და კოალიცია ბუნებრივადვე დაიშლება… როგორც კი გარედან წინააღმდეგობა არ იქნება, შიგნით გაჩნდება ძალები და შიგნიდან მოხდება დაშლა და ჩაშლა”, – ამბობდა ივანიშვილი.

“ისინი მიდიან კობახიძის ოპოზიციაში და არა – ივანიშვილის ოპოზიციაში. საპარლამენტო საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიშალა არითმეტიკულად, მაგრამ არ დაშლილა ივანიშვილისთვის. ეს ხალხი მიდის გუნდის ერთი ნაწილის, ასე ვთქვათ, ოპოზიციაში, მაგრამ ისინი რჩებიან ივანიშვილის ერთგულად. ივანიშვილი კვლავ აკონტროლებს პარლამენტს და ნებისმიერ დროს, როცა დასჭირდება, ეს ხალხი მის ერთგულ სამსახურში ჩადგება”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

ეკა ბესელიას თქმით, თავისი პოლიტიკური ენა აქვს და არ ჰგონია, რომ რეალური ოპოზიციონერობა ბიძინა ივანიშვილის ლანძღვით უნდა დაამტკიცოს.

“დააკვირდით, რა მოხდა 26 დეკემბრიდან დღემდე და როგორი პერსონალური შეტევები დაიწყო სხვადასხვა მეთოდებით ჩემ მიმართ, ეს იქნებოდა დაქირავებული საიტები თუ გაზეთებში შეკვეთილი სტატიები და ა.შ. როდესაც ასეთ პერსონალურ შეტევებს აქვს ღიად ადგილი, მე მგონი, კითხვაზე პასუხი, ვინ არის ბუნებრივად კრიტიკულ პოზიციაზე და ვინ არის შექმნილი პროდუქტი, ნათელია. ამიტომ, ეს კითხვებს აღარ უნდა იწვევდეს. ყოველ შემთხვევაში, თუ იმით იზომება პოლიტიკური პროცესის ბუნებრიობა, ვინ უფრო უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს კონკრეტულად სახელსა და გვარს, ეს არასერიოზული მიდგომაა და მე ასეთ დაბალ პოლიტიკურ სტანდარტს ვემიჯნები”, – განაცხადა ბესელიამ.

ივანიშვილზე პერსონალურ კრიტიკას არ გეგმავს გედევან ფოფხაძეც.

“თუ ვინმეს იმის მოლოდინი აქვს, რომ მე დავიწყებ აგრესიულ რიტორიკას ბიძინა ივანიშვილის მისამართით, ეს არ იქნება და არა იმიტომ, რომ ის ამას არ იმსახურებს. მე მგონია, რომ მე არა მაქვს ამის უფლება… როდესაც ტოვებ პოლიტიკურ გუნდს, რომლის წევრიც 6 წელი იყავი და მეტიც, თანამონაწილე  იყავი ძალიან ბევრი პროცესის”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პოლიტიკის ექსპერტების აზრით, ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ “ხიდებს არ წვავენ”, ან ეშინიათ ამის გაკეთება.

“თუკი ეკა ბესელია ფრაქციის შექმნას შეძლებს, რაღაც მომენტში შეიძლება, საჭირო გახდნენ ვიღაცისთვის, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ შეიძლება დააკლდეს დეპუტატები “ქართულ ოცნებას”, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ისე გაუხდეს საქმე, რომ ეკა ბესელიას ფრაქციის ხმები ძალიან დასჭირდეს. ყოველ შემთხვევაში, ეკა ბესელია არ წვავს ხიდებს ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ არ მგონია, რომ ივანიშვილს ის ძალიან სჭირდებოდეს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გია ნოდიამ.

ლევან ცუცქირიძის თქმით, “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები ერიდებიან ივანიშვილის კრიტიკას იმიტომ, რომ ეშინიათ. გაცილებით მარტივი იქნება მათთვის “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკა.

თუ არა ბიძინა ივანიშვილის მწვავე ოპონენტის, მაშინ რა პოლიტიკურ ნიშას დაიკავებს ეკა ბესელიას გუნდი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და რამდენად ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა ის? ლევან ცუცქირიძე ამის შესახებ საუბარს ნაადრევად მიიჩნევს:

“იმ ნიშას დაიკავებენ, რა ნიშასაც იპოვიან. მართალია, ისეთი საკითხები, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ა.შ. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენი ქვეყნის მომავლი ცხოვრებისთვის და აქ ნებისმიერი ადამიანის ხმა არის მნიშვნელოვანი. თუმცა მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანები მაშინ საუბრობენ ამ თემებზე, როდესაც მათ კერძო, პირად პოლიტიკურ მდგომარეობას ეხება ხოლმე საკითხი. ამიტომ მისასალმებელია [მათი უმრავლესობიდან გასვლა] – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუმცა, რა პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდნებიან ისინი მომავალში, ძალიან მიჭირს ამის თქმა, ვინაიდან ამ ეტაპზე მათ ძლიერ პოლიტიკურ შესაძლებლობებს ვერ ვხედავ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ცუცქირიძემ.

ეკა ბესელიას პოლიტიკური პლატფორმისგან სერიოზული პოლიტიკური ძალის შექმნას არც გია ნოდია ელის.

“არ მგონია, რომ მათ რაღაც სერიოზული ცენტრი შექმნან. ისინი იდეოლოგიურად გარკვეულად “პატრიოტთა ალიანსის” მსგავსი გაერთიანება იქნებიან. არ მგონია, რომ ეკა ბესელია ნამდვილი ოპოზიცია იქნება. უბრალოდ, შეიძლება, რაღაც მომენტებში კონკრეტულ საკითხებზე კრიტიკული გამოსვლები ჰქონდეს პარლამენტში”, – ამბობს ნოდია.

მისივე აზრით, საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციები შეიქმნება და ბესელიაც შეეცდება, “მომგებიანად გაყიდოს თავი” და ისეთ კოალიციაში აღმოჩნდეს, რომელსაც პარლამენტში მოხვედრის შანსი ექნება. ნოდიას თქმით, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, რა პოლიტიკური სურათი იქნება წინასაარჩევნოდ, ახალი პოლიტიკური პარტიების გამოჩენის ჩათვლით. თუმცა მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიას პროდასავლურ ძალებთან ერთობა მოსალოდნელი არ არის.


ბესელია-ფოფხაძე-გოგიჩაიშვილის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობა ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვა. უმრავლესობიდან გასვლას არც ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” სხვა წევრები გამორიცხავენ. ეკა ბესელია მათთან თემატურ თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ერთ პოლიტიკურ გუნდში გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი