პოლიციელებს ძალადობაში, გარემოს დამცველ ინსპექტორს კი მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ

მეთევზეები, რომლებიც გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, უკანონოდ თევზაობდნენ ალაზნის აკრძალულ წყლებში, გურჯაანის რაიონის პოლიციის თანამშრომლებს სასტიკ ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, პოლიციელებმა და გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის საქმე გააყალბეს და აქეთ წაუყენეს მძიმე ცრუ ბრალდება, თითქოს პირველად მათ ესროლეს ინსპექტორს მდინარე ალაზანზე.

ბრალდებულების ინტერესებს “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იცავს. ორგანიზაციის იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, შემთხვევა 22 მარტს მოხდა, როდესაც თორნიკე ტურიაშვილი და უჩა ილაშვილი მდინარე ალაზნის აკრძალულ ტერიტორიაზე ნავით თევზაობდნენ. იურისტის თქმით, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა, ბესიკ შუბითიძემ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნა ორივე მოქალაქეს.

იურისტის მიხედვით, უკანონოდ მოთევზავე ორი პირი გარემოს დაცვის თანამშრომელებმა შემთხვევიდან მეორე დღეს დააკავეს. ადვოკატის განცხადებით, თორნიკე ტურაშვილი, რომელსაც დაკავებისას 5 ცეცხლსასროლი დაზიანება ჰქონდა მიღებული, ახლაც გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება.

არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ფაქტის მიჩქმალვისთვის გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა დადგეს სცენა, თითქოს პირველად ბრაკონიერმა ესროლა თოფი გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელს, თუმცა არცერთ გამომძიებელს არ დაუსვამს კითხვა, თუ რატომ ჰქონდა ტყვიების უმეტესობა დაკავებულს ზურგის არეში მოხვედრილი.

“იმ ადამიანს, რომელიც ბრაკონიერად იყო წარმოჩენილი, 5 ცეცლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული ზურგის არეში. გამორიცხულია, რომ თუ ეს ადამიანი იყო თავდამსხმელი და გარემოს დაცვის თანამშრომელი შუბითიძე იცავდა თავს მისგან, გამორიცხულია, რომ ე.წ. ბრაკონიერს ამდენი ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდეს ზურგის არეში მიყენებული. გამომძიებლებს და პოლიციელებს ეს საკითხი დღემდე არ გაურკვევიათ.

არ გამორკვეულა, რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ გარემოს დაცვის თანამშრომელმა ორი ადამიანი, რომელთაც ნავში მსხდომებს გაუსხნა ცეცხლი ჩზ სისტემის პისტოლეტით; მათ ათზე მეტი ტყვია დაახალა და ხუთი ზურგში გაარტყა.

ეს საქმე ამის შემდეგაც არასწორად გაგრძელდა, ვინაიდან როდესაც პოლიციელებმა დააკავეს ორივე პირი, მათ მოექცნენ სასტიკად – ცემით და არაადამიანური მოპყრობით წაიყვანეს განყოფილებაში. ამ ფაქტის შემსწრეები ეხვეწებოდნენ პოლიციელებს, ნუღარ სცემთ ამ ადამიანებს იმიტომ, რომ შემოგაკვდებათ და ტრაგიკულად დასრულდება ყველაფერიო”, – აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.

ადვოკატის განცხადებით, მეორე დაკავებულ უჩა ილაშვილს მთელი ღამის განმავლობაში პოლიციელები ცემით აიძულებდნენ, რომ მისი მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა, თუმცა, უშედეგო მცდელობის შემდეგ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით შეუდგინეს დაკავების ოქმი და ყვარლის დროებითი განთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ჩოფიკაშვილის თქმით, სწორედ, დროებითი განთავსების იზოლატორის თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად დაფიქსირდა სხვადასხვა დაზიანებები ილაშვილს სხეულზე, მოგვიანებით კი დაკავებულები სასამართლომ გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა.

მისივე თქმით, 26 მარტს უჩა ილაშვილი ხელმეორედ დააკავეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და ის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. უჩა ილაშვილის სხეულის დაზიანებების ამსახველი ოფიციალურ დოკუმენტები ადვოკატმა დღეს, 4 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა.

დოკუმენტი უჩა ილაშვილის სხეულის დაზიანებებაზე

რას ითხოვს დაცვის მხარე

“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, უზრუნველყოს მომხდარის დროული და ეფექტიანი გამოძიება, მის დასრულებამდე კი თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ ის პოლიციელები და გარემოს დაცვის უყწების თანამშრომლები, რომელთაც შესაძლოა ხელი შეუშალონ ობიექტურ გამოძიებას და კიდევ ჩაიდინონ მსგავსი დანაშაულები.

ადვოკატის განცხადებით, აუცილებლად და დაუყოვნებლივ უნდა ამოიღონ გურჯაანის პოლიციის განყოფილების ვიდეოკამერების, საქმეში მონაწილე ყველა პოლიციელისა და გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლების სამხრე ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება წარიმართება არაობიექტურად, საქმე აუცილებლად გაიგზავნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ჩოფიკაშვილის განცხადებით, კამერების ჩანაწერების გასაჯაროება აუცილებელია იმისთვის, რომ შემდგომში სახელმწიფოს ევროსასამართლოში არ მოუწიოს იმის მტკიცება, თუ რატომ ვერ განხორციელდა ეფექტიანი გამოძიება ევროკონვეცნიით გათვალისწინებულ მე-3 მუხლზე, რომელიც გულისხმოს იმას, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერი ადამიანი უნივერსალურად არის დაცული წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან.

მინისტრის პასუხი

გარემოს დაცვის სამინისტრომ 23 მარტს გაავრცელა პრესრელიზი იმის შესახებ, რომ მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მის მოადგილესთან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, “ბრაკონიერების მიერ დაჭრილი თანამშრომელი მოინახულა”. ამავე პრესრელიზში იყო მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ბრაკონიერებთან ბრძოლა იქნება პრინციპული.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ სარეკლამო მასალაში წერია, რომ ბესიკ შუბითიძეს, სამოქმედო ტერიტორიის გეგმური შემოვლის დროს, მდინარე ალაზანზე, ბრაკონიერებმა სანადირო თოფით მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობა მიაყენეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და აგრძელებს მკურნალობას.

დღეს, 4 აპრილს, ნეტგაზეთმა გარემოს დაცვის მინისტრს დაუსვა ძირითადი კითხვები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც ბრალდებულთა ადვოკატი საუბრობდა დღევანდელ ბრიფინგზე. ლევან დათიაშვილის განცხადებით, მისთვის პრინციპულად მიუღებელია საზოგადოების აზრის ისეთი ფორმით ჩამოყალიბება, თითქოს ბრაკონიერები დასაცავები არიან და არა ის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენდა ინციდენტის დროს.

“ერთია, რას ამბობს ადვოკატი, მეორე – რას იტყვის გამოძიება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვერ მოგახსენებთ. ვინ ისროლა პირველი, ვინ მეორე, ვინ იყო მართალი… ეს ხომ გამოძიების ნაწილია. მე შევხვდი მას, როგორც ნებისმიერ თანამშრომელს, რომელზეც იქნება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრავმა ან, მით უმეტეს, ასეთი მძიმე მდგომარეობა. მინისტრის მოვალეობაა, რომ თავის თანამშრომლებზე იზრუნოს და ყურადღება მიაქციოს. ვინ იყო დამნაშავე, ეს უნდა დადგინოს გამოძიებამ”, – განაცხადა ლევან დათიაშვილმა.

კითხვაზე, შეუჩერდება თუ არა გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება ბესიკ შუბითიძეს, გარემოს დაცვის მინისტრი გვპასუხობს, რომ თუ სასამართლო ჩათვლის, რომ გამოძიების პროცესში ეს საჭირო იქნება, შეუწყდება უფლებამოსილება, წინააღმდეგ შემთხვევაში – არა. მისი თქმით, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს სჭირდება თანამშრომლები ადგილზე იმისთვის, რომ თავიანთი მოვალეობა შეასრულონ.

გამოძიება

თორნიკე ტურიაშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ხელისუფლების წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 11 წლამდე.

გურჯაანის რაიონული პოლიციის განყოფილებაში უჩა ილაშვილის შესაძლო ცემის ფაქტს კი კახეთის საოლქო პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აწარმოებს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.