ახალი ამბებისამართალი

შრომის უსაფრთხოებისთვის გამართულ აქციაზე დაკავებულთა პროცესი 19 აპრილამდე გადაიდო

3 აპრილი, 2019 • 1284
შრომის უსაფრთხოებისთვის გამართულ აქციაზე დაკავებულთა პროცესი 19 აპრილამდე გადაიდო

შრომის უსაფრთხოებისთვის გამართულ აქციაზე დაკავებულთა პროცესი, რომელიც დღეს, 3 აპრილს იყო ჩანიშნული, 19 აპრილამდე გადაიდო.

პროცესის გადადება დღეს დაცვის მხარემ მოითხოვა, რათა საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობა შეძლონ და მოაგროვონ დამატებითი მტკიცებულებები სასამართლოში წარსადგენად, საკუთარი სიმართლე რომ დაამტკიცონ. ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიციას მათ წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. გარდა ამისა, ისინი პოლიციისგან ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვენ. დღევანდელ პროცესზე პოლიციას მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

მუშების უფლებების დასაცავად გამართული აქციის დროს პოლიციამ დემონსტრანტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით დააკავა (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა). თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ოთხი დაკავებულის შესახებ, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ აქციაზე ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის, საქართველოს იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი დირექტორი ვახუშტი მენაბდე, თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი დავით სუბელიანი და სხვები

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით გამოსული დემონსტრანტები და პოლიცია პირველ აპრილს ჭავჭავაძის გამზირზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის #5-ში, იმ ობიექტის წინ იყვნენ შეკრებილნი, სადაც 31 მარტს ორი მუშა დაიღუპა. პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი დაატოვებინეს და ტროტუარისაკენ შეავიწროვეს.

მანამდე აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს დასხდნენ და აცხადებდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ, სანამ ადგილზე თბილისის მერი და მთავრობის წევრები არ მივიდოდნენ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს დროს 23:00-მდე აძლევდნენ.

მოთხოვნას თბილისის მერია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კახა კალაძე აქციის მონაწილეებით დაკომპლექტებულ რამდენიმეკაციან ჯგუფთან შესახვედრად მზად იყო. თუმცა დემონსტრანტებმა აღნიშნულ ფორმატზე უარი თქვეს და კალაძის სახლთან გადაინაცვლეს, ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქტივისტები დააკავა, დემონსტრანტები პოლიციის შენობასთან მივიდნენ. აქცია გვიან ღამით დასრულდა, თუმცა მონაწილეებმა სახალხო მოძრაობის შექმნა დაანონსეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი