ახალი ამბები

კახეთში ბაღის 12 აღსაზრდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

2 აპრილი, 2019 • 1167
კახეთში ბაღის 12 აღსაზრდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის ბაგა-ბაღის 12 აღსაზრდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 2 აპრილს მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, თინიკო ხანჯალიაშვილმა უთხრა, ბაღში გამოცხადებული 32 ბავშვიდან 12-ს გულისრევის შეგრძნება და მუცლის ტკივილი აღენიშნებოდა, რის გამოც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანჯალაშვილის თქმით, ადგილზე მივიდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და წყლის და საკვების ნიმუშები აიღეს:

“კონკრეტულს ვერაფერს ვუკავშირებთ. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეამოწმეს პროდუქტების ვარგისიანობა და ყველა ვარგისიანია. მაინც დამატებით ვთხოვეთ აეღოთ მასალები და გაგზავნონ დამატებით კვლევებზე, ყველაფერი რომ გამოვრიცხოთ.

გარდა ამისა, საკვებზე ეჭვი იმიტომ არ გვეპარება, რომ სხვა 30 ბაღშიც იგივე პროდუქტები შევიდა და მსგავი არაფერი დაფიქსირებულა. ჩვენთან ბავშვებს წყალი თვითონ მოაქვთ სახლიდან და ის წყლებიც გავაგზავნეთ, სოფელში ხომ არ არის წყლის პრობლემა”, – ამბობს თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი “ნეტგაზეთთან”

სოფელ ბუშეტის ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი მომხდარის გამო შეჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი