ახალი ამბები

“სისხლის სამართლის პოლიტიკის გარკვეული კორექტირება გვჭირდება” — გახარია

1 აპრილი, 2019 • 1046
“სისხლის სამართლის პოლიტიკის გარკვეული კორექტირება გვჭირდება” — გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საჭიროა “სისხლის სამართლის პოლიტიკის გარკვეული კორექტირება”.

გახარიამ 31 მარტს, “იმედის” ეთერში, გადაცემა “იმედი LIVE”-ში ჩამოთვალა სფეროები, სადაც, მისი თქმით, სამინისტრო “ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ჩვენ გვჭირდება სისხლის სამართლის პოლიტიკის გარკვეული კორექტირება”.

ეს სფეროები, მისი თქმით, შემდეგია: “ორგანიზებული დანაშაული; კრიმინალური მენტალიტეტი, რომელიც დღესაც ჩვენთვის გამოწვევაა; დანაშაული რომელიც მოტივირებულია ნარკოდამოკიდებულებით და სხვა სოციალურად მოტივირებული დანაშაულით”.

გახარიას თანახმად, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებაზე შსს პირველად საუბრობს და აცხადებს, რომ “ამ ერთი წლის განმავლობაში დაგროვებული სტატისტიკური მონაცემები გვაძლევს საშუალებას, დავსხდეთ და ღრმა ანალიზის საფუძველზე დავიწყოთ მსჯელობა ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თუ რა სახით უნდა გამკაცრდეს სისხლის სამართლის პოლიტიკა”.

ჟურნალისტიკის კითხვაზე, “ჰუმანური პოლიტიკიდან უკან ხომ არ მიდის” მან უპასუხა: “გამკაცრება არ არის თვითმიზანი, ჩვენთვის მზიანია ეფექტურობა”. მან თქვა, რომ სისხლის სამართლის რეპრესიული პოლიტიკა “უნდა შეცვლილი და სწორად შეიცვალა”, თუმცა შემდეგ თქვა:

“ეფექტურობის ნაწილში, ისეთ გამოვლენილ დანაშაულთან როგორიც არის ქურდობა, ოჯახური ძალადობა, კრიმინალური მენტალიტეტი, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები შევთავაზეთ პარლამენტს. ზოგი უკვე მივიღეთ, ზოგის განხორციელების პროცესში ვართ. ეს უკვე აბსოლუტურად ჩამოყალიბებული სურათია”.

მინისტრის თანახმად, მესიჯი შემდეგია: “შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალების დონეზე ხედავს, სწორად აფასებს სიტუაციას და აქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც ვახორციელებთ რათა, რისკები, რომლებიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს აქვს, — არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა ეს მსუბუქი, წვრილმანი დანაშაულია თუ რამე სხვა — ჩვენთვის პრობლემაა … და ის აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი