ახალი ამბები

დღეს ბიძინა ივანიშვილი ხიბულაში იმყოფებოდა (ვიდეო)

29 მარტი, 2019 • 1883
დღეს ბიძინა ივანიშვილი ხიბულაში იმყოფებოდა (ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილი დღეს, 29 მარტს, სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს “ქართული ოცნების” პრესსამსახურში განუცხადეს. დღესვე ივანიშვილმა საქართველოს პირველ პრეზიდენტზე, ზვიად გამსახურდიაზე განცხადება გაავრცელა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე მიიჩმევს, რომ ქვეყნის სირცხვლია, როცა ამ დრომდე ვერ ხდება გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დადგენა.

“ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს,”-წერს ივანიშვილი.

31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1939 წელს დაიბადა. ივანიშვილის თქმით, გამსახურდია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა.

“ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გმირებს და ამასთანავე, სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ წარსულიდან, რათა შევძლოთ, პირნათლად გავუსწოროთ თვალი მომავალს – 31 მარტი არის დაბადების დღე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, რომელიც შეეწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და რომლის საქმემაც გაიმარჯვა!“-წერს ივანიშვილი.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი სამხედრო გადატრიალების გზით 1992 წელს ჩამოაგდეს და მას შემდეგ დევნილობაში იმყოფებოდა. ზვიად გამსახურდია არაერთხელ ეცადა ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუმცა, უშედეგოდ. 1993 წლის 31 დეკემბერს ის იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა. მისი დაცვის წევრების ნაწილი ამბობს, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ პირველი პრეზიდენტის შვილებს და მხარდამჭერებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი