ახალი ამბები

ღარიბაშვილი ენმ-ის ოფისში შეკრებილთა 80%-ს გამსახურდიას დამხობაში მონაწილეობაში ადანაშაულებს

22 თებერვალი, 2021 • 1503
ღარიბაშვილი ენმ-ის ოფისში შეკრებილთა 80%-ს გამსახურდიას დამხობაში მონაწილეობაში ადანაშაულებს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ბოლო დღეებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერების 80%-ს 1992 წელს მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა აქვს მიღებული. აღნიშნულთან დაკავშირებით მან პარლამენტში, ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“90-იან წლებში ის უბედურება, ის კატასტროფა, რაც ჩვენ ჩვენს თავს დავმართეთ და დავუშვით პრეცედენტი ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობისა, ყველა ის უბედურება, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, არის იმის ანარეკლი. ამის შემდეგ ჩვენ დავხოცეთ ერთმანეთი, დავკარგეთ ტერიტორიები, დავანგრიეთ ეკონომიკა, ინდუსტრია, ჯანდაცვა და განათლება.

მე მინდა ყველას შევახსენო, რომ იმ შულავერის კომიტეტში, რომლებიც იკრიბებიან ნაცმოძრაობის ოფისში, თუ გადახედავთ მათ ბიოგრაფიას, 80%-ს აქვს მიღებული იმ პუტჩში, იმ გადატრიალებაში მონაწილეობა, რომელიც 90-იან წლებში მათ ჩაიდინეს. იგივე სახეები გველაპარაკებიან დღეს ასეთი აგრესიული რიტორიკით, ზიზღის ენით”, — აღნიშნა მან.

ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვის ადანაშაულებს 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობასა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში.

დღესვე, 22 თებერვალს, გაიმართება პლენარული სხდომა, რომელზეც კენჭს უყრიან მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც გახარიას მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრი იყო.

ღარიბაშვილმა 19 თებერვალს წარადგინა მინისტრობის კანდიდატების სია, ორი ახალი სახით: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება ირაკლი ქარსელაძე, თავდაცვის მინისტრი კი – ჯუანშერ ბურჭულაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი