ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რას ფიქრობენ ზვიად გამსახურდიაზე დღეს საქართველოში – CRRC-ის კვლევა

27 აპრილი, 2021 •
რას ფიქრობენ ზვიად გამსახურდიაზე დღეს საქართველოში – CRRC-ის კვლევა

CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოსახლეობის 81 პროცენტს ჭეშმარიტ პატრიოტად მიაჩნია.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება მხოლოდ 6 პროცენტი, ხოლო გამოკითხულთა 12 პროცენტს არ გააჩნია პასუხი კითხვაზე. 1 პროცენტი თავს იკავებს პასუხის გაცემისგან.

CRRC-ის თანახმად, გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ ზვიად გამსახურდიას დამხობა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო, 10 პროცენტი კი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. 13-მა პროცენტმა არ იცის შეკითხვაზე პასუხი, ხოლო 1 პროცენტს არ სურს საკუთარი აზრის დაფიქსირება.

 

CRRC-ის კვლევის შედეგები ზვიად გამსახურდიას მიმართ დამოკიდებულების შესახებ

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 50 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველო ზვიად გამსახურდიას გარეშე ვერ გახდებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. 33 პროცენტი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, 16 პროცენტს არ აქვს პასუხი, ხოლო კვლავ ერთ პროცენტს არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა.

მოსახლეობის 20 პროცენტი ფიქრობს, რომ გამსახურდია არის პასუხისმგებელი აფხაზეთში ომის დაწყებაზე. 1990-იან წლებში ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ომის დაწყებაში გამსახურდიას პასუხისმგებლობას ხედავს გამოკითხულთა 21 პროცენტი. გამოკითხულთა 47 და 45 პროცენტის აზრით, გამსახურდია არ იყო აფხაზეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ომის დაწყებაში პასუხისმგებელი. გამოკითხულთა დაახლოებით მესამედს აღნიშნულ კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა.


ორგანიზაციამ კვლევა 2020 წლის 10-28 სექტემბერს ჩაატარა. კვლევის დროს სულ გამოიკითხა 1928 რესპონდენტი. კვლევის ცდომილების საშუალო ზღვარი 2.2 პროცენტია. კვლევა ნაწილია პროექტისა, სახელწოდებით “საქართველოს მომავალი”, რომელსაც კარნეგი ევროპა და ლევან მიქელაძის ფონდი ახორციელებენ შვედეთისა და ფინეთის მთავრობების მხარდაჭერით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი