ახალი ამბები

ზვიად გამსახურდიას “ფეიკ” ინტერვიუს ავრცელებენ — კონსტანტინე გამსახურდია

16 მარტი, 2023 • 2039
ზვიად გამსახურდიას “ფეიკ” ინტერვიუს ავრცელებენ — კონსტანტინე გამსახურდია

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი საუბრობს მამამისის “ფეიკ”(ყალბ) ინტერვიუზე, რომელსაც ინტერნეტში ავრცელებენ. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, არის მცდელობა, პირველი პრეზიდენტი რადიკალ, ანტიდასავლელ ფიგურად წარმოაჩინონ.

კონსტანტინე გამსახურდიამ ხსენებული განცხადება ჯერ კიდევ 2021 წელს გამოაქვეყნა, თუმცა მიმდინარე დღეებში ხელახლა გაავრცელა მას შემდეგ, რაც, როგორც ამბობს, კვლავ დაიწყეს ყალბი ციტატების მიწერა მამამისზე.

“ისტერიულად ვრცელდება ფეიკ-ინტერვიუ, რომელიც გროზნოში ფეესბეს მიერ მივლინებულმა პეტერბურგელმა ჟურნალისტებმა შეთხზეს. გაზეთი “ნაროდნაია პრავდა” ამ ინტერვიუში ზვიად გამსახურდია რაღაც ევრო-ამერიკულ იმპერიალიზმზე საუბრობს და ვითომ ადანაშაულებს საქართველოში მომხდარი ამბების წარმართვაში.

პირველად ეს ინტერვიუ 10 წლის წინ გამოჩნდა ქსელში. ინტერვიუში იგრძნობა შევარდნაძის რეჟიმის და მოსკოვის დაკვეთა, ზვიად გამსახურდია წარმოაჩინონ რადიკალ-ფანატიკოს და მარგინალ ანტიდასავლელ მოღვაწედ, რომელიც პრიმიტიული ნაციონალიზმის წვენში იხარშება”,  — წერს კონსტანტინე გამსახურდია.

მისი სიტყვებით, ზვიად გამსახურდიას უცნაური ბედი ხვდა წილად: თავის დროზე ის ადამიანების უფლებებს იცავდა, მაგრამ თავად მისი უფლებები, როგორც ადამიანისა, უკიდურესად დაირღვა:

“სიმართლის დადგენას ცდილობდა, მაგრამ თავად მისი გამონათქვამები დამახინჯდა ან მიეწერა ისეთები, რომელიც სხვებმა, მისმა ოპონენტებმა თქვეს ან სულაც პროგრამაში ჩაწერეს (როგორც მაგალითად “საქართველო მხოლოდ ქართველებს” და ა.შ.)

გაყალბდა თვით მისი ამ წუთისოფლიდან გასვლის რეალური ისტორია. ფეიკ-მაისტერები დღემდე განაგრძობენ მისი ზრახვების, პოლიტიკური ნაბიჯების, მისი რეალური პოლიტიკური კურსის, მისი ბიოგრაფიის გაყალბებას.

როგორ შეიძლებოდა პეტერბურგელი ფეიკ-მაისტერების რუსულ ციხეში დაყენებული მძაღე ინფორმაციული “ბრაგა” სინამდვილე იყოს, როდესაც ძალიან მალე ზვიად გამსახურდია, როგორც დევნილი პრეზიდენტი, გროზნოდან ფინეთსა და ავსტრიაში იყო ჩასული, გააკეთა უაღრესად კორექტული და მიზანმიმართული მიმართვები დასავლეთის მთავრობებისადმი, პრესკონფერენციები, გამოსვლები? და მოწვევა დიდი ბრიტანეთიდანაც ხომ მიიღო? ვერ ჩავიდოდა თუ რა, მოსკოვში?

სხვა საქმეა, რომ თავად დასავლეთს არ ჰქონდა ჯერაც ერთიანი, ჩამოყალიბებული და თანმიმდევრული პოზიცია სსრკ-ს დაშლასთან და საქართველოში მომხდართან დაკავშირებით. მაგრამ ეს სხვა კაპიტელია. ზვიად გამსახურდიას რაც სწამდა და სინამდვილედ მიაჩნდა, ის ერთჯერადად არ ამბობდა – სხვადასხვა მოდიფიკაციით ვარიაციებში, სულ იმეორებდა, თუ ბეჭდვით მედიაში, თუ ელექტრონულში.

ამაზე მეტყველებს მისი ოფიციალური განცხადებების, მიმართვების და ინტერვიუების ხუთტომეული, 1990-1993 წლებისა, რომელიც გამოსცა საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკამ ე. ჯგერენაიას მეცადინეობით. იქ ნახავთ ამის ბევრ საპირისპიროს. ბევრს, ერთს არა”.

გამსახურდიას სიტყვებით, ვინც ასეთ მასალებს ავრცელებს, მათმა “პატრონებმა” იციან, რომ როგორც კი საქართველო მოწყდება დასავლეთს, ის მაშინვე დაბრუნდება 1992 -1995 წლების ბანდიტურ კოშმარში, ან შესაძლოა უარესშიც.

“ამას მოვლენების დღევანდელი დინამიკაც გვიჩვენებს”, — ამატებს ის.

2021 წელს “ფეისბუკით” გავრცელებულ ამ განცხადებას მიმდინარე წლის 15 მარტს გამსახურდიამ დაამატა კიდევ ერთი აბზაცი, რომელშიც ვკითხულობთ:

“ახლახან აუღიათ რაღაც სხვა ინტერვიუ, სადაც პრეზიდენტი ინგლისურად საუბრობს საჭირბოროტო საკითხებზე და თარჯიმნის ხმა ისე დაადეს, რომ არ ისმის, რას ამბობს ინგლისურად, ფარავს ფაქტობრივად. არადა თარჯიმანი პირდაპირ კითხულობს “ნაროდნაია პრავდას” გაყალბებული ინტერვიუდან ადგილებს – ვითომ ამას საუბრობს პრეზიდენტი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი