ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვიდა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 24 მარტს თბილისში ჩამოფრინდა. იგი ნატო-საქართველოს საერთო წვრთნებს დაესწრება.

სტოლტენბერგმა ვიზიტი 6 მარტს დააანონსა ბრიუსელში. ნატო-საქართველოს საერთო წვრთნები 18-დან 29 მარტამდე პერიოდში კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ტარდება. წვრთნებში ნატოს 23 წევრი სახელმწიფოს ჯარისკაცები იღებენ მონაწილეობას. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წვრთენბი, რომლებიც რეგულარულად ტარდება, ადასტურებს, რომ “ნატო და საქართველო ახლო პარტნიორები არიან”.

სტოლტენბერგი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან.

იენს სტოლტენბერგი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას. სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში 25 მარტს დასრულდება.​

“ასეთი დატვირთვით ნატოს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა მიანიშნებს, რამდენად პრიორიტეტულია საქართველო ნატოსთვის”, — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისის აეროპორტში სტოლტენბერგის დახვედრისას.

ზალკალიანის თანახმად, მიმდინარე კვირას დაგეგმილია ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი; “საქართველოს ეწვევა ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო გენერალიტეტი და მომდევნო კვირას მე მექნება ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com