მარგველაშვილი და მისი ოჯახი დუშეთში კოტეჯს Airbnb-ზე აქირავებენ

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი დუშეთში ტურისტებზე კოტეჯს აქირავებენ. შესაბამისი განცხადება, ფოტოებთან ერთად, სახლების გასაქირავებელ ვებგვერდ Airbnb-ზეა განთავსებული. ინფორმაცია, თავდაპირველად,  “რუსთავი2”-მა გაავრცელა.

დუშეთში, პრეზიდენტის სახლის ეზოში მდებარე კოტეჯში ერთი ღამის გატარება 80 დოლარი ღირს. კოტეჯი ორი წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა. შენობა მწვანე საფარითაა გადახურული და როგორც თავად ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, მისი მიერ დამზადებული და საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ხელით მოხატული ავეჯითაა გაწყობილი.

მაკა ჩიჩუას თქმით, კოტეჯის გაქირავება გიორგი მარგველაშვილს მან შესთავაზა.

“მოვიფიქრე და შენ ხომ არ ხარ წინააღმდეგი, რომ გავაქირაოთ მეთქი… არა, პირიქით, კარგი იდეაა, თან შემოსავლის წყარო იქნება, თან გააცნობ ტურისტებსო. ცოტა ისე ვიყავი განწყობილი, ვის მოუნდება, ვინ გაიგებს მეთქი. მერე ეს საიტი გამოჩნდა, რომელიც ძალიან აქტიურია და ძალიან ბევრი ხალხი შედის, უცხოელები. რატომაც არა? ვინც ამოდის აქ, მერე უკვე, დაკვირვების შედეგად, იმდენად დიდი აღტაცებაა…” – უთხრა მან “კურიერს”.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი პირველ სტუმრებს შემდეგ კვირას ელიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან