ახალი ამბები

SSA Marine-ზე მინისტრის განცხადებას, კონსორციუმში პარტნიორების დისკრედიტაციად აფასებენ

21 მარტი, 2019 • 1042
SSA Marine-ზე მინისტრის განცხადებას, კონსორციუმში პარტნიორების დისკრედიტაციად აფასებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, “ანაკლიის განვითარების კორსორციუმის” რეალური პარტნიორი, SSA Marine-ის ნაცვლად, საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა.

მინისტირის მტკიცებით, ეს კომპანია მხოლოდ ანაკლიის პორტის ოპერირების ტექნიკურ ნაწილზე იქნება პასუხისმგებელი.

ცქიტიშვილი განმარტავს, რომ ხელშეკრულების მიხედვით პორტის ოპერატორი გამოცდილი კომპანია უნდა ყოფილიყო, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა სრულ კომერციულ საქმიანობაზე – ანაკლიის პორტის საფასო პოლიტიკის განსაზღვრაზე,  ტვირთების მოძიებასა და სხვა საკითხებზე.

“კონსორციუმი ცდილობს საზოგადოებაში “გაყიდოს”, თითქოს მისი პარტნიორი SSA Marine-ია, რომელიც პორტების მართვაში გამოცდილი კომპანიაა. ის მსოფლიოში 200-ზე მეტი პორტის ოპერირებას ახდენს.  SSA Marine-ის ნაცვლად ვიღებთ ამავე ჯგუფში შემავალი კომპანიის 5 თანამშრომელს, რომელიც სხვა თანამშრომლებთან ერთად იქნება პორტის მხოლოდ ტექნიკურ ოპერირებაზე პასუხისმგებელი. ყველა რისკი, მათ შორის ანაკლიის პორტის კომერციული განვითარება, კონსორციუმის ხელში რჩება,”-აცხადებს ცქიტიშვილი.

მინისტრის მტკიცებით, პორტის კომერციული ოპერირების კონსორციუმის ხელში გადასვლის გამო ითხოვენ ბანკები ტვირთების უზრუნველყოფას სახელმწიფოსგან. მისი თქმითვე, დღეს საერთაშორისო ბანკები პორტის გამოცდილ ოპერატორს ვერ ხედავენ.

“რატომ მოითხოვეს ბანკებმა ტვირთბრუნვის გარანტია, ან რატომ წარმოადგინეს ბანკებმა მოთხოვნა ამ სესხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.?! ამის პასუხი შემდეგია: ბანკებს არ ჰყავთ პორტში სტრატეგიული ინვესტორი, რომელიც “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ერთად იქნებოდა პასუხისმგებელი სესხების დაფარვაზე. მეორე მხრივ, მათ არ ჰყავთ გამოცდილი ოპერატორი, რომელიც ტვირთების მოზიდვას უზრუნველყოფს,”-აცხადებს ცქიტიშვილი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, SSA Marine-მა საქართველოში შვილობილი კომპანია დააარსა, რომელთანაც კონსორციუმი თანამშრომლობს. მისივე თქმით, საკმაოდ ხშირია, როცა მსგავსი საერთაშორისო კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებში შვილობილი კომპანიების მეშვეობით ოპერირებენ.

“რომელი საერთაშორისო კომპანია შემოდის აქ პირდაპირ სათავო ოფისიდან?! არცერთი. ყველა ადგილზე შვილობილ კომპანიას აფუძნებს და ასე ოპერირებენ”.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ  SSA Marine-თან მომავალ თანამშრომლობაზე ჯერ კიდევ საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საუბრობდა. ამასთან, 2017 წელს სექტემბერში SSA Marine-თან, როგორც პორტის ოპერატორთან, ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. “ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების,”-აცხადებენ კონსორციუმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი