ახალი ამბები

შავგულიძე მთაწმინდაზე თავისუფალი დემოკრატების და ევროპული საქართველოს კანდიდატია

21 მარტი, 2019 • 1267
შავგულიძე მთაწმინდაზე თავისუფალი დემოკრატების და ევროპული საქართველოს კანდიდატია

თავისუფალი დემოკრატების და ევროპული საქართველოს სახელით მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებზე შალვა შავგულიძე იბრძოლებს, – ამის შესახებ გაერთიანებული პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

შალვა შავგულიძის განცხადებით, ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა გადაწყვიტეს, შექმნან საარჩევნო ბლოკი, რომლითაც წარდგებიან ამომრჩევლის წინაშე შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდაზე.

როგორც შავგულიძე ამბობს, ეს იქნება ამ ორი პარტიის პოლიტიკური სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვას, საერთო ღირებულებებს და მიზნებს, როგორებიც არის:

ავტორიტარული მმართველობის დაუშვებლობა; სამართლის უზენაესობის დამკვიდრება; ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური მექანიზმების ამოქმედება; ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული მცირე, მაგრამ ეფექტიანი მთავრობის მეშვეობით; ადამიანის უფლებების განურჩევლად დაცვა; ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; რა თქმა უნდა, ყველაფერ ამის გარანტი – ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელება”.

შალვა შავგულიძის განცხადებით, მათ უარი თქვეს პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე და შურისძიებაზე, რადგან მომავლისკენ იხედებიან.

გვაქვს ქვეყნის განვითარების პოზიტიური გეგმა და კონკრეტული დღის წესრიგი. ყველანი საქართველოს შვილები ვართ და ჩვენი ვალდებულებაა, მომავალ თაობას დავუტოვოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო თვალსაზრისით მშვიდობიანი და უსაფრთხო, დემოკრატიული, სამართლიანი, ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი სახელმწიფო. ეს არის ის, რამაც გაგვაერთიანა ერთ პოლიტიკურ ბლოკად და რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ გავაგრძელოთ პოლიტიკური თანამშრომლობა მომავალშიც”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ბრიფინგის ჩანაწერი და კომენტარები:

საქართველოს ცენტრაული საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თბილისში, მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. ზურაბიშვილს მმართველი პარტიის მხარდაჭერა ჰქონდა როგორც მაჟორიტარულ, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში. “ქართულმა ოცნებამ” მის სასარგებლოდ კანდიდატები არ დააყენა.

უკვე ცნობილია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მთაწმინდის ოლქში, სავარაუდოდ, მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ, მათ შორის არიან კობა დავითაშვილი, ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია, 2007-2009 წლებში სახალხო დამცველ სოზარ სუბარის მოადგილე სოფიო ხორგუანი და გირჩის წევრი ჰერმან საბო.

მასალების გადაბეჭდვის წესი