ახალი ამბები

ლიტერატურული ჟურნალების – ,,არილისა“ და ,,ახალი საუნჯის“ დაფინანსებას სამინისტრო ამცირებს

18 მარტი, 2019 • 3161
ლიტერატურული ჟურნალების – ,,არილისა“ და ,,ახალი საუნჯის“ დაფინანსებას სამინისტრო ამცირებს

ლიტერატურული ჟურნალების – ,,არილისა“ და ,,ახალი საუნჯის“ დაფინანსებას კულტურის სამინისტრო ამცირებს.

ბოლო წლების განმავლობაში ლიტერატურული ჟურნალების გამოსაცემად ყოველწლიურად 140 000 ლარი იყო გამოყოფილი. წელს ეს თანხა კულტურის სამინისტრომ 8000 ლარით შეამცირა. შედეგად, 2019 წელს ,,არილისა“ და ,,ახალი საუნჯის“ სამით ნაკლები ნომერი გამოვა. წელს ჯერ არ გამოცემულა ამ ჟურნალების არცერთი ნომერი, რადგან კულტურის სამინისტრომ დაფინანსებაზე კონკურსი დაგვიანებით გამოაცხადა.

ყოველწლიურ კონკურსს ორი სალიტერატურო და საბავშვო ჟურნალის გამოსაცემად მწერალთა სახლი აცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.

„არავინ იცის, ამ ინერციით მომავალ წელს შეიძლება ექვსი ნომერი დააფინანსონ, შემდეგ- მხოლოდ სამი და ბოლოს შეიძლება წერტილიც დაუსვან ლიტერატურული პერიოდიკის დაფინანსებას. ყოველი წლის დასაწყისში კონკურსის გამოცხადებას 2 თვე სჭირდებოდა. წელს მესამეც მიითვალეს და აპრილამდე, სამწუხაროდ, „არილს“ ვერ გამოვცემთ.

სამთვიანი წყვეტა ლიტერატურულ პროცესზე ცუდად აისახება. გროვდება უამრავი მასალა, ავტორებს და, რაც მთავარია, მკითხველებს უწევთ ლოდინი. სამწუხაროდ, სულ ორი ძირითადი ლიტერატურული ჟურნალი გვაქვს – „არილი“ და „ახალი საუნჯე“.

რამდენიმე ძვირფასი თვე რომ არ დაიკარგოს, კარგი იქნებოდა, კონკურსი ტარდებოდეს არა ყოველ წელს, არამედ 3-4 წელიწადში ერთხელ, ისეთ დროს, რომელიც ხელს არ შეუშლიდა გამოცემის პერიოდულობას“, – ამბობს „არილის“ რედაქტორი, მალხაზ ხარბედია.

ყოველი წლის დასაწყისში სავალდებულო კონკურსების არაეფექტურობაზე საუბრობს „ახალი საუნჯის“ რედაქტორი, შოთა იათაშვილი:

„ყოველი წლის დასაწყისში გვიწევს ბიუროკრატიული ბარიერების, რუტინული პროცესის გადალახვა. ყოველწლიური კონკურსი მაჩანჩალა პროცესია. კარგი იქნებოდა, ხელშეკრულება იყოს სამ-ოთხწლიანი, მით უფრო, როცა საქმე ეხება დამკვიდრებულ, მრავალწლიან გამოცემებს. ნაცვლად იმისა, რომ ინფლაციის გათვალისწინებით დაფინანსება გაზრდილიყო, პირიქით – შემცირდა“, – ამბობს შოთა იათაშვილი.

მწერალთა სახლის „ლიტერატურული გაზეთი“ უწყვეტად გამოიცემა კულტურის სამინისტროს დაფინანსებით. შოთა იათაშვილის თქმით, ასევე უწყვეტად, შეფერხების გარეშე უნდა გამოიცემოდეს ,,არილი“ და ,,ახალი საუნჯეც“, ორივე გამოცემა მწერალთა სახლს ეკუთვნის და მისი ლოგოთი გამოიცემა.

„ორივე ჟურნალი პერიოდული გამოცემებია. პერიოდულობა უწყვეტობას გულისხმობს, სამთვიანი შეფერხება კი ლიტერატურულ პროცესს ძალიან აზარალებს“, – ამბობს შოთა იათაშვილი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიდან „ნეტგაზეთს“ წერილობით უპასუხეს, რომ „დაფინანსება არ არის შემცირებული და გამოყოფილი თანხაც – 132 000 ლარი, სწორედ დარჩენილ თვეებზეა (პირველი აპრილიდან არაუგვიანეს 15 დეკემბრამდე) გათვლილი, რაც სრულებით არ ნიშნავს სამინისტროს მიერ სალიტერატურო ჟურნალების გამოსაცემად საჭირო თანხის შემცირებას“.

2025 წლამდე გაწერილ კულტურის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ, ზოგადად, კულტურის დაფინანსება მდგრადია. ამის მიუხედავად, „არილისა“ და ,,ახალი საუნჯის“ დაფინანსების მდგრადობას წელს კითხვის ნიშანი დაესვა. თუმცა წლის განმავლობაში ლიტერატურული ჟურნალების ნაკლები რაოდენობით გამოცემას კულტურის სამინისტრო დაფინანსების შემცირებად არ მიიჩნევს.

ჟურნალი ,,არილი“ 1993 წლიდან, „ახალი საუნჯე“ კი 2012 წლიდან გამოიცემა და ორივე მათგანი თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ამსახველი მთავარი ბეჭდური გამოცემაა ქართულ მედიაბაზარზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი