ეცვლება თუ არა ბოტანიკური ბაღის ნაწილს ზონალური სტატუსი, რაც მშენებლობის შანსს აჩენს

თბილისის მერ კახა კალაძის თქმით,  ინფორმაცია, რომ ბოტანიკურ ბაღში ბიძინა ივანიშვილის სახლის მომიჯნავე ტერიტორიას ზონალური სტატუსი ეცვლება, რათა იქ მშენებლობა გახდეს შესაძელებელი, სიმართლეს არ შეესაბამება. საპირისპიროს ამბობს ოპოზიცია.

იცვლება თუ არა ზონალობა?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ბოტანიკური ბაღის ნაწილს, რომელიც ივანიშვილის სახლს ემიჯნება, — 14 500 კვადრატული მეტრი — ახალი გენერალური გეგმით, ზონალური სტატუსი ეცვლება და სარეკრეაციო ზონა 1-ის ნაცვლად სარეკრეაციო ზონა 2 ხდება, რაც შესაძლებელს ხდის იქ მშენებლობას.

ზონალური სტატუსი განსაზღვრავს, თუ რისთვისაა ესა თუ ის ტერიტორია განკუთვნილი და რა შემთხვევაში შეიძლება მშენებლობის გაცემა. სარეკრეაციო ზონა 1 (რზ1) ნიშნავს, რომ ამ სტატუსის მქონე ნაკვეთზე მშენებლობა დაუშვებელია, რზ2 სტატუსის მქონე ნაკვეთზე კი ზოგიერთ შემთხვევაში მშენებლობა დასაშვები ხდება.

“ახალი გენგეგმის პროექტით ჩვენ ვხედავთ, რომ 14 500 კვადრატულ მეტრს ეცვლება სტატუსი და რეკრეაციული ზონა 1 იცვლება რეკრეაციული ზონა 2-ით, სადაც შესაძლებელია სპეციალური ნებართვით მშენებლობები”, — ამბობს საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ირაკლი ნადირაძე. იმავეს ამბობს საკრებულოს წევრი, ნადირაძის თანაპარტიელი ლევან ხაბეიშვილი.

თბილისის მერიის თანახმად კი, ინფორმაცია ბოტანიკურ ბაღში ზონალური სტატუსის ცვლილებაზე სიმართლეს არ შეესაბამება. “ნათქვამი იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი იქ აპირებდა რაიმე მშენებლობას და ა.შ. ეს არის ძალიან დიდი, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი ინფორმაცია. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ბიძინა ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან არავითარი შეხება არ აქვს”, — განაცხადა 15 მარტს კახა კალაძემ.

იმავე დღეს საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ბექა დავითულიანმა “მტკნარი სიცრუე” უწოდა ოპოზიციის ინფორმაციას. მან განაცხადა: “ბოტანიკური ბაღი არის ძეგლი. მის შიგნით არც მშენებლობაა დასაშვები, არც გასხვისება შეიძლება და არც რამე სხვა”.

“მოქმედ გენერალურ გეგმაში იმ ტერიტორიას ადევს რზ1. საკრებულოს სხდომის შემდეგ ედება ისევ რზ1”, – განაცხადა დავითულიანმა.

ამჟამად Tas.ge-ს, მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებსაიტის, მონაცემებით, ბოტანიკური ბაღის სრულ ტერიტორიას რზ1-ის სტატუსი აქვს, თუმცა 11 მარტით დათარიღებული გეგმით, მითითებულია, რომ ამ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი, რომელიც ემიჯნება ყოფილი პრემიერის რეზიდენციას, რზ2-ის სტატუსშია მოხვედრილი.

სხვაობა ძველ და ახალ გეგმებს შორის. მუქი მწვანე ფერით ჩანს ამჟამად მოქმედი გენგეგმით რზ1, ხოლო ღია მწვანე ფერით — რზ1 გენგეგმის ახალი პროექტით, რომლის მიღაბასაც საკრებულო აპირებს.

გარდა ბოტანიკური ბაღისა, როგორც ლევან ხაბეიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, ენმ-ს ხელთ აქვს “ათასობით მისამართი”, რომელსაც, მისი თქმით, ეცვლება ზონალური სტატუსი. მან განაცხადა, რომ აპირებს, ამ მისამართებზე არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ ჰკითხოს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლობას, “თუნდაც ამ პროცესმა 2 დღე წაიღოს”.

ნაკვეთი ბაგებში

ერთ-ერთი ასეთი ნაკვეთი, ხაბეიშვილის თანახმად, არის ვაკეში, ბაგებში მდებარე ტერიტორია. მისი თქმით, ნაკვეთს (საკადასტრო კოდით 01.14.09.004.191) ამჟამად სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი ჰქონდა, ახალი პროექტით კი, საცხოვრებელი ზონა 1-ის სტატუსი აქვს.

ამჟამად აღნიშნულ ნაკვეთს სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი აქვს

გენგეგმის პროექტით აღნიშნულ ნაკვეთს საცხოვრებელი ზონა 1-ის სტატუსი აქვს

ასევე, მისი თქმით, ლისის ტბასთან (საკადასტრო კოდით 01.14.16.008.373) სამრეწველო ზონის სტატუსის მქონე ნაკვეთს საცხოვრებელი ზონის სტატუსი ენიჭება.

როგორ თბილისის ვიცემერმა, მაია ბითაძემ ნეტგაზეთს განუცხადა ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება “იგივე ზონირება, რაც არის მოქმედ გენერალურ გეგმაში”.

ამას გარდა, ბითაძის თანახმად, “ბოტანიკურ ბაღს არ იცავს მხოლოდ უფლებრივი ზონირება ანუ გენერალური გეგმა. არ აქვს მნიშვნელობა, [რა ზონა ექნება], ბოტანიკური ბაღი არის ისტორიულ-კულტურული ძეგლი და ისევე როგორც, მაგალითად, გელათის გასხვისებაა დაუშვებელი, ასევე დაუშვებელია ბოტანიკური ბაღის გასხვისება ან იქ ლანდშაფტური ადმინისტრაციული შენობების გარდა სხვა შენობების მოწყობა”.

სქრინშოთებთან დაკავშირებით, ბითაძემ განაცხადა: “ეს არის ტასზე, ეს არ არის GIS ფაილები, ეს არ არის გენერალური გეგმა. Tas.ge არის საჯაროდ გამოქვეყნებული ელეტრონული პროგრამა, რომელიც არ არის გენგეგმის GIS ფაილები, SHAPE ფაილები, რომლებიც არის დისკზე, რომელიც არის დალუქული… ეს არის დოკუმენტი, რომელიც საჯარო უწყებაში ინახება, უბრალოდ, GIS/SHAPE ფაილების ცდომილება არის ტასზე”.

Shape ფაილები, მისივე განმარტებით, არის “x და y კოორდინატები, რომლებიც განსაზღვრავს კონკრეტული ობიექტის მდებარეობას დედამიწის ზედაპირზე”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com