ახალი ამბები

უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია

12 მარტი, 2019 • 1338
უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია.

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ნეშტების ამოცნობა შესაძლებელი გახდა იმ ორი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომლებიც წჯსკ-ს ეგიდით შეიქმნა და აღნიშნული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებაზე მუშაობს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ოჯახების წარმომადგენლებთან, განუმარტა ამოცნობის პროცესის ეტაპები და უპასუხა მათ შეკითხვებს. ასევე, ოჯახებს გაეწიათ ფსიქოლოგიური დახმარება ახლობლების გაუჩინარებით გამოწვეულ მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან გასამკლავლებლად.

“ჩვენთვის, როგორც ორგანიზაციისათვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მუშაობის კონკრეტულ შედეგს, იმ ფაქტს, რომ ოჯახები იღებენ პასუხს უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების შესახებ. ჩვენმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო – დასრულდა გაურკვევლობის ათწლეულები 23 ქართველი, აფხაზი და ოსი გაუჩინარებული ადამიანის ოჯახისთვის”, – აღნიშნა წჯსკ-ის ოპერატიული საქმიანობის კოორდინატორმა ევრაზიის რეგიონში ნიკოლა ფლორიმ.

ნეშტების გადაცემა და დაკრძალვის ცერემონიალი უახლოეს დღეებში გაიმართება.

1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით 2300-მდე პირი (როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო) კვლავ დაკარგულად ითვლება. 2013 წლიდან დღემდე 500-მდე ადამიანის ნეშტი მოიძიეს, 200 მათგანი ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი