ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა

22 დეკემბერი, 2023 • 1252
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ინფორმაციით, სტამბოლში ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-15 შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება.

შეხვედრას, როგორც ნეიტრალური შუამავალი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა.

ICRC-ს ცნობითვე, განხილული საკითხები მოიცავდა 2023 წლის 14 მარტს ბელგრადში (სერბეთი) გამართული საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო შეხვედრის შემდეგ განხორციელებულ საქმიანობას.

„მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, 526 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი და ექსჰუმირებული. მათგან 273 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს ღირსეულად დასაკრძალად, თუმცა 1870 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდაა დაკარგული. მონაწილეთა შორის არსებული მკაცრად ჰუმანიტარული დიალოგი და მათი გაზრდილი ჩართულობა გადამწყვეტია  ამ ადამიანების ოჯახებისთვის პასუხის გაცემისთვის”, – აღნიშნა ანიეს ქოთუმ, ICRC-ის დესპანმა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში კავკასიაში, რომელიც შეხვედრის თავმჯდომარე იყო.

1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა ICRC-ის ეგიდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი