ახალი ამბები

პირველი აპრილი რომ იყოს, უფრო გამიადვილდებოდა განმარტება – ბახტაძე წერილზე

8 მარტი, 2019 • 820
პირველი აპრილი რომ იყოს, უფრო გამიადვილდებოდა განმარტება – ბახტაძე წერილზე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბიზნესმენებზე რამე სახის ზეწოლას გამორიცხავს. როგორც ბახტაძემ “თიბისი ბანკის” საქმეზე საუბრისას დღეს, 8 მარტს აღნიშნა, შეფასებებში პოლიტიკურად მოტივირებულ და დამახინჯებულ ფაქტებს ვისმენთ.

ბახტაძის თქმით, “თიბისი ბანკი” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის და უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ, ეს საკითხი უპასუხისმგებლო საინფორმაციო ველში დააბრუნონ.

ბახტაძემ ისაუბრა მუქარის წერილზე, რომელიც “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

“თქვენ წერილის შინაარსი ახსენეთ, დღეს არის 8 მარტი. რომ იყოს პირველი აპრილი, გულწრფელად, უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე განმარტების გაკეთება და შეიძლება, ისიც მეთქვა, რომ გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა მათ შორის ის, რომ “არტარეასთან” ერთად, რომელიმე მუსიკალური არხისგან ან რაგბი ტვ-სგან ითხოვდა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას”, – განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ წერილის შინაარსზე სერიოზული კომენტარი გაკეთება გაუჭირდება.

მისი თქმით, ნებისმიერი მინისტრი ყოველთვის მზადაა, გასცეს პასუხს კითხვებს საქართველოს პარლამენტში თუ საგამოძიებო ორგანოებთან.

“ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ეს არის ის, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. გიორგი ჩვენს გუნდში შემოვიდა როგორც ბიზნესომბუდსმენი და მე პირადად  ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა ყოველთვის “ნაციონალური მოძრაობისგან” გამწარებულ მეწარემეებს, რომ აღედგინათ თავიანთი უფლებები. ამას აკეთებდა 24-საათიან რეჟიმში. პირადად ჩემთვის ეს კიდევ უფრო მასტიმულირებელია  ვიფიქრო, რომ ეს არის, როგორც ჩანს, პოლიტიკურად ორკესტრირებული საქმე”, – განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება “ფრესკოს” დამფუძნებლის განცხადებას, პრემიერის თქმით,  არ გასცნობია მას და არ იცის სოფრომაძის განცხადების შესახებ.

“იარაღით მიდიან ფინანსთა სამინისტროს წარმოამდგენლები, ეს არის მძიმე ბრალდება. ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ ბრალდებებისთვის პასუხი აგოს”, – დასძინა ბახტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი