“და ვინჩი” საქართველოდან – თვალის კლინიკის ამბიციური გეგმები

“ლეონარდო და ვინჩი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თითქმის სრული სიზუსტით აღწერა თვალის ანატომია და ოპტიკური სისტემა მეთხუტმეტე საუკუნეში. გარდა ამისა, ის ყველაზე დიდ ინოვატორად მოიაზრება თანამედროვე მეცნიერებაში და არამხოლოდ”, – ასე პასუხობს თბილისში მდებარე თვალის კლინიკის დირექტორი თეკლა მამაგეიშვილი კითხვას, თუ რატომ ჰქვია კლინიკას “დავინჩი”.

ის დარწმუნებულია, რომ “დავინჩი” სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიდერი იქნება ოფთალმოლოგიური ინოვაციების დანერგვაში.

თეკლა მამაგეიშვილი, კლინიკა “დავინჩის” დირექტორი და ექიმი

პირდაპირი ვიდეო-სტრიმინგი თვალის ქირურგიული ოპერაციიდან, ოპერაციები თანამედროვე 3D ტექნოლოგიის გამოყენებით – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიღწევების, რომლებსაც მამაგეიშვილი კლინიკის წარმატებად მიიჩნევს.

“დაგროვილმა გამოცდილებამ და ჯგუფურმა მიზანსწრაფვამ წარმოშვა უფრო ამბიციური იდეა, შეგვექმნა ახალი და გაცილებით ინოვაციური ოფთალმოლოგიის საერთაშორისო ცენტრი”, – ამბობს თეკლა მამაგეიშვილი.

კლინიკა თვალის კვლევითი ინსტიტუტის ჩამოყალიბებას აპირებს.

კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ექიმი ნიკოლოზ ლობაური ატარებს თვალის ოპერაციას, რომლის სტრიმიც მონიტორზე ჩანს

მანამდე კი “დავინჩის” შენობაში პაციენტების რიგია. კლინიკას ყოველდღიურად ათეულობით პაციენტი მიმართავს.

“ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს სწორედ პაციენტთა მომსახურების ოპერატიულობის გაზრდა და რეფრაქციული ქირურგიის მიმართულებით განვითარებაა. ბევრი პაციენტი მოგვმართავდა და მივხვდით, რომ შეიძლებოდა გვქონოდა ადამიანური რესურსისა და ტექნიკურ-პროგრამული უზრუნველყოფის კრიზისი”, – ამბობს მამაგეიშვილი.

მისი თქმით, EBRD-ის პროგრამა “ქალები ბიზნესში” კომპანიის საქმიანობის სტრატეგიულ დაგეგმვასა და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიმართულებაში დაეხმარა.

კლინიკა “და ვინჩის” სამედიცინო პერსონალი

პროგრამა, რომელსაც მამაგეიშვილი ახსენებს, ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებული EBRD-ის სპეციალური პროექტია, რომელიც ეხმარება ქალების მიერ მართულ მცირე და საშუალო საწარმოებს ფინანსებზე წვდომის და იმ ნოუ-ჰაუს მიღებაში, რაც სჭირდებათ თავიანთი ზრდისთვის.

EBRD “დავინჩისთან” 2016 წლიდან თანამშრომლობდა, რაც კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერას ითვალისწინებდა საკონსულტაციო მომსახურებით, რადგან კლინიკა გაფართოებისათვის ემზადებოდა. კომპანიას ესაჭიროებოდა პროექტის მიზანშეწონილობის (feasibility) კვლევა და საინვესტიციო გეგმა.

“ქალები ბიზნესში” დაგვეხმარა კომპანიის საქმიანობის სტრატეგიულ დაგეგმვასა და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიმართულებით, რისთვისაც მადლიერები ვართ”, – ამბობს კლინიკის დირექტორი და დასძენს, რომ უკვე მოიძიეს მიწის ნაკვეთი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, სადაც ახალ კლინიკას საკუთარი კაპიტალით და ბანკიდან მოძიებული სესხით ააშენებენ.

თეკლა მამაგეიშვილი და ექიმის ასისტენტი ლუკა საბანაძე ემსახურებიან პაციენტებს

“პროექტმა “ქალები ბიზნესში” გამოცდილი საკონსულტაციო კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა მოგვცა. მათ შეაფასეს კლინიკის მიმდინარე ღირებულება და მოამზადეს განვითარების გეგმა საპროგნოზო ფინანსური რეპორტებით, რომელიც გამოვიყენეთ საჭირო თანხის მოსაზიდად.

ჩვენ გავატარეთ რეკომენდირებული ღონისძიებები ორგანიზაციული და მარკეტინგული კუთხით, რამაც შემოსავლების მნიშვნელოვანი სტაბილიზაცია გამოიწვია, საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში მიღებული ბიზნესის გეგმით კი საკმაოდ დაბალფასიანი საბანკო სესხი ავიღეთ”, – ამბობს თეკლა.

“დავინჩის” დირექტორი ამბობს, რომ პაციენტების მომსახურების გარდა მათი მიზანია, საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე კოლეგებსაც დაეხმაროს ცოდნის გაღრმავებაში. მისი თქმით, ყოველ ოთხშაბათს მართავენ სემინარებს როგორც ოფთალმლოგიაში, ასევე სხვა მედიცინის საბაზისო საგნებში და, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება პაციენტის ჯანმრთელობაზე.

“დავინჩის” ერთ-ერთი ტექნოლოგია, რომელიც ძალიან ჰგავს WALL-E-ს ცნობილი მულტფილმიდან

სტატია გამოქვეყნდა პროექტის “ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო” ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.