ახალი ამბები

6 ახალი და საყურადღებო ამბავი, რაც ხაზარაძის პარლამენტში გამოსვლიდან გავიგეთ

4 მარტი, 2019 • 5304
6 ახალი  და საყურადღებო ამბავი, რაც ხაზარაძის პარლამენტში გამოსვლიდან გავიგეთ

დღეს, 4 მარტს თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში უსმენდნენ. კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას და დეპუტატების კითხვებზე პასუხის დროს მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა წამოჭრა, მათ შორის:

1. ხაზარაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის. ამის დასტურად  კობა გვენეტაძესთან შეხვედრა გაიხსენა:

“მე არ მსმენია ეროვნული ბანკის და შს მინისტრის ტანდემის შესახებ, ვერ ვიტყვი ასე. უბრალოდ, ერთ-ერთ ჩემს საუბარში, როდესაც 10 000 ლარით დაგვაჯარიმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მე მივედი და დავუსვი კითხვა: რა გინდათ, იქნებ პირდაპირ მითხრათ?

მაშინ არ ვიცოდი, თუ ამდენი რამ ხდებოდა კულისებში. ხელი აწია და თქვა, რომ პოლიტიკოსები… მაშინ მივხვდი, რომ ეს ადამიანი არ არის დამოუკიდებელი, ეს ორგანო არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და [გვენეტაძემ] მითხრა, რომ იქნებ მიჩივლოო სასამართლოში” – თქვა ხაზარაძემ.

2. ხაზარაძის თქმით, ის და ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტის მხრიდან მუქარის  ობიექტები იყვნენ:

“პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ბანკი, პრაქტიკულად, გვაშანტაჟებდა მე და ბადრი ჯაფარიძეს პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტის მხრიდან. მათ დამოუკიდებელ დირექტორებს გამოუგზავნეს წერილი. მინდა გითხრათ, რომ თიბისი ბანკს სამეთვალყურეოს 7 წევრი ჰყავს აქ და 9 წევრი ჰყავს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

აქაური 7 წევრიდან 5 დირექტორად არის დანიშნული ლონდონში მყოფი წევრების მიერ. ისინი არიან უცხოელები, არიან დამოუკიდებლები. მე და ბადრის გვაქვს ორი ხმა და გადაწყვეტილების მისაღებად ეს ორი ხმა საკმარისი არ არის სამეთვალყურეო საბჭოში. პირველი ჯარიმა მოვიდა 10 ათას ლარზე, რომელიც, ეტყობა, ვიღაცამ დაუწუნა და უთხრა, რომ ცოტაა.

მე შევხვდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ჩვენ 10 ათასსაც არ გადავიხდით და ვუთხარი, რომ არ არის სწორი, 11 წლის წინანდელი ამბავი როგორც მიგყავთ. ამის შემდეგ გამოაგზავნეს ახალი წერილი და ჯარიმა მილიონ ლარზე და წერილი დამოუკიდებელ დირექტორებთან. მათ მოითხოვეს, დირექტორებს განეხილათ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ბანკში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხი: ან ისინი გამოსცემდნენ ბრძანებას ჩვენი გადაყენების შესახებ, ან მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას. პრაქტიკულად, დაგვემუქრნენ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

3. თიბისი ბანკის დამფუძნებლის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის წერილი:

“არჩევნების მეორე ტურის წინ მე მივიღე წერილი ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომლშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ეს დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც არ შევასრულეთ”, – თქვა ხაზარაძემ.

ბიზნესმენმა ასევე აღნიშნა, რომ წერილის შესახებ დაკითხვაზეც ისაუბრა, თუმცა სამი პროკურორიდან არცერთს ამ თემაზე მისთვის კითხვა არ დაუსვამს:

“საოცრება ის არის, რომ მე ამის შესახებ ჩემს დაკითხვის ოქმში ვთქვი. ამის მერე არც მოსამართლემ და არც სამმა პროკურაორმა კითხვაც კი არ დამისვეს. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის მუქარა, შემოტევა, და ეს არის ჩაწერილი. არავინ არათუ დაინტერესდა და საქმე აღძრა, 9 იანვარს გააკეთეს საშინელი განცხადება, რომელმაც პირველი 90 მილიონის ზარალი მიაყენა ჩვენს ინვესტორებს.

ამიტომ, კითხვაზე, განვაცხადე თუ არა პროკურატურაში, ზუსტად ისე განვაცხადე, როგორც ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე განაცხადებდა. რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ჩემი დაკითხვის ოქმს, თუ საიდუმლო გრიფი არ აქვს? რატომ არის ამოგდებულად ეს 17 მილიონის თემა მიწოდებული საზოგადოებისთვის. ეს არის მთელი არსი,” – ამბობს ხაზარაძე.

მოგვიანებით ხაზარაძემ განაცხადა, რომ ეს მაღალჩინოსანი შს მინისტრი გიორგი გახარია იყო. ბიზნესმენმა ასევე აღნიშნა, რომ ის მზადაა წერილის შინაარსი გაასაჯაროოს, თუ თიბისის საქმეზე საგამოძიებო კომისია  შეიქმნება.

4. პარლამენტში გამოსვლისას  მამუკა ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას “პროგრეს ბანკის” ყიდვა სთხოვა:

მამუკა ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, ბანკ “რესპუბლიკასთან” დაკავშირებით შეხვდა. თიბისის დამფუძნებელი ყვება, რომ როცა “რესპუბლიკის” მფლობელმა, “სოსიეტე ჟენერალმა”, საქართველოდან გასვლა გადაწყვიტა, ფრანგული საფინანსო კომპანიის გენერალურ დირექტორს პარიზში შეხვდა და “რესპუბლიკის” ყიდვასთან დაკავშირებით მოელაპარაკა. ხაზარაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა, “სამწუხაროდ, გააჩერა ეს გარიგება”, რის შემდეგაც ბანკის აქციების ყიდვის სურვილი ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ გამოთქვა.

მამუკა ხაზარაძის მონათხრობის მიხედვით, სწორედ ამის შემდეგ შედგა შეხვედრა ივანიშვილთან და ქუმსიშვილთან, სადაც “პროგრეს ბანკის” საკითხიც  ახსენეს:

“მოხდა ჩემი შეხვედრა ბატონ ბიძინასთან და ქუმსიშვილთან მიმდინარ საკითხებზე და იქ, უბრალოდ, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვი, რომ რატომ ქართველებს არ გვეძლევა საშუალება, რომ გავფართოვდეთ და ვიყიდოთ[ბანკი “რესპუბლიკა”]. ბატონმა ბიძინამ დაადასტურა, რომ კი, მეც ასე ვფიქრობ, რომ ასეთმა წარმატებულმა ბანკმა უნდა გააკეთოს ეს გარიგებაო და, უბრალოდ, საუბარში წამოვიდა, იქნებ “პროგრეს ბანკიც” გეყიდათო.

მე ვიცოდი, რომ ძალიან პატარაა ეს ბანკი, რომ არაფერი ამაში განსაკუთრებული არ ხდება. ჩვენ მალე მივიღეთ თანხმობა ეროვნული ბანკიდან, შევედით “პროგრეს ბანკში” აუდიტით და, საბოლოო ჯამში, ჩვენ “პროგრეს ბანკი” არ გვიყიდია. ვიყიდეთ მხოლოდ ჯანმრთელი აქტივები და ამის შემდეგ ეროვნული ბანკის მიერ მოხდა “პროგრეს ბანკის” დახურვა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე გამაჩნია”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

5. მამუკა ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ ვალების განულების პროგრამის ფარგლებში თიბისიმ 120-მილიონიანი პორტფელი 3 მილიონ ლარად გაანულა:

“თქვენ იცით, რომ დეკემბერში მოხდა სესხების ჩამოწერა. არავინ არ თქვა, რა თანხებზეა საუბარი, ვის ეკუთვნის ეს თანხები. მთელი პროპაგანდა იყო, რომ საბანკო სექტორმა გამოიწვია ჭარბვალიანობა. როგორ გგონიათ, მილიარდ ხუთას მილიონში რამდენი პროცენტია საბანკო სექტორის ნაწილი? ჩვენი არის 6 პროცენტი.

ჩვენ მივმართეთ ოფიციალური წერილით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარით, თქვენ რომ გვეუბნებით, რომ ჩვენი 120 მლნ-იანი პორტფელი ამ მილიარდ 500 მილიონში უნდა ჩამოვწეროთ, 3 წლის მერე ახალი სების პრეზიდენტი რომ მოვა, ხომ შეიძლება მანაც უკანა რიცხვით თქვას, ან ჩემმა აქციონერმა ნიუ-იურკში თქვს, რომ რატომ ჩამოწერეთ 120 მლნ 3 მილიონად?! ჩვენ სულ სხვა გათვლები გვქონდა. ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს 120 მლნ გასანულებელი იყო.

კითხვა მაქვს, თუ თქვენ 2008 წლის 17 მლნ-ზე გაქვთ პრეტენზია, 5 წლის მერე ხომ შეიძლება ახალმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა თქვას, რომ ეს იყო არასწორი 120- მილიონიანი ჩამოწერა? სებ-ისგან წერილი მივიღეთ, რომ ეს ჩვენი საკითხი არ არისო. ლოგიკა სად არის?! თუმცა ისინი ყველა შეხვედრაზე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროთან ერთად”, – განაცხადა ხაზარაძემ.

6. მამუკა ხაზარაძემ მოსმენაზე ასევე აღნიშნა, რომ თბილისში, სავარაუდოდ, ე.წ. ბოტების ოფისს მიაკვლიეს:

თიბისი ბანკის დამფუძნებლის თქმით, გასული წლის ივლისის თვეში ბანკზე მოხდა კიბერ-თავდასხმა. ხაზარაძის თქმით, ბანკის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა აღმოაჩინა ადგილი, საიდანაც თავდასხმა მოხდა და აღნიშნული ინფორმაცია შსს-ს მიაწოდეს:

“მინდა გითხრათ, რომ თიბისი ბანკი გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ინოვაციებით და ჩვენს ბანკში 400 უნიჭიერესი ახალგაზრდა მუშაობს, რომელიც  ფოკუსირებულია საინფორმაციო უზრუნველყოფაზე და უსაფრთხოებასა და ახალი პროდუქტების  შექმნაზე. ჩვენ არა მარტო დავიცავით  ბანკი ამ კიბერ-შეტევისგან და დავიჭირეთ სიგნალი, არამედ მივაგენით მისამართს, კომპიუტერებს, ოთახს, და ეს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ შსს-ს. მას შემდეგ 5 წერილი მივწერე მინისტრს, სად დგას გამოძიება. 1 კვირის წინ მივიღე გამომძიებლის პასუხი, რომ კომპიუტერი წაღებულია ექსპერტიზაზე”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ბიზნესმენის თქმით, თავდასხმა თბილისში, ცენტრალურ გამზირზე მდებარე ოფისიდან მოხდა. ხაზარაძეს ეჭვი აქვს, რომ სავარაუდოდ ეს ის ოფისებია, საიდანაც ე.წ. ბოტები იმართებიან და, მისი თქმით, ამ მოვლენების შემდეგ ბანკზე აგორებული ნეგატიური კამპანიის უკან სოციალურ ქსელებშიც ეს ოფისები დგანან:

“კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვიცით მისამართი, ოთახი და ის ხალხი, ვინც ზის ამ კომპიუტერთან… თბილისში,, ცენტრალურ გამზირზე. ეს არის, სავარაუდოდ, ის ოფისები, საიდანაც ბოტები და ფაბრიკები იმართება  და ასეთი დიდი შეტევა ჩვენ მიმართ, ბოლო მოვლენებს თუ გადაავლებთ თვალს, სოციალურ მედიაში, ალბათ, რაღაც ნაწილი იქიდან მოდის”, – ამბობს ხაზარაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი