ახალი ამბები

ეროვნული ბანკი მე და ბადრი ჯაფარიძეს გვაშანტაჟებდა – მამუკა ხაზარაძე

4 მარტი, 2019 • 1654
ეროვნული ბანკი მე და ბადრი ჯაფარიძეს გვაშანტაჟებდა – მამუკა ხაზარაძე

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე თქვა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტის მხრიდან შანტაჟის ობიექტი იყო.

“პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ბანკი, პრაქტიკულად, გვაშანტაჟებდა მე და ბადრი ჯაფარიძეს პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტის მხრიდან. მათ დამოუკიდებელ დირექტორებს გამოუგზავნეს წერილი. მინდა გითხრათ, რომ თიბისი ბანკს სამეთვალყურეოს 7 წევრი ჰყავს აქ და 9 წევრი ჰყავს ლონდონის საფონდო ბირჟაზე. აქაური 7 წევრიდან 5 დირექტორად არის დანიშნული ლონდონში მყოფი წევრების მიერ. ისინი არიან უცხოელები, არიან დამოუკიდებლები. მე და ბადრის გვაქვს ორი ხმა და გადაწყვეტილების მისაღებად ეს ორი ხმა საკმარისი არ არის სამეთვალყურეო საბჭოში. პირველი ჯარიმა მოვიდა 10 ათას ლარზე, რომელიც, ეტყობა, ვიღაცამ დაუწუნა და უთხრა, რომ ცოტაა. მე შევხვდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ჩვენ 10 ათასსაც არ გადავიხდით და ვუთხარი, რომ არ არის სწორი, 11 წლის წინანდელი ამბავი როგორც მიგყავთ. ამის შემდეგ გამოაგზავნეს ახალი წერილი და ჯარიმა მილიონ ლარზე და წერილი დამოუკიდებელ დირექტორებთან. მათ მოითხოვეს, დირექტორებს განეხილათ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ბანკში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხი: ან ისინი გამოსცემდნენ ბრძანებას ჩვენი გადაყენების შესახებ, ან მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას. პრაქტიკულად, დაგვემუქრნენ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე, ხაზარაძის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უთხრა, რომ ის ბადრი ჯაფარიძესთან ერთად მზად იყო, გადამდგარიყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან, ჯაფარიძე კი – მოადგილეობიდან. რაზეც მან უპასუხა, რომ უნდა დაეტოვებინათ სამეთვალყურეო საბჭოც.

“მე ვუთხარი, ეს ჰგავდა იმას, რომ 27 წლის შვილთან არ მოგცენ ურთიერთობის უფლება. მე ვუთხარი, რომ სამეთვალყურეო საბჭოს აქაური წევრების რაოდენობა გაეზარდათ 9-მდე და ამ სიტუაციაში 2 კაცს 7 კაცზე ზემოქმედების მოხდენის რა ბერკეტი გვექნებოდა? არა, მათ თქვეს, რომ ეს არის კატეგორიული საკითხი. მე ვუთხარი, ამას ვერ დავეთანხმებით, მაგრამ წერილი მაინც მოგვეცით, რომ ფულის გათეთრება ჩვენი ბანკის სისტემაში არ მომხდარა. ვაჩვენე მსოფლიოში ცნობილი კომპანია “დენტონსის” დასკვნა. როცა ეს მივაწოდე, მათ შორის, ყველა ეკონომიკურ ბლოკს, არავინ არ დამიკავშირდა. მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ადამიანებმა მხარე დაიჭირეს ამასთან დაკავშირებით”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, სიტუაციაში გარკვევა მოითხოვა აზიის განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტმაც. “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი ამბობს, რომ მან ელექტრონულად,  მესინჯერით მიიღო წერილი ეროვნული ბანკისგან, სადაცე ეწერა:

“ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ არანაირი კრიმინალური და ფულის გათეთრების საკითხი არ არის. საკითხი ეხება ინტერესთა კონფლიქტს. მე, როგორც კანონმორჩილმა ადამიანმა, დავსვი კითხვა, როგორ გამოვიყენებ ამ წერილ?. მათ მითხრეს, რომ ამ წერილს გამოიყენებთ თქვენი პარტნიორებისთვის, სხვაგან ვერ გამოიყენებთ. ამას ქართულად ჰქვია შანტაჟი”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ საკომიტეტო მოსმენისას. მისი განმარტებით, ეს იყო დისკირიმინაცია და უსამართლო მოპყრობა მათ მიმართ.

ხაზარაძის განმარტებით, მიიღო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის გადაწყვეტილება, რადგან აქციებმა დაიწყო ვარდნა და ბანკი მთლიანად რომ “არ ჩამოქცეულიყო”, გადადგა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი