სასულიერო პირი ციხიდან გაშვებას არ უნდა იხვეწებოდეს – იაკობი მამალაძეზე

ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მღვდელმთავრებისთვის გაგზავნილი წერილი “ჩვეულებრივი შანტაჟია” და კონკრეტულ ფაქტებს არ შეიცავს.

პატრიარქის ქორეპისკოპოსის თქმით, მამალაძე წერილში ზოგადად ლაპარაკობს კორუფციაზე.

“ეს ახალი წერილი არ არის. თუ ვინმე ამბობს: არ ვიცი, რა წერია წერილშიო, – იტყუებიან. როდესაც ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა წაგვიკითხა, იქვე დაიბადა აზრი, რომ ასეთი ადამიანი არ შეიძლება, სასულიერო პირი იყოსო. ერთია წერ, მაგრამ ხომ უნდა დაამტკიცო? მახარებელი ხომ არ არის, რასაც წერს, ყველაფერი დაუჯერო? შანტაჟია ჩვეულებრივი – თუ არ გამომიშვებენ, რაღაცები მაქვს და გამოვაქვეყნებ… გამოაქვეყნოს რაც უნდა”, – განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

ეპისკოპოს იაკობის აზრით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სერიოზული კომპრომატი რომ ჰქონოდა, აქამდე გამოაქვეყნებდა.

“შეშინებული კაცია ციხეში. სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვიო. ტყუილად რომ იყო დაჭერილი… ზოგიერთი სასულიერო პირი მაგას მოწამეს უწოდებს. ჰოდა, თუ მოწამეა და აღმსარებელი, მაგის ჯვარს ტოვებს და გარბის? თუ შენდობას ითხოვს, ჩვენ გაგებით მოვეკიდებით, თუ მუქარით ილაპარაკა, გამოაქვეყნოს”, – განაცხადა პატრიარქის ქორესპისკოპოსმა.

მისივე თქმით, წერილის შინაარსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვისაც ცნობილია.

ამავე თემაზე:

ვინ რა (არ) იცის დეკანოზის “სკანდალურ წერილზე”

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი