ახალი ამბები

ვინ რა (არ) იცის დეკანოზის “სკანდალურ წერილზე”

20 თებერვალი, 2019 • 2397
ვინ რა (არ) იცის დეკანოზის “სკანდალურ წერილზე”

რა წერია წერილში, რომელიც “ციანიდის საქმეზე” დაკავებულმა დეკანოზმა მღვდელმთავრებს 2017 წელს გაუგზავნა და ერთ-ერთი ადრესატის თქმით, ფარულ მუქარას შეიცავს და “საეკლესიო ბედუკაძეობას” ნიშნავს?

წერილი, რომელიც ახლა მღელვარების და განხილვის თემაა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ 2017 წლის გაზაფხულზე 4 მღვდელმთავრის სახელზე ციხიდან  გაგზავნა. წერილის არსებობას, რომლის შინაარსიც უცნობია, ადასტურებენ როგორც დეკანოზის ოჯახის წევრები და ადვოკატები, ასევე, სასულიერო პირების ნაწილიც.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე, რომელიც აღნიშნული წერილის ერთ-ერთი ადრესატი იყო, გადაცემაში “კვირის აქცენტები” აცხადებს, რომ მამალაძის მიერ გამოგზავნილი წერილი ფარულ მუქარას შეიცავდა და სწორედ მან შეაფასა ფაქტი “საეკლესიო ბედუკაძეობად” .

მიტროპოლიტ პეტრეს წერილის შინაარსის შესახებ არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა ის გამხდარიყო იმის მიზეზი, თუ რატომ აქცია მამალაძეს ყველამ ზურგი, მათ შორის პატრიარქმაც:

იყო პრეცედენტი, როდესაც მამაომ ასეთი მუქარის შემცველი წერილი გამოგზავნა საპყრობილიდან, რომელიც მომივიდა მე და სამ მღვდელმთავარს. მე დავუკავშირდი ერთ-ერთს და ვუთხარი, რომ მამაო რომ ასეთ წერილს წერს, მუქარანარევს, და დავარქვი, რომ ეს არის “საეკლესიო ბედუკაძეობა”, არ მოვერიდები ამ შეფასებას.

აბსოლუტურად  ვეწინააღმდეგები, მაგრამ მიმაჩნია, რომ კაცი გატყდა ფსიქოლოგიურად იმიტომ,  რომ უკვე სამუდამო  პატიმრობა იყო მამაოს მიმართ მოთხოვნილი იმ პერიოდში. სასულიერო პირებს არ უშვებდნენ და იყო სრულ იზოლაციაში და იქნებ შეხვიდეთ ან ვიღაც მივუჩინოთ ამ ადამიანს, რომ დავეხმაროთ, ვანუგეშოთ, რომ სულიერად ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა-მეთქი. და ამას მოჰყვა რამდენიმე დღეში მორიგი ბოროტება, როდესაც საპატრიაქროს იურისტი გამოვიდა და ცილი დამწამა – პატრიარქის მოკვდინებაში მადანაშაულებდა”, – ამბობდა მიტროპოლიტი.

მიტროპოლიტი პეტრე ასევე აღნიშნავს, რომ წერილში საუბარი იყო ეკლესიაში შექმნილ მანკიერ, არაჯანსაღ მდგომარეობაზე, ფარული მუქარა ეკლესიას მიემართებოდა და წერილის შინაარსი სასიამოვნო არავისთვის ყოფილა.

გადაცემის მიმდინარეობისას მიტროპოლიტმა ასევე განმარტა, რას გულისხმობდა “ბედუკაძეობაში”. მისი განცხადებით, ვლადიმერ ბედუკაძის პარალელი გულისხმობს “დადგმული სიბინძურის ტირაჟირებას, რომლის მონაწილეც თვითონ იყო და ეს გამოიყენა”.

აღნიშნულ წერილზე 20 თებერვალს გადაცემაში “რეაქცია” ისაუბრა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმაც. როგორც სასულიერო პირი აცხადებს, მას აღნიშნული წერილი არ მიუღია და არც მის შინაარსზე აქვს დეტალური ინფორმაცია, თუმცა საკუთარ ვარაუდებსა და სხვა მღვდელმთავრების მონაყოლზე დაყრდნობით ფიქრობს, რომ წერილში ზნეობრივ და მორალურ საკითხებზეა საუბარი:

მე ვარაუდით ვამბობ, არის ისეთი ვარაუდები, რომ ის ცდილობდა თავისი თვალით დანახული არსებული მანკიერებების თუ სხვადასხვა დანაშაულებების აღმოფხვრას, მაგრამ საკითხავია, ერთი მხრივ, ის მის აღმოფხვრას ცდილობდა, თუ ამით მანიპულირებას. ჩანს წერილებში, რომლებიც მან დაგზავნა, ითქვა, რომ იქ ფარულ მუქარას შეიცავდა. მე არ წამიკითხავს… ითქვა, რომ იქ ფარული მუქარა არის. მეუფე პეტრემაც აღნიშნა და არ მოუწონა ეს. მე როგორც ვიცი, ის მნახვლეებთან ღიად საუბრობს, რისი თქმაც არ სურს. დაპატიმრებამდეც ესაუბრებოდა რამდენიმე მღვდელმთავარს და დაპატიმრების შემდეგაც, მეც მთხოვა, რომ მენახა იგი, მაგრამ მე შეგნებულად არ წავედი. როგორც ამბობენ, ისეთებს ამბობს, მისი მოსმენა არ შეიძლება”, – ამბობს მიტროპოლიტი ანტონი “რეაქციაში”.

მღვდელმთავრის თქმით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ მკვლელობის მცდელობის მიღმა უფრო დიდი დანაშაული იმალება, თუმცა არ აკონკრეტებს, რა:

“მოდი, გავიხსენოთ, რა განცხადებები გვაქვს მოსმენილი. მოვისმინეთ, რომ “ღმერთმა ნუ ქნას, ეს ამბავი საზოგადოებამ გაიგოს”, “ნეტავი, მეც არ გამეგო”, გვაქვს მოსმენილი განცხადება, რომ “ეს ციხის კადრებზე მეტად ძნელი გადასატანი იქნება”, გვაქვს მოსმენილი, რომ “ეს არის ბედუკაძეობა”. მოდი, ვივარაუდოთ, რასთან გვაქვს საქმე. მე შთაბეჭდილმება მრჩება, რომ მკვლელობის მცდელობის მიღმა უფრო დიდი დანაშაული იმალება.

რა შეიძლება იყოს მკვლელობაზე დიდი დანაშაული?  თუ ის იურიდიული ხასიათისაა, შეიძლება ის იყოს სახელმწიფო და საპატრიარქო გადატრიალება, მაგრამ თუ არაიურუდული ხასიათისაა, მაშინ- რაიმე მორალური ან ზნეობრივი” – აღნიშნავს მიტროპოლიტი ანტონი. 

წერილის შინაარსის მხოლოდ ნაწილს იცნობს დაკავებული დეკანოზის ძმა. როგორც თორნიკე მამალაძე ამბობს, წერილში საუბარია პატრიარქის ოჯახის წევრებსა და მათ მფლობელობაში არსებულ ბიზნესებზე. საუბარია ილია მეორის დის ბიზნესსაქმიანობაზე, საპატრიარქო უარყოფს ამ ცნობის ნამდვილობას.

მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაკავებული დეკანოზის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დეკანოზს რაიმე დაემართებოდა, ყველაფერს, რაც მის ძმას აქვს სათქმელი, თავად მოყვება.

წერილი არც დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთ ადვოკატს, ნიკა გვარამიას წაუკითხავს. მისი თქმით, არც დეკანოზს განუხილავს მასთან არცერთი შეხვედრისას საპატრიარქოში მიმდინარე საკითხების მორალური და ზნეობრივი მხარე და მათი აუდიენცია იურიდიული საკითხების განხილვით შემოიფარგლებოდა.

როგორც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორი ამბობს, საპატრიარქოს შუამავალი, მაღალი საეკლესიო იერარქი, ცდილობდა გაერკვია, რა უთხრა მას დეკანოზმა და რის თქმას აპირებდა  საჯაროდ:

” ძალიან მკვახედ ვუპასუხე (რისთვისაც მოგვიანებით ბოდიშს ვუხდი), რომ არაფერი მორალზე და ამ ტიპის პიროვნულ კომპრომატებზე ჩემთვის დეკანოზს არ უთქვამს და რომც დაეპირებინა, ამას არ მოვისმენდი. მით უფრო, ამ ფაქტებზე წარმოდგენაც რომ მქონდეს, საჯაროდ მათზე არ ვილაპარაკებ, ამის დაშვებითაც კი შეურაცხყოფა მომაყენეს (ამიტომაც ვიყავი მკვახე).

ამ წერილს მეუფე პეტრემაც კი (მამალაძის ყველაზე ღია მხარდამჭერმა) ჩემთან და ეკა კვესიტაძესთან ინტერვიუში ღიად უწოდა “საეკლესიო ბედუკაძეობა”. ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ წერილი მძიმე მორალურ ინსინუაციებს შეიცავს, რაც, თუ ასეა, დიდი შეცდომაა დეკანოზის მხრიდან”, – ამბობს გვარამია. 

მისი თქმით, პოზიციები უნდა დაახლოვდეს, რისი მთავარი წინაპირობაც დეკანოზის პატიმრობიდან გათავისუფლებაა. გვარამია მზადაა ამ პროცესში მედიატორის როლი იკისროს:

“პოზიციების დაახლოების უპირობო და მთავარი წინაპირობაა დეკანოზის უკანონო პატიმრობიდან/ტყვეობიდან გათავისუფლება/გამოხსნა. ის უნდა გამოვიდეს ციხიდან და დანარჩენი გაირჩეს ეკლესიის შიგნით. დანარჩენში ვგულისხმობ მორალისა და ეთიკის საკითხებს, რისი საზოგადოებაში გადმოღვრის დიდი ცდუნება შეიმჩნევა ცალკეული (და უკვე ბევრი) საეკლესიო თუ საერო პირების მხრიდან.

რაც შეეხება დანაშაულის ნიშნების შემცველ ქონების მითვისება-გაფლანგვის საკითხებს – დიდი ხანია, დადგა დრო, საზოგადოებამ იცოდეს, მისი ჯიბიდან გადახდილი ყოველწლიური საეკლესიო დაფინანსება 25 მილიონის ოდენობით, მის საკუთრებაში მყოფი და ეკლესიისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ასიათასობით ჰექტარი მიწები და უზარმაზარი შენობები სად და რა მიზნით მიემართება და იხარჯება. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ პირველი სრულიად შიდა საეკლესიო საკითხია და მისი საზოგადოებრივი განხილვა არ წარმოადგენს ლეგიტიმურ ინტერესს, მეორე მიმაჩნია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხად და მისი განხილვა – ლეგიტიმურად”, – ამბობს ნიკა გვარამია. 


  • დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას ბრალად პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის მკვლელობის მცდელობა დაუმტკიცდა.
  • დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.
  • პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
  • მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.
  • 2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
  • მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
  • საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.
  • თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.
  • დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

მასალების გადაბეჭდვის წესი