მინისტრი ყარაბაღიდან ცხინვალს სტუმრობს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები, დიმიტრი მედოევი და მასის მაილიანი ერთმანეთს ცხინვალში შეხვდნენ. მინისტრს ყარაბაღიდან დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც შეხვდა.

ოსური მედიის ცნობით, ორივე მხარის საგარეო უწყებებმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელიც მედიის ინფორმაციითვე, შეთანხმება ითვალისწიებს სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნასაც.

“სამხრეთ ოსეთი და არწახი – ორი რესპუბლიკაა, რომელთაც ძალიან სერიოზული გამოცდის გავლა მოუწიათ, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნების უახლეს ისტორიაში ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს ისტორიული კუთხით და დიდად ვაფასებთ ჩევნს ურთიერთობებს”.

“უსაფრთხოების საკითხი ჩვენთვის ჯერ არ არის დახურული. ამ კუთხით სამხრეთ ოსეთი, თუკი რუსეთთან თქვენს კავშირებს გავითვალისწინებთ, უფრო კეთილსაიმედო ვითარებაში იმყოფება. ყველა სირთულის მიუხედავად, ბლოკადის პირობებში ვცდილობთ სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ეკონომიკა განვავითაროთ”, – განაცხადა მასის მაილიანმა, მთიანი ყარაბაღის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცხინვალში ყარაბაღის დელეგაციის ვიზიტი 21 თებერვლამდე გაგრძელდება.


აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი